Страницы

სურა 80 „აბესე“

„აბესე“ — მოიღუშა, წარბი შეკრა;  მექური, 42 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1 მოიქუფრა და სახე შეაქცია,

2 რადგან ბრმა მოვიდა მასთან.

3 უნდა რამ გამცნოს შენ: ეგებ განწმენდა სურს მას,

4 ან მიიღოს შეგონება და უშველოს შეგონებამ მას?!

5 მაგრამ ვისაც შეგონება არ ესაჭიროება [ვინც თვლის თავის თავს მდიდრად და ამბობს, რომ არავინ სჭირდება],

6 თუმცაღა შენ მიილტვი მისკენ,

7 და არაა ვალი შენი, განიწმინდება თუ არ იგი!

8 მაგრამ ვინც მოგეახლოს წადილით

9 და შიშობს ღმერთისგან იგი,

10 მაგრამ შენ არ აქცევ ყურადღებას მას!

11 არა! ჭეშმარიტად, იგია შეგონება (წმინდა ყურანი)!

12 და ვინც ინებებს, შეიგონებს იგი!

13 იგი (ყურანი) ფურცლებშია ღირსეულში

14 ამაღლებული, წმინდა,

15 მწერალთა ხელით (დაწერილი)

16 ღირსეულთა, უბიწოთა.

17 წყეულიმც იყოს (ურწმუნო) ადამიანი! რა უმადურია იგი!

18 (ალლაჰმა) რისგან გააჩინა იგი?

19 გააჩინა ერთი წვეთი წყლისგან იგი და თანაზომიერება უბოძა მას,

20 მერე გზა გაუადვილა,

21 მერე სული ააცალა და ასე დამარხა საფლავად იგი.

22 შემდეგ, როცა ინებებს, აღადგენს მას!

23 არა, არ შეასრულა რაც უბრძანა მას!

24 მაშ, თვალი მიაპყროს ადამიანმა თავის საკვებს!

25 ჭეშმარიტად, ჩვენ წვიმა უხვად გავაწვიმეთ,

26 მერე მიწა (ავაფუეთ) ნაპრალ-ნაპრალ გავაპეთ,

27 და აღმოვაცენეთ მასზე მარცვალი,

28 ვაზი და სამყურა,

29 ზეთისხილი და ფინიკი,

30 და ბაღები ხშირი,

31 ხილეული და ბალახები,

32 სარგებლად თქვენთვის და თქვენი საქონლისთვის!

33 მაგრამ როცა მოევლინება თავზარდამცემი ხმა,

34 იმ დღეს გაიქცევა ადამიანი ღვიძლი ძმისგან,

35 დედისგან, მამისგან,

36 მეუღლისგან და შვილებისგან!

37 იმ დღეს ყოველ მათგანს თავისი საზრუნავი ექნება!

38 იმ დღეს ნათელმოფენილი სახენი იქნება,

39 გაცინებული, მომღიმარი!

40 იმ დღეს მტვერში გახვეული სახენი იქნება,

41 მას სიბნელე გადაეკვრება!

42 აი, უარმყოფელნი და გზასამცდარნი ეგენი!