Страницы

სურა 30 „რუმ“

„რუმ“ — რომაელები;  მექური, 60 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1. ელიფ. ლამ. მიმ.

2. დამარცხდა რომი

3. უახლოეს (უმდაბლეს) მიწაზე. მაგრამ ისინი (რომაელები) დამარცხების შემდგომ, უთუოდ, სძლევენ (სპარსელებს),

4. რამდენიმე წელიწადში! [არაბული სიტყვა بِضْعِ "რამდენიმე", ნიშნავს პერიოდს 3-დან 9 წლის ჩათვლით]. ალლაჰისაა მბრძანებლობა ამათზე წინაც და ამის შემდგომაც! ამ დღეს მორწმუნენი გაიხარებენ,

5. ალლაჰის შეწევნით. იგი შეეწევა იმას, ინებებს ვისაც. რამეთუ იგია ძლევამოსილი, მწყალობელი!
-----
[მოცემული აიათები დაახლოებით 620 წელს იქნა მოვლენილი მაშინ, როცა ქრისტიანი ბიზანტიელების (რომაელების), კერპთაყვანისმცემელ სპარსელებთან დამარცხების შემდეგ 7 წელი იყო გასული. აიათებში ნაბრძანებია, რომ სულ მალე (9 წელიწადის განმავლობაში) ბიზანტიელები ისევ გაიმარჯვებდნენ. არადა იმ დროს ბიზანტიელებმა ისეთი დიდი დანაკარგი განიცადეს, რომ გამარჯვება კი არა, ფეხზე დგომა და არსებობის გაგრძელებაც შეუძლებელი ჩანდა. სპარსელების გარდა ავარებიც და სლავებიც დიდ საფრთხეს უქმნიდნენ ბიზანტიის იმპერიას. ავარებმა სტამბოლამდე მიაღწიეს, ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლიუსმა ბრძანა გადაედნოთ ტაძრებში არსებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობანი და ფული მოეჭრათ, რათა საომარი სამზადისისათვის და ჯარის შენახვისათვის ბევრი ფული იყო საჭირო. ბიზანტიის შემადგენლობაში შემავალი ბევრი ქვეყნის მეფე თუ რეგიონის მმართველი აჯანყდა და ყველა მათგანი იმპერიის დაშლას უცდიდა. ადრე ბიზანტიის შემადგენლობაში მყოფი მესოპოტამია, სირია, პალესტინა, ეგვიპტე და სომხეთი, სპარსელების მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. მოკლედ, ყველა ბიზანტიის განადგურების მოლოდინში იყო... მაგრამ ყურანში ნათქვამი იყო, რომ 9 წლის გასვლამდე ბიზანტია ისევ გაიმარჯვებდა. სურა "რუმ"-ის პირველი აიათების მოვლინებიდან, დაახლოებით 7 წელი იყო გასული, 627 წლის იანვარში ბიზანტიელებსა და სპარსელებს შორის დიდი ბრძოლები გაიმართა. ამჯერად ბიზანტიელებმა სასტიკად დაამარცხეს სპარსელები, რამდენიმე თვეში კი სპარსელები იძულებული გახდნენ ხელი მოეწერათ ზავისთვის, რომლის თანახმადაც ყველა წართმეულ ტერიტორიას უკან დაუბრუნებდნენ ბიზანტიელებს. ამრიგად, "რუმ"-ის სურაში გადმოცემული ეს წინასწარმეტყველება სასწაულებრივად ახდა... ამასთან ერთად, მე-3 აიათი შეიცავს ერთ-ერთ გეოგრაფიულ ჭეშმარიტებას, სადაც ნათქვამია, რომ ბიზანტიელებმა დედამიწის ყველაზე დაბალ ადგილას იწვნიეს მარცხი. არაბულად "Adna Al-Ardi" ზოგიერთ განმარტებაში "მახლობელი ადგილი", ასეც არის განმარტებული, მაგრამ ეს მისი ორიგინალური მნიშვნელობა კი არა, ხატოვანი განმარტებაა. "Adna" წარმოებულია სიტყვა "Dan"-ისგან, რომელიც დაბალს ნიშნავს, ხოლო "Adna" ყველაზე დაბალს, უმდაბლესს ნიშნავს, აქედან გამომდინარე "Adna Al-Ardi" დედამიწის ყველაზე დაბალ ადგილს ნიშნავს. ბიზანტიელებსა და სპარსებს შორის ომი მართლაც დედამიწის ყველაზე დაბალ ადგილას მოხდა, ეს ადგილი სირიის, პალესტინის და იორდანიის საზღვრების შეერთების ადგილი – წითელი ზღვის აუზია. ეს ადგილი კი ზღვის დონიდან –395 მეტრით დაბლა მდებარეობს, რომელიც დღეს დედამიწის ყველაზე დაბალ ადგილადაა ცნობილი. აქ მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ ამ ადგილის სიმაღლის განსაზღვრა თანამედროვე ხელსაწყოების მეშვეობით გახდა შესაძლებელი, მანამდე კი შეუძლებელი იყო ვინმეს სცოდნოდა, რომ ეს ადგილი დედამიწის ყველაზე დაბლა მდებარეობდა. ყურანში კი ნათლადაა მითითებული, რომ ბიზანტიელები დედამიწის ყველაზე დაბალ ადგილას დამარცხდნენ.]

6. ესაა ალლაჰის აღთქმა, არ შეცვლის ალლაჰი თავის აღთქმას, მაგრამ არ უწყიან ხალხის უმრავლესობამ!
-----
[ეს აიათები მაშინ იქნა მოვლენილი, როცა მექას წარმართებმა გაიხარეს სპარსელების გამარჯვებით (რადგან, რომაელებიც "წიგნის მფლობელნი" იყვნენ) და უთხრეს მუსლიმებს: „ჩვენც ისევე გავიმარჯვებთ თქვენზე, როგორც სპარსელებმა გაიმარჯვეს რომაელებზეო.“]

7. მათ იციან მხოლოდ ცხადი ამა სოფლისა და არაფერს უწყიან საიქიოს შესახებ.

8. ნუთუ არ დაფიქრდებიან საკუთარ თავზე? რომ ალლაჰს არ გაუჩენია ცანი და მიწა და ის, რაც მათ შორისაა, თუ არა ჭეშმარიტებისთვის და მხოლოდ განსაზღრული ვადით. მაგრამ ხალხთაგან მრავალი თავიანთ ღმერთთან შეხვედრის, დიახაც, უარმყოფელნი არიან.

9. ნუთუ არ უმოგზაურიათ მათ ქვეყანაზე და არ უნახავთ როგორი იყო აღსასრული მათი, რომელნიც მათ უწინ იყვნენ? ისინი მათზე ძლიერნი იყვნენ. ამუშავებდნენ მიწას და კეთილაწყობდნენ მათზე უკეთ. და მივიდნენ მათთან შუამავალნი ცხადი მტკიცებებით. ალლაჰი არ ყოფილა უსამართლო მათ მიმართ, ისინი თავად მოექცნენ უსამართლოდ საკუთარ სულთ!

10. და ბოლოს, ალლაჰის აიათების ცრუდ შერაცხვით და მისი აბუჩად აგდებით სიავის ჩამდენთა აღსასრული საზარელი აღმოჩნდა!

11. ალლაჰი პირველად გააჩენს და მერე აღადგენს მას. ამის მერე მასთან იქნებით მიბრუნებულნი!

12. იმ დღეს, როცა დადგება ჟამი, ცოდვილნი უიმედოდ დაეცემიან.

13. და არ შეეწევიან მათ თავიანთი თანამოზიარენი, ისინი ისედაც განუდგებიან თავიანთ თანამოზიარენს!

14. და დღეს, როცა დადგება ჟამი, გაიყოფიან იმ დღეს ისინი ერთმანეთისგან!

15. ისინი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, სამოთხის ბაღებში გახარებულნი იქნებიან!

16. ხოლო ისინი, რომელთაც უარყვეს ჩვენი აიათები და საიქიოსთან შეხვედრა ცრუდ შერაცხეს, მოყვანილ იქნებიან სასჯელის მისაგებად!

17. მაშ, ადიდეთ ალლაჰი როცა მოსაღამოვდება და გარიჟრაჟისას, (აღავლინეთ ლოცვა საღამოს და დილას)

18. დღის ბოლოს და შუადღისას! და მას ეკუთვნის ქება-დიდება ცათა შინა და ქვეყანასა ზედა!

19. მას გამოჰყავს ცოცხალი მკვდრისგან და გამოჰყავს მკვდარი ცოცხლისგან. ის აცოცხლებს მიწას მისი სიკვდილის მერე და ამგვარად აღმოცენდებით.

20. და მის სასწაულებს განეკუთვნება ის, რომ მიწიდან გაგაჩინათ, შემდგომ შეიქმენით კაცობრიობად და გაიფანტეთ.

21. მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ თქვენგანვე გააჩინა თქვენი მეწყვილე, რათა იპოვოთ მასში სიმშვიდე, დაგიდგინათ ერთმანეთში სიყვარული და მოწყალება. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია მოაზროვნე ხალხთათვის!

22. და მისი სასწაულებიდანაა ცათა და მიწის გაჩენა, თქვენი ენების და ფერის სხვადასხვაობაც. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია მცოდნეთათვის!

23. მისი სასწაულებიდანაა თქვენი ძილი ღამით და დღისით, და თქვენგან მისი მადლის ძიებაც. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია შემსმენ ხალხთათვის!

24. მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ გაჩვენებთ იგი ელვას, რომელიც განგაცდევინებთ შიშსა და იმედს, აგრეთვე ის, რომ ზეციდან ავლენს წვიმას, რათა გაცოცხლდეს მისით მკვდარი მიწა. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია გონიერ ხალხთათვის!

25. მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ დგას ცანი და მიწა მისი ბრძანებით. მერე თქვენ, ერთი მოხმობით, უმალ გამოხვალთ (სამარეებიდან).

26. მას ეკუთვნის ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ყველა მას ჰმორჩილებს!

27. და იგია, რომელიც გააჩენს პირველად და მერე აღადგენს მას. და ეს იოლზე იოლია მისთვის. მას ეკუთვნის ზეუმაღლესი თვისებები ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, რამეთუ იგია ძლევამოსილი, ბრძენი!

28. მან მოგიყვანათ იგავი თქვენზევე. არიან კი ისინი, ვინც თქვენმა მარჯვენამ მოიპოვა თანაზიარნი იმის, რაც ჩვენ მოგმადლეთ თქვენ, აქვთ კი მათ ისეთივე უფლებები ამაზე და უფრთხილდებით ამათ ისევე, როგორც საკუთარ თავს? ასე ცხადვჰყოფთ ჩვენს აიათებს გონიერ ხალხთათვის!

29. მაგრამ აჰყვნენ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, თავიანთ სურვილებს ყოველგვარი ცოდნის გარეშე. ვინ წარმართავს სწორი გზით იმათ, ვინც ალლაჰმა ააცდინა სწორი გზიდან? და არ მოეძებნებათ მათ შემწენი!

30. მაშ, მოაქციე შენი სახე ერთმორწმუნე სარწმუნოებისკენ, ალლაჰმა ასეთი თვისება თანდააყოლა ადამიანს დაბადებიდანვე. ღმერთის გაჩენილს შეცვლა არ უწერია. ეს არის ჭეშმარიტი რელიგია, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა არ უწყის!

31. სინანულით მოცულნი და მოკრძალებულნი, აღავლინეთ ლოცვა ჭეშმარიტად და არ იყოთ წარმართთაგან,

32. იმათ გვარად, რომელთაც განხეთქილება შეიტანეს თავიანთ სარწმუნოებაში და დაიყვნენ სექტებად, და ყოველი მათგანი ხარობს იმით, რაც გააჩნია!

33. და როცა ხალხს შეეხება ავი, შეევედრებიან თავიანთ ღმერთს სინანულით, შემდეგ როცა აგემებს წყალობას მისსა, მათგან ნაწილი თანაზიარს უდგენენ ღმერთსა თვისსა,

34. რათა უმადურობა ჰქნან იმის მიმართ, რაც ვუბოძეთ. მაშ, გაერთეთ და სულ მალე შეიტყობთ!...

35. განა ზეგარდმოვუვლინეთ მტკიცებანი, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ თანაზიარი დაუდგინონ?

36. და როცა ვაგემებთ ხალხს წყალობას, ხარობენ მისით. და თუ ეწევათ უბედურება იმისათვის, რაც მათმა ხელებმა წაიმძღვარეს, მაშინვე იმედი ეწურებათ.

37. განა ვერ ხედავენ, რომ ალლაჰი უხვ სარჩოს უბოძებს ან უმცირებს იმას, ინებებს ვისაც? ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია მორწმუნე ხალხთათვის!

38. მაშ, მიეცი ნათესავს მისთვის კანონით განკუთვნილი, ასევე ღატაკს და მოგზაურს. ეს უკეთესია იმათთვის, რომელთაც სურთ დაეწაფონ ალლაჰის წყალობას. და სწორედ ისინი არიან ნეტარნი!

39. ხალხის ქონებიდან მონაგარისთვის, ყოველგვარ პროცენტად მიცემული, სარგებელს არ მოიტანს ალლაჰის წინაშე. ხოლო ყოველი გაცემული სავალდებულო მოწყალება, წადილით ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად, გაგიორმაგდებათ!

40. იგია ალლაჰი, რომელმაც გაგაჩინა თქვენ, მერე კი სარჩო გიბოძათ. მერე მოგაკვდინებთ და მერე გაგაცოცხლებთ. განა თქვენ თანაზიართაგან არის ვინმე ისეთი, რომელსაც რამე ამდაგვარი გაუკეთებია? ქება-დიდება მას და იგი დიადია იმაზე, რასაც ზიარუქმნიან!

41. გამოიკვეთა უკეთურება ხმელეთზე და ზღვაში იმის გამო, რაც მოიხვეჭეს ადამიანთა ხელებმა, რათა აწიოს მათ ნაწილი იმისა, რაც ჩაიდინეს, ეგების უკუმოიქცნენ!

42. უთხარი: „იმოგზაურეთ ქვეყანაზე და ნახეთ, როგორი იყო აღსასრული მათი, რომელნიც თქვენზე უწინ იყვნენ. უმრავლესობა მათგან წარმართი იყო!“

43. მაშ, მიაპყარი სახე შენი ჭეშმარიტი რწმენისკენ, ვიდრე დადგებოდეს დღე, რომლის (გადაწყვეტილების) დაბრუნება შეუძლებელია ალლაჰისგან! იმ დღეს დაიყოფებიან ჯგუფებად.

44. ვინც უარყო, უარყოფის (პასუხისმგებლობას) აუცილებლად იტვირთავს. ხოლო ვინც ჰქმნა სიკეთე, თავიანთ სულთა სასარგებლოდ გაიმზადეს,

45. რამეთუ მიჰმადლოს, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი თავისი მადლისგან. ჭეშმარიტად, მას არ უყვარს ურწმუნონი!

46. და მისი სასწაულებიდანაა ის, რომ აგზავნის ქარებს მახარობლებად, რათა გაგემოთ თავისი წყალობიდან, რომ იცურაონ გემებმა თავისი ბრძანებით და რომ ეძიოთ მისი მადლისგან. ამრიგად, ეგების მადლიერნი იქმნეთ თქვენ!

47. და ვფიცავ, შენამდე მოვავლინეთ შუამავალნი თავიანთი ხალხის წიაღიდან და მოვიდნენ მათთან ცხადი სასწაულებით. ჩვენ მივუზღეთ ცოდვილებს და მორწმუნეების შეწევნა გახდა მოვალეობა ჩვენი!

48. იგია ალლაჰი, რომელიც აგზავნის ქარებს, რათა ზემო აზიდოს ღრუბლები. ამგვარად იგი ფანტავს მათ ცაზე, ინებებს როგორც და ადგენს ნაწილებად. მერე ხედავ, მათი ღარებიდან როგორ მოედინება წვიმა. ხოლო როცა დააპკურებს მას, ინებებს ვისაც, ხარობენ ისინიც,

49. რამეთუ ისინი, სანამ ზეგარდმოევლინებოდათ ის, სასომიხდილნი იყვნენ!

50. მაშ, შეხედე ალლაჰის წყალობის ნიშანწყალს, თუ როგორ აცოცხლებს იგი მიწას, მას მერე რაც ის მოკვდა. ჭეშმარიტად, იგი გააცოცხლებს მკვდრებს და იგი ყოვლისშემძლეა!

51. თუ გამოვგზავნით ქარს და დაინახავენ გაყვითლებულს (ნათესებს) ამის შემდგომ, უთუოდ, უმადურნი შეიქმნებიან.

52. უეჭველად, შენ ვერ შეასმენ მკვდრებს და ვერ გააგონებ ყრუთ მოწოდებას, როცა ზურგს იქცევენ!

53. და შენ ვერ შეძლებ გამოიყვანო ბრმანი გზააბნევიდან. შენ შეასმენ მხოლოდ იმათ, ვისაც სწამს ჩვენი აიათები, რამეთუ მათ ჭეშმარიტებას ჰმორჩილეს!

54. იგია ალლაჰი, რომელმაც გაგაჩინა თქვენ სუსტისგან (სპერმისგან), სისუსტის (ბავშვობის) შემდეგ დაგიდგინათ სიძლიერე და მერე შეგიცვლით ამას სისუსტითა და ჭაღარით. გააჩენს, ინებებს რასაც, რამეთუ იგია ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე!

55. იმ დღეს, როცა დადგება საათი, ცოდვილები მოჰყვებიან ფიცს, რომ დაჰყვეს მხოლოდ ერთი საათი. ასე იყვნენ ცდომილებაში (მთელი მათი სიცოცხლე)!

56. და რომელთაც ებოძათ ცოდნა და რწმენა, ეტყვიან: „ალლაჰის წიგნის შესაბამისად დაჰყავით იქ (ამქვეყნად და სამარეებში) აღდგომის დღემდე. აი, ეს არის აღდგომის დღე, მაგრამ თქვენ არ შეიმეცნეთ!“

57. უკვე იმ დღეს ვერ უშველის მათ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, თავიანთი განცხადებანი და არც მოეთხოვებათ განცხადების გაკეთება!

58. და ვფიცავ, ჩვენ დავადგინეთ ხალხთათვის ამ წიგნში ყოველგვარი იგავი. და თუ შენ წარსდგები მათ წინაშე სასწაულით, უთუოდ, იტყვიან, რომელთაც უარყვეს: „თქვენ მხოლოდ ამაოსმყოფელნი ხართ!“

59. ასრე ასვამს ალლაჰი მათ გულებზე ბეჭედს, რომელთაც რაიმე წილი არ ებოძათ ცოდნისგან.

60. მაშ, იყავით მომთმენი, რამეთუ ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. დაე, რომელნიც მოკლებულნი არიან რწმენას – ცოდნას, – ვერ შეგარყიონ!