Страницы

სურა 13 „რაღდ“

„რაღდ“ ქუხილი;  მექური, 43 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1 ელიფ. ლამ. მიმ. რა; ეს აიათებია წიგნისა, რომელიც შენი ღმერთისგან შენზე მოვლენილი ჭეშმარიტებაა. მაგრამ ხალხის უმეტესი არ ირწმუნებენ.

2. იგია ალლაჰი, რომელმაც აღმართა ცანი უხილავი სვეტების გარეშე, შემდეგ არშზე ამაღლდა და დაიმორჩილა მზე და მთვარე. თითოეული მოძრაობს (თავის ორბიტაზე) დათქმულ ვადამდე (ქვეყნიერების აღსასრულამდე). იგი განაგებს საქმეებს, განმარტავს აიათებს, ეგების თქვენ თქვენსავე ღმერთთან წარსდგომა ირწმუნოთ!

3 და იგია, რომელმაც განავრცო მიწა, მასზე დაადგინა მთები და მდინარეები. ყოველი სახეობის ნაყოფი გააჩინა წყვილებად, იგი მოსავს დღეს ღამით. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია გულისხმიერ ხალხთათვის.

4 დედამიწაზე ნაკვეთებია ერთმანეთის მეზობლად განლაგებული: ზვრები, ნათესები, ხურმის ხეები, ტოტებიანი და უტოტო. ყოველივე ერთი წყლით ირწყვება. მაგრამ ჩვენ მათ ერთიმეორეზედ უკეთეს გემოს ვუდგენთ. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია გონიერ ხალხთათვის.

5 და თუ გაოცებს (რომ ცრუდ გრაცხავენ), სწორედ მათი სიტყვები უნდა გაოცებდეს: „განა, როცა მიწად ვიქცევით, ნუთუ თავიდანვე უნდა გავცოცხლდეთო?“ სწორედ ეგენი არიან, რომლთაც უარყვეს თავიანთი ღმერთი, რომელთაც კისრებზე ჯაჭვები ექნებათ ჩამობმული, და სწორედ ისინი არიან ცეცხლის მკვიდრნი, სადაც სამუდამოდ დარჩებიან!

6 და ისინი შენ გაჩქარებენ სიავეს სიკეთეზე წინ, არადა განვლო მათ უწინ სამაგალითო სასჯელებმა. ღმერთი შენი კი ადამიანთათვის, მათი უსამართლობის მიუხედავად, მიმტევებელია. და შენი ღმერთის სასჯელი მკაცრია!

7 და ამბობენ, რომელთაც უარყვეს: „განა არ უნდა მოვლენოდა მას (მუჰამმედს) მისი ღმერთისგან სასწაული?“ შენ ხომ მხოლოდ შემგონებელი ხარ! და ყოველ ხალხს მოევლინა ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი.

8 ალლაჰი უწყის, რას ატარებს თითოეული მდედრი, და რას იკლებს საშვილოსნო და რას იმატებს. და ყოველივე მის წინაშე კანონზომიერებითაა.

9 იგი უწყის იდუმალსაც და ცხადსაც. იგია დიდებული, უზენაესი!

10 სულერთია (ალლაჰისთვის), თქვენგან ვინ ფარავს სიტყვას და ვინ აცხადებს, და ის, ვინც ღამეში იმალება და ჩნდება დღისით.

11 მას (ადამიანს) მიჩენილნი ჰყავს წინიდან და უკნიდან მეთვალყურენი (მოდარაჯე ანგელოზები), იცავენ მას ალლაჰის ბრძანებით. ჭეშმარიტად, ალლაჰი არ შეცვლის ხალხის მდგომარეობას, სანამ თავად ხალხი არ შეიცვლება. და თუ ინება ალლაჰმა ვნება ხალხისა, მაშ, ვერავინ შეაკავებს მას, და მის გარდა, არავინ ჰყავთ მათ დამცველი.

12 იგია, რომელიც განახებთ ელვას დასაშინებლად და დასაიმედებლად, და ადგენს მძიმე ღრუბლებს.

13 და ქუხილი ქება-დიდებით განადიდებს მას და ანგელოზნიც მისი შიშით. და ავლენს იგი მეხთ და აწვნევს იმას, ინებებს ვისაც. და ისინი დაობენ ალლაჰის შესახებ. და იგია მკაცრსასჯელიანი!

14 ჭეშმარიტი ვედრება მხოლოდ მას ეკუთვნის. და რომელნიც შესთხოვენ მის ნაცვლად (კერპებს), რომლებიც ვერაფერს შეისმენენ მათსას, მხოლოდ მსგავსია იმისა, ვინც პეშვს წყლისკენ იწვდის, რათა პირს მიიწვდინოს [წამოდგეს ჭა და პირს მისწვდეს], მაგრამ იგი (წყალი) არასდროს მისწვდება მას [ასევე კერპები ვერაფერს უპასუხებენ და შეისმენენ] და მეტი არაფერია ურწმუნოთა ვედრება, გარდა ცდომილებისა.

15 და სეჯდეს აღასრულებენ ალლაჰისთვის, რაცაა ცათა შინა და დედამიწასა ზედა, ნებით (ცაში ანგელოზები და დედამიწაზე მორწმუნენი) თუ უნებლიეთ (ურწმუნონი, როცა გასაჭირში ვარდებიან), და ჩრდილნი თვისნი დილით და საღამოს.

16 ჰკითხე: „ვინ არის ღმერთი ცათა და მიწის?“ (თუ არ იქნება მათგან პასუხი) უპასუხე: „ალლაჰია!“ უთხარი: „განა დაიდგინეთ მის გარდა მფარველები (კერპები), რომელთაც არ ძალუძთ არგონ ან ავნონ საკუთარ თავსაც კი?“ უთხარი: „განა, თანასწორია ბრმა და მხედველი (ურწმუნო და მორწმუნე) ან წყვდიადნი და ნათელი (ურწმუნოება და რწმენა)?“ ნუთუ დაუდგინეს ალლაჰს თანაზიარნი, რომელთაც ალლაჰის გაჩენის მსგავსად გააჩინეს რაიმე და ეს გაჩენა მათ მსგავსი მოეჩვენათ? უთხარი: „ალლაჰია გამჩენი ყოველივესი (მას არავინ ჰყავს მოზიარე გაჩენაში და ასევე თაყვანისცემა მხოლოდ მას ეკუთვნის), და იგი ერთადერთია, ძლევამოსილია!“

17 გარდმოავლინა ზეციდან წყალი, ასრეთ გადმოიღვარა მდინარეები თავისივე განსაზღვრული ზომიერებიდან, და წაიღო ნიაღვარმა ზემოდან მოცმული ქაფი. და რასაც, საჭიროებისამებრ, ადნობენ ცეცხლზე, სამკაულის ან ჭურჭლის გასაკეთებლად, მსგავსია მისი [წყლის ქაფისა, და იგი, წყლის ქაფი სიბინძურეა, რომელიც წყლის ზემოდან ამოდის და იკარგება. ასეთივეა იმ ნივთიერებებზე მოცმული ქაფი, რომელიც გადადნობისას იკარგება]. აი, ასე მოჰყავს ალლაჰს ჭეშმარიტისა და ფუჭის მაგალითი. თუმცაღა ქაფი გაქარწყლდება და გაიფანტება, ხოლო რასაც სარგებელი მოაქვს ადამიანისთვის (წყალი და წიაღისეული), ასეთნაირად რჩება დედამიწაზე. აი, ასე განმარტავს ალლაჰი იგავებს.

18 მათთვისაა სიკეთე (სამოთხე), რომელთაც ყური უგდეს თავიანთი ღმერთის ბრძანებებს. ხოლო რომელთაც სასმენელი არ მიაპყრეს მას, რომ მათი ყოფილიყო ყველაფერი, რაც დედამიწაზეა ან კიდევ ერთი იმდენიც, რომელსაც, უსათუოდ გამოსასყიდად გაიღებდნენ (რათა თავი დაეხსნათ სასჯელისგან), აი მათთვისაა ავი ანგარიშგება და მათი თავშესაფარი ჯოჯოხეთია; და რა საშინელი სარეცელია!

19 განა, ვინც უწყის, რომ შენი ღმერთისგან შენზე გარდმოვლენილი ჭეშმარიტებაა, თანასწორია იგი ბრმისა? მაგრამ ამას მხოლოდ გონიერნი განსჯიან,

20 რომელნიც აღასრულებენ ალლაჰის აღთქმას და არ დაარღვევენ პირობას.

21 და რომელნიც პატივს აგებენ იმას, რისი პატივისცემაც უბრძანა ალლაჰმა, და ეშინიათ თავიანთი ღმერთისა და ავ ანგარიშგებას შიშობენ.
-----
[რომლებიც ჭეშმარიტ გზაზე დგანან და არ განარჩევენ არც ერთ შუამავალს, ირწმუნებენ განურჩევლად ყველას; ნათესაურ კავშირს გაამყარებენ და დაიცავენ ადამიანთა უფლებებს, ყოველთვის სიკეთეს უბრძანებენ და ავს აუკრძალავენ.]

22 და რომელთაც მოითმინეს თავიანთი ღმერთის კმაყოფილების სურვილით (იმედით) და აღავლინეს ლოცვა, და გასცემენ ფარულად თუ აშკარად მოწყალებას იმისგან, რაც ვუბოძეთ და სდევნიან სიკეთით ბოროტებას, აი ეგენი, რომელთაც ჰპოვეს საუკეთესო შედეგი სამყოფელისა!

23 ედემის ბაღები, სადაც შევლენ ეგენი და ვინც ღვთისმოსავი იყო: მათი მამები, მათი მეუღლეები და მათი შთამომავალნი და ანგელოზები შედიან მათთან ყველა კარიბჭიდან (მისასალმებლად):

24 „სალამი თქვენდა იმის გამო, რომ მოითმინეთ!“ და რა მშვენიერია უკანასკნელი სამკვიდრო!

25 და რომელნიც არღვევენ ალლაჰისადმი აღთქმას, მისი განმტკიცების შემდგომ, და წყვეტენ იმას, რაზეც უბრძანა ალლაჰმა, რომ დაეცვათ, და თესავენ სიავეს დედამიწაზე, აი ეგენი, რომელთაც წყევლა იწვნიეს და მათთვისაა ავი სამყოფელი!

26 ალლაჰი შეუმცირებს და უხვად უბოძებს სარჩოს, ინებებს ვისაც. და ტკბებიან ისინი ამქვეყნიური ცხოვრებით, თუმცაღა არაფერია მიწიერი სიცოცხლე, იმქვეყნიურ სიცოცხლესთან შედარებით, გარდა მცირედი სარგებელისა.

27 და ამბობენ, რომელთაც უარყვეს: „ეგებ, ერთი სასწაული მაინც გარდმოვლენოდა მას თავისი ღმერთისგან!“ უთხარი: „ალლაჰი ააცდენს ჭეშმარიტ გზას, ინებებს ვისაც და ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს იმას, ვინც მისკენ მიიქცევა!

28 რომელთაც ირწმუნეს, ალლაჰის ხსენებით იჯერეს გულნი მათნი. დიახ, მხოლოდ ალლაჰის ხსენებით ჰპოვებს გულნი სიმშვიდეს!

29 რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მათთვისაა ნეტარება და საუკეთესო თავშესაფარი!

30 ამგვარად, შენ წარგგზავნეთ ხალხთან, რომელთა უწინ განვლეს თემებმა, რათა უკითხო მათ, რაც შთაგაგონეთ შენ (ყურანი). უთხარი: „იგია ღმერთი ჩემი. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი და მე მას მივენდე. და მასთანაა ჩემი მისაქციელი.“

31 და აი, ასეთი ყურანიც რომ ყოფილიყო, გადაადგილებულიყო მისით მთები, ან მისით გაპობილიყო მიწა, ანდა მისით მკვდრებს მეტყველება დაეწყოთ (მაინც არ ირწმუნებდნენ); მაგრამ ყოველი საქმე ალლაჰს ეკუთვნის. ნუთუ ჯერ კიდევ ვერ შეიგნეს, რომელთაც ირწმუნეს, ალლაჰს რომ ენება, უთუოდ, ყველა ადამიანს ჭეშმარიტ გზაზე დაადგენდა. და ვერ აიცილებენ, რომელთაც უარყვეს, უბედურებას დაატეხავს მათი ნამოქმედარის გამო, და მათივე სახლ-კარის ახლომახლო ჩამოწვება მანამ, ვიდრე არ აღსრულდება ალლაჰის აღთქმა. ჭეშმარიტად, ალლაჰი არ შეცვლის აღთქმას!

32 და ვფიცავ! შენზე უწინაც დასცინოდნენ შუამავალთ, მაშინ გადავუვადე მათ, რომელთაც უარყვეს, მერე შევიპყარით ისინი. მაშინ როგორი იყო ჩემი სასჯელი?

33 განა შეიძლება უარყოფა მისი, ვინც ფლობს ყოველივე სულმა რაც მოიხვეჭა? ამის მიუხედავად, მათ დაუდგინეს ალლაჰს თანაზიარნი. უთხარი: „არქვით მათ სახელები! ნუთუ მას (ალლაჰს) ამცნობთ, რაც მან არ იცის, თუ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვაა?“ დიახ! რომელთაც უარყვეს, მოეკაზმათ თავიანთი მზაკვრობა და აცდნენ გზას. ხოლო ალლაჰი, ვისაც ცდომილებაში დატოვებს, უკვე აღარ მოეძებნება მას ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი.

34 მათთვისაა სასჯელი ამქვეყნიურ ცხოვრებაში და საზარელი სასჯელი იმქვეყნად. და არ არის მათთვის მფარველი ალლაჰისგან.

35 აი, ასეთია სამოთხე, აღთქმული ღვთისმოშიშთათვის, რომლის ძირს მდინარეები მოედინება; მარადიულია სამოთხის საზრდო ისევე, როგორც მისი ჩერო. აი, ასეთია შედეგი, რომელნიც ღვთისმოშიშნი იყვნენ, ხოლო ურწმუნოთა აღსასრული ცეცხლია!

36 და ისინი, რომელთაც ვუბოძეთ წიგნი, ხარობენ იმით, რაც შენ გარდმოგევლინა. მაგრამ მათ შორის არიან ისეთნიც, ვინც უარყოფს მის ნაწილს. უთხარი: „მხოლოდ მებრძანა, რომ თაყვანი ვსცე ალლაჰს და არ დავუდგინო თანაზიარი მას. მოვუხმობ მისკენ და მასთანაა ჩემი მისაქციელი!“

37 ამგვარად გარდმოვავლინეთ იგი (ყურანი) სიბრძნედ და კანონად არაბულ ენაზე. და თუ აჰყვები მათ მიწიერ სურვილებს მას შემდეგ, რაც ცოდნა გებოძა, აღარ გეყოლება შენ მფარველი და შემწე ალლაჰის წინაშე!

38 და ვფიცავ, ჩვენ წარმოვგზავნეთ შუამავალნი შენამდე, ვუბოძეთ მათ ცოლები და შვილები (და შენც გიბოძეთ, მათ მსგავსად). და არ ყოფილა რომელიმე შუამავალი (თქვენს შორის), რომ მოეტანა აიათი, თუ არა ალლაჰის ნება. ყოველი დროისთვის წიგნი არსებობს.

39 და ცვლის ალლაჰი (მისგან) და დააკანონებს იმას, ინებებს რასაც. და წიგნის არსი (მთავარი წიგნი) მასთანაა.
-----
[წიგნის დედანი, რომელიც დაიწერა და რომელიც არ შეიცვლება – ლევჰი მაჰფუზი.]

40 და თუ შენ მოგასწავებთ ნაწილს, რომელსაც აღვუთქვავთ იმათ (მოვუვლეენთ სასჯელს შენს სიცოცხლეში), ან მოგაკვდინებთ შენ (მანამდე, სანამ მათ დავატეხთ სასჯელს), შენი ვალია მხოლოდ ამცნო, ჩვენი კი – ანგარიშგება.

41 ნუთუ ვერ ხედავენ, როგორ მოვდივართ (როგორ მოევლინება ჩვენი ძალაუფლება) მიწაზე და მას (დედამიწას) ვამცირებთ კიდეებიდან? ალლაჰი განსჯის და ვერც ვერავინ აღუდგება მის განსჯას. და იგი ფიცხი ანგარიშმგებია!
-----
[„ვამცირებთ კიდეებიდან“ — სხვადასხვანაირი შეხედულება არსებობს: 1. ეს არის მუსლიმების გამარჯვება და მიწების აღება, ამას ეთანხმება ტაბერი და იბნ ქესერი. 2. ეს არის დედამიწაზე არსებული ნივთებისა და ადამიანების აღგვა. 3. იმ მიდამოების განადგურება, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ.]

42 და იმზაკვრეს, რომელნიც იყვნენ მათ უწინ. თუმცაღა ყველა მზაკვრობა ალლაჰისაა. იგი უწყის, რას იხვეჭს ყოველი სული. და სულ მალე გაიგებენ ურწმუნონი, თუ ვისია მარადიული სამყოფელი.

43 და გეუბნებიან, რომელთაც უარყვეს: „შენ არა ხარ შუამავალი.“ უთხარი: „მოწმედ ალლაჰი კმარა ჩემსა და თქვენს შორის, და ვისთანაც წიგნის ცოდნაა [ქრისტიანები და იუდეველები, რომლებმაც აღიარეს მუჰამმედ შუამავალი იმ დროისათვის].“