Страницы

სურა 7 „ეღრაფ“

„ეღრაფ“ მაღლობები;  მექური, 206 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1 ელიფ, ლამ, მიმ, სად.

2 აი, წიგნი მოვლენილი შენდა, მორწმუნეთა დასარიგებლად და მათ შესაგონებლად. მაშ, იმის გამო (იწამებენ თუ არ იწამებენ) არ ჩაიდო გულში ნაღველი!

3 (უთხარი მათ) გაჰყევით იმას, რაც ზემოგევლინათ თქვენ თქვენი ღმერთისგან და არ დაიდგინოთ მის გარდა მეგობარი. და რაოდენ მწირია თქვენი თვალთახედვა.

4 და რამდენი დასახლება გავანადგურეთ ჩვენ! აჰა, ეწია მათ ჩვენი რისხვა დღისით ან ღამით, როცა ეძინათ.

5 და, როცა ჩვენი რისხვა დაატყდებოდათ, სხვა არღა იყო რა მათი ძახილი, თუ არა მოთქმა: „ჭეშმარიტად, უსამართლონი ვიყავით ჩვენ!“

6 მაშინ, აუცილებლად მოვკითხავთ მათ, რომელთაც შუამავალნი მოევლინათ და აუცილებლად მოვთხოვთ შუამავალთაც (ვინაიდან, ვალდებულნი იყვნენ ხალხისთვის შეეგონებინათ სრულად).

7 და დიახაც, აუცილებლად მოვუყვებით ცოდნით, და არ ვიყავით ჩვენ მიღმა.

8 და იმ დღეს სასწორიც ჭეშმარიტებაა და ვისი ასაწონიც გადაწონის, სწორედ ისინი იქნებიან ნეტარნი.

9 და ვისი ასაწონიც მსუბუქი იქნება, სწორედ ისინი არიან, რომელთაც თავიანთი თავი წაიწყმიდეს იმით, რომ ჩვენ აიათებს უსამართლოდ ეპყრობოდნენ.

10 და ვფიცავ, ჩვენ დაგამკვიდრეთ ქვეყანაზე და ჩვენ დაგიდგინეთ საარსებო. რაოდენ მცირეა თქვენი მადლიერება?!

11 და ვფიცავ, ჩვენ გაგაჩინეთ თქვენ, მერე ჩვენ გამოვსახეთ სახე თქვენი. მერე ვუბრძანეთ ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის!“ და ყველა მათგანმა სეჯდე აღასრულა, ეშმაკის გარდა [რომელიც ანგელოზთაგანი იყო], და სეჯდეს აღმსრულებთაგან არ იყო იგი.

12 უთხრა (ალლაჰმა): „რამ დაგაბრკოლა შენ, რომ არ აღასრულე სეჯდე, როცა მე გიბრძანე?“ მიუგო (ეშმაკმა): „მე მასზე უკეთესი ვარ, მე ცეცხლისგან გამაჩინე, და ის ტალახისგან გააჩინე შენ.“

13 უთხრა: „ჩადი აქედან. აქ არა გაქვს ქედმაღლობის უფლება შენ. ახლავე გადი აქედან! ჭეშმარიტად, დამცრობილი ხარ შენ!“

14 მიუგო: „ვადა გადამიწიე იმ დღემდე, როცა აღდგენილნი იქნებიან ისინი.“

15 უთხრა: „ჭეშმარიტად, ვადაგადაწეულთაგან ხარ შენ“ [საყვირში პირველ ჩაბერვამდე].

16 მიუგო: რაკი ჩემი გზიდან გადაცდენა ინებე, უთუოდ, ჩავუსაფრდები მე მათ შენს სწორ გზაზედ;

17 მერე, უთუოდ, გამოვეცხადები წინიდან და უკნიდან, მარჯვნიდან და მარცხნიდან. და ვერ ჰპოვებ მათგან უმეტესს მადლიერს.
-----
[გადმოცემის თანახმად, ეშმაკს არ ძალუძს ადამიანთან მიახლოება ზემოდან, ვინაიდან, ზემოდან უზენაესი ალლაჰის წყალობით არის დაცული ადამიანი.]

18 უთხრა: „გადი აქედან გაწბილებული და განდევნილი. უთუოდ, მათგან ვინც გამოგყვება შენ, დიახაც, რომ ამოვავსებ სულყველათი ჯოჯოხეთს!“

19 და (უთხრა ალლაჰმა): „ჰეი ადამ! დასახლდით შენ და შენი ცოლი სამოთხეში, აქაური ნაყოფი ჭამეთ (თქვენ ორმა) რამდენიც გენებოთ და სადაც გენებოთ, მაგრამ ამ ხეს არ გაეკაროთ (თქვენ ორმა), რომ არ იქცეთ უსამართლონი!“

20 მაშინ ეშმაკმა ეჭვი ჩაუგდო მათ, რათა ცხადი ექმნა მათთვის, რაც დაფარული იყო სასირცხოთაგან მათთვის და უთხრა: „თქვენმა ღმერთმა მხოლოდ იმიტომ აგიკრძალათ ეს ხე, რომ არ გამხდარიყავით ანგელოზები ან უკვდავები.“

21 და მათ ორივეს შეჰფიცა: „ჭეშმარიტად, თქვენთვის კეთილის მრჩეველი ვარ მე.“

22 და ასე ცდუნებით წარუძღვა იმ ორივეს და როცა მათ გასინჯეს იმ ხიდან, გამოუჩნდათ საკუთარი სარცხვენელი, და დაიწყეს სამოთხის ფოთლების მიკვრა. და მათ მოუხმო თავიანთმა ღმერთმა: „ნუთუ არ ამიკრძალავს თქვენთვის ეს ხე და განა არ მითქვამს თქვენთვის, ჭეშმარიტად, ეშმაკი ცხადი მტერია თქვენი?!“

23 მიუგეს ორივემ: „ღმერთო ჩვენო! უსამართლოდ მოვექეცით საკუთარ თავს და თუ არ მოგვიტევებ და არ შეგვიწყალებ, ჭეშმარიტად, ჩვენ წაგებულთა შორის აღმოვჩნდებით!“

24 უთხრა (ალლაჰმა): „ჩამოდით, მტერნი ხართ ერთურთისა. და თქვენთვისაა მიწაზე საცხოვრებელი და საბადებელი განსაზღვრულ დრომდე.“

25 ბრძანა (ალლაჰმა: ო, ადამიანებო, ჯინებო და ეშმაკებო!): „იქ იცხოვრებთ და იქვე მოკვდებით და იქიდან აღმოცენდებით.“

26 ჰეი, ადამის შვილნო! ჩვენ მოგივლინეთ თქვენ სამოსი თქვენთა სარცხვინებელთა დასაფარად და შესალამაზებლად, და ღვთისმოშიშობის სამოსელი, სწორედ ესაა უკეთესი. აი, ესაა ალლაჰის აიათები, ეგების გულისხმაჰყონ მათ!

27 ჰეი, ადამის შვილნო! არ გაცდუნოთ ეშმაკმა, როგორც თქვენი მშობლები გამოიყვანა სამოთხიდან, სამოსი გახადა, რათა მათთვისვე თავიანთივე სარცხვენელი ეჩვენებინა. ჭეშმარიტად, იგი (ეშმაკი) და მისი ხროვა გხედავთ იქიდან, საიდანაც თქვენ მათ ვერ ხედავთ. ჭეშმარიტად, ჩვენ მეგობრებად დავუდგინეთ ეშმაკნი მათ, რომელთაც არ ირწმუნეს.

28 და როცა ისინი საზიზღრობას სჩადიან, ამბობენ: „ამაზე ვპოვეთ ჩვენი მამები, და ალლაჰმა გვიბრძანა ეს.“ უთხარი: „ჭეშმარიტად, ალლაჰი არ გიბრძანებთ საზიზღრობებს. ნუთუ ამბობთ ალლაჰზე იმას, რაც არ იცით?“
-----
[„როცა ისინი საზიზღრობას სჩადიან“ — როცა ქააბას უვლიდნენ შიშველნი და ასევე კერპებს სცემდნენ თაყვანს და ამბობდნენ, რომ ჩვენი წინაპრებიც იგივეს აკეთებდნენ და ამიტომ ვაკეთებთ ჩვენცო.]

29 უთხარი: „ჩემმა ღმერთმა სამართლიანობა ბრძანა და ყოველ სალოცავთან თქვენი სახეები მისკენ მიაპყარით და წრფელი გულით ღვთისმსახურებები მხოლოდ მისი კმაყოფისთვის აღავლინეთ. როგორც თავიდან გაგაჩინათ, ისე მიბრუნდებით (მასთან) თქვენ!“

30 ზოგიერთნი სწორ გზაზე დაადგინა, ზოგიერთს კი გზააბნევა არგუნა წილად. მათ ალლაჰის მაგივრად ეშმაკნი აიყვანეს მფარველად და თვლიან, რომ სწორ გზას ადგანან.

31 ჰეი, ადამის შვილნო! აიღეთ თქვენი მორთულობა ყოველ სალოცავთან, ჭამეთ და სვით, და არ გადახვიდეთ ზღვარს, ჭეშმარიტად, მას არ უყვარს ზღვარგადასულნი.

32 ჰკითხე: „ვის ძალუძს აკრძალოს მორთულობა და სანუკვარი სარჩოთაგანი ალლაჰის მიერ თავის მსახურნზე ნაბოძები?“ უთხარი: „ეს მათთვისაა ამქვეყნიურ ცხოვრებაში და კერძოდ, აღდგომის დღეს, რომელთაც იწამეს.“ – ამგვარად განვმარტავთ აიათებს ჩვენ იმ ხალხისთვის, აცნობიერებენ რომელნიც.

33 უთხარი: „ღმერთმა ჩემმა მხოლოდ საზიზღრობები (გარყვნილობები) აკრძალა, როგორც აშკარა, ისე დაფარული, და ურჩობა და უსამართლო მძლავრობა (ადამიანებზე), და ის, რომ ალლაჰს არ გაუჩინოთ მოზიარე, რაზეც მტკიცებულება არ მოუვლენია; და რომ თქვათ ალლაჰზე ის, რასაც არ უწყით.“

34 და ყველა თემს თავისი დადგენილი დრო აქვს და როცა მოვა დრონი მათნი, არც ერთი საათით გადავადდება და არც დაჩქარდება!

35 ჰეი, ადამის შვილნო! როცა თქვენთან მოვლენ თქვენსავე წიაღიდან შუამავალნი და განგიცხადებენ ჩემს აიათებს, ამის შემდეგ ვინც ღვთისმოშიში იქნება და გამოსწორდება, არცა შიში ექნებათ მათ, და არცა დამწუხრდებიან ისინი!

36 და რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები და ქედმაღლობდნენ მათ მიმართ, სწორედ ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი. და იქ იქნებიან სამუდამოდ დამკვიდრებულნი!

37 და ვინაა იმაზე უფრო უსამართლო, ვინც ალლაჰზე სიცრუე მოიგონა, ან უარყო მისი აიათები? მაგათ ეწევა თავიანთი წერა წიგნიდან (ლევჰი მაჰფუზიდან), ხოლო როცა წარგზავნილნი (ანგელოზები) მიაკითხავენ, რათა მიიბარონ ისინი, ეტყვიან: „სად არიან ისინი, რომელთაც თქვენ ალლაჰის ნაცვლად უხმობდით?“ ისინი მიუგებენ: „დაიკარგნენ ჩვენგან.“ და დაამოწმეს თავიანთ წინააღმდეგ, რომ ურწმუნონი იყვნენ.

38 ბრძანებს (ალლაჰი): „შედით ცეცხლში, ადამიანთა და ჯინთა მოდგმის გვერდით, რომელნიც თქვენ უწინ გარდასულან!“ ყოველი მოდგმის შესვლისას დასწყევლის მოძმე თავისი, სანამ ყველანი ერთმანეთს შეხვდება იქ, მაშინ შემდგომნი იტყვიან პირველებზე: „ღმერთო ჩვენო, ესენი არიან, ვინც გვაცდუნეს ჩვენ და არგუნე იმათ ორმაგი სასჯელი ცეცხლისა.“ იტყვის (ალლაჰი): „ყველას ორმაგი სასჯელი გაქვთ, მაგრამ თქვენ არ უწყით!“

39 და პირველებმა უთხრეს შემდგომთ: „თქვენ არ გაქვთ რაიმე უპირატესობა ჩვენზე.“ „მაშ, იგემეთ სასჯელი იმისთვის, რასაც იხვეჭავდით!“

40 და რომელთაც უარყვეს ჩვენი აიათები და ქედმაღლობდნენ მათ მიმართ, არ გაეხსნებათ მათ ზეცის კარები და ვერ შევლენ სამოთხეში, ვიდრე აქლემი არ გაძვრება ნემსის ყუნწში. და ამგვარად დავსჯით ჩვენ ცოდვილთ!

41 მათთვისაა ჯოჯოხეთისგან საწოლი და ზემოდან საბანი. აი, ასე ვსჯით უსამართლონს!

42 და რომელთაც ირწმუნეს და თესეს სიკეთენი, ჩვენ არ ვაკისრებთ არც ერთ სულს იმაზე მეტს, რაც ძალუძს. სწორედ, ისინი არიან სამოთხის მკვიდრნი, იქ დარჩებიან სამუდამოდ.

43 და ჩვენ ძირფესვიანად ამოვაცალეთ რა ზიზღიც ჰქონდათ გულში, მდინარეები მიედინება მათ ქვემოთ, და იტყვიან ისინი: „ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც დაგვადგინა ამას! ვერ დავედგინებოდით, რომ არ დავედგინეთ ალლაჰს. ვფიცავ, რომ ჭეშმარიტება მოუტანიათ ჩვენი ღმერთის შუამავალთ.“ და მოეწოდებათ მათ: „აი, სამოთხენი, რომელიც გებოძათ მემკვიდრეობად იმისთვის, რასაც აკეთებდით!“

44 და სამოთხის მკვიდრნი გასძახებენ ცეცხლის მკვიდრთ: „ჩვენ ვიხილეთ, რაც აღგვითქვა ღმერთმა ჩვენმა ნამდვილად. მაშ, თქვენ თუ იგემეთ, რაც აღგითქვათ ღმერთმა თქვენმა ნამდვილად?“ თქვეს: „დიახ!“ და ამცნობს გზირი მათ შორის, რომ „წყევლა ალლაჰისა უსამართლოთა ზედაა!“

45 რომელნიც აცდუნებენ ალლაჰის გზიდან (ხალხს) და სურთ მისი გამრუდება, სწორედ ისინი არიან საიქიოს უარმყოფელნი.

46. და მათ (სამოთხისა და ჯოჯოხეთის მკვიდრთ) შორისაა რიდე და აღრაფზე (მაღლობებზე) კაცნი (რომელთა ცოდვა და მადლი თანაბარი აღმოჩნდა), რომელნიც ყველას ამოიცნობენ თავიანთი სახენით (მორწმუნეთა სახენი თეთრი, ურწმუნოთა შავი) და გასძახებენ სამოთხის მკვიდრთ: „მშვიდობა თქვენდა!“ და ისინი ჯერ არ შესულან მასში, მაგრამ იმედი აქვთ.

47. და (აღრაფის ხალხმა) როცა მზერა ჯოჯოხეთის მკვიდრთა მხარეს მიაპყრეს, თქვეს: „ღმერთო ჩვენო, არ ჩაგვრიცხო (ჯოჯოხეთში) უსამართლო ხალხთან ერთად!“

48 და გასძახეს აღრაფის ხალხმა იმ კაცთ (ჯოჯოხეთის მკვიდრთ), რომელთაც იცნობენ თავიანთი სახენით, და უთხრეს: „ვერ გიშველათ თქვენმა მონაგარმა და ვერც ქედმაღლობამ თქვენმა!“

49 განა ესენი ის ხალხია, რომელთა შესახებაც იფიცებოდით, რომ ალლაჰის წყალობა არ ეწევათო? „შედით სამოთხეში! შიში არ გექნეთ და არცა დამწუხრდეთ თქვენ!“

50 და გასძახეს ჯოჯოხეთის ბინადრებმა სამოთხის მკვიდრთ: „გადმოგვეცით წყალი ან ის, რაც ალლაჰმა სარჩოდ გიბოძათ.“ უთხრეს: „ჭეშმარიტად, ალლაჰმა ორივე აკრძალა ურწმუნოთათვის,“

51 რომელთაც დაიდგინეს თავიანთი სარწმუნოება გართობად და თამაშად და აცდუნა ისინი ამქვეყნიურმა ცხოვრებამ. ამრიგად, ჩვენც დავივიწყებთ მათ, როგორც მათ დაივიწყეს ამ დღესთან შეხვედრა და უარყოფდნენ ჩვენს აიათებს.

52 ჭეშმარიტად, ჩვენ მივაწოდეთ მათ ერთი წიგნი [მექას მკვიდრთ წმინდა ყურანი], მორწმუნე ხალხთათვის წყალობად და ჭეშმარიტ გზად, რომელიც სიბრძნით განვმარტეთ ჩვენ.

53 განა ისინი მხოლოდ ელიან ახსნა-განმარტებას? იმ დღეს, როცა ის განიმარტება, იტყვიან, რომელთაც ადრე დაივიწყეს იგი: „ჩვენთან უკვე იყვნენ მოსულნი ჩვენი ღმერთის შუამავალნი ჭეშმარიტებით. და ახლა თუ გვყავს ჩვენ ქომაგნი, რომ დაგვიფარონ? ან იქნებ დავბრუნდეთ, რომ ის არ ვაკეთოთ, რაც გვიკეთებია?“ მათ წაიწყმიდეს უკვე თავიანთი სულნი; და ისინი მიატოვა (განსაცდელში) იმან, რასაც იგონებდნენ!

54 ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთი ალლაჰია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა ექვს დღეში, შემდეგ ამაღლდა ‘არშზე. ის ღამეს დღით ფარავს, რომელიც უმალ მოსდევს მას. მზე, მთვარე და ვარსკვლავები მორჩილებენ მას. განა, მხოლოდ მას არ ეკუთვნის გაჩენა და მბრძანებლობა? რაოდენ დიადია ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი!

55. შეევედრეთ ღმერთსა თქვენსა მოკრძალებითა და თავმდაბლობით (ჩუმად), ჭეშმარიტად მას არ უყვარს ზღვარგადასულნი! (არ შეევედროთ ხმამაღლა და სიამაყით).

56. და ნუ გაამრავლებთ უკეთურებას ქვეყანაზე მისი კეთილმოწესრიგების შემდგომ. არამედ მოუხმეთ მას შიშით და ლტოლვით (თქვენს გულებში). ჭეშმარიტად, ალლაჰის წყალობა ახლოსაა კეთილისმქნელთათვის.

57. და იგია, რომელიც აგზავნის თავისი წყალობის წინ ქარებს მახარობლად და როცა დამძიმებულ ღრუბელს დაძრავენ ისინი, ჩვენ მათ გადავისვრით მკვდარი მიწისაკენ და მისგან წყალს გარდმოვავლენთ. ასე აღმოვაცენებთ მისით ყოველგვარ ნაყოფს. ამგვარად ვაცოცხლებთ მკვდრებს, ეგების იყოთ გონებამახვილნი!
-----
[თუკი ყურადღებას მივაქცევთ, პირველად, წვიმის წარმოსაქმნელად ქარია საჭირო. თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, წვიმისა და ქარის ასეთნაირი ურთიერთობა არავინ იცოდა. მეტეოროლოგების მტკიცებით, ქარს ძალიან დიდი როლი აქვს წვიმის წამოსვლასთან. ეს კავშირი ძირითადში ოკეანეებიდან დაიწყება, სადაც უთვალავი პატარა ბუშტუკები წარმოიქმნება, წარმოქმნის შემდეგ ეს ბუშტუკები ერთმანეთს შეეჯახება და პატარ-პატარა წყლის ნამცეცებად გადაიქცევა, შემდეგ ისინი ჰაერში აფრინდებიან ქარის საშუალებით. “აეროსოლის” სახელობის პატარა ბუშტუკები, ქარის საშუალებით ატმოსფეროს ყველაზე მაღალ შრეში აღწევს, ეს პატარა წყლის ნამცეცები ატმოსფეროს წრეში შეიკრიბებიან და პატარა წვიმის წვეთებად გადაიქცევიან. პატარა ბუშტუკეები პირველად ღრუბელს წარმოშვებენ, შემდეგ კი წვიმად გადაიქცევიან. როგორც ვხედავთ, ქარის საშუალებით წყლის პატარა ნამცეცები ატმოსფეროში აღწევს და შემდეგ კი ღრუბლები წარმოიქმნება. ყურანში კიდევ სხვა გადმოცემული ინფორმაციით წვიმა განსაზღვრული ზომიერებით ჩამოდის დედამიწაზე:
"და იგია, რომელმაც გარდმოავლინა ზეციდან წყალი ზომიერად" (სურა 43:11).
ერთი წამის განმავლობაში 16 მილიონი ტონა წყალი ორთქლდება და ამდენივე რაოდენობით დედამიწას უბრუნდება, ეს წყალი განსაზღვრულ თანასწორობაშია მოქცეული, დედამიწის ზედაპირზე სიცოცხლე ამ წვიმის საშუალებით ხორციელდება. ადამიანს ყველაზე განვითარებული ტექნოლოგია რომ ჰქონდეს, ამ თანასწორობას მაინც ვერ დაიცავს, ამ საქმიანობაში მცირე შეცდომაც რომ იქნას დაშვებული, მოხდება ეკოლოგიური დარღვევა და ამით დაზიანდება ბუნებაც და ადამიანებიც, რაც მთავარია სიცოცხლის დასასრულიც მოვა. ეს უზენაესის ძალის ქვეშ არანაირ ცვლილებას არ განიცდის, და როგორც ყურანშია ცნობილი, წყლის ბრუნვის ბალანსი არ ირღვევა: ორთქლდება წყალი, წვიმს წვიმა და ხარობს სიცოცხლეც.]

58 მშვენიერ ქალაქში მცენარეები უხვად ხარობენ ღმერთის ნებით, ხოლო რომელიც ცუდია, მხოლოდ უსარგებლო რამ აღმოცენდება. ამგვარად ვმარტავთ აიათებს ხალხთათვის, რომელნიც მადლიერნი არიან!

59 და ვფიცავ, ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი (ნოე) თავის ხალხთან და აკი, უთხრა მათ: „ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, რამეთუ არ გყავთ სხვა ღმერთი, გარდა მისი. ჭეშმარიტად, მეშინია მე თქვენს გამო უდიდესი დღის სასჯელისა!“

60 თქვეს თავის ხალხიდან თავკაცნმა: „ჩვენ გხედავთ შენ აშკარა გზააბნევაში.“

61 მიუგო: ჰეი, ხალხო ჩემო! არ ვარ მე გზააბნევაში, მე შუამავალი ვარ სამყაროთა ღმერთისა.

62 მე გადმოგცემ თქვენ დანაბარებს ჩემი ღმერთის და თქვენ შეგაგონებ; და მე ვიცი ალლაჰისგან, რაც არ იცით თქვენ!

63 ნუთუ გიკვირთ, რომ თქვენი ღმერთის დანაბარები ერთ კაცს ებოძა თქვენგან, რათა შეგაგონოთ თქვენ და იყოთ მოკრძალებულნი, და ეგების იქმნეთ შეწყალებულნი?!

64 მაგრამ ცრუდ შერაცხეს იგი. ხოლო ჩვენ ვიხსენით ისიც და ვინც იყო მასთან ერთად გემში. და დავახრჩეთ, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები. ჭეშმარიტად, ბრმა ხალხი იყვნენ ისინი.

65 და (წარვგზავნეთ) ადის ხალხთან მათი ძმა ჰუდი. უთხრა: „ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ სხვა ღმერთი მის გარდა. ეგების შეიქმნეთ ღვთისმოშიშნი?!“

66 უთხრეს თავკაცებმა, რომელთაც უარყვეს: „გხედავთ შენ უმეცრებაში და, მატყუართაგანი გვგონიხარ ჩვენ.“

67 უთხრა: ხალხო ჩემო! მე არ ვარ უმეცარი, არამედ შუამავალი ვარ სამყაროთა ღმერთისა.

68 მე თქვენ გაუწყებთ გარდმოვლენილ მოწმობანს ჩემი ღმერთის; და სანდო მრჩეველი ვარ თქვენთვის.

69. ნუთუ გიკვირთ, რომ თქვენი ღმერთის უწყება ერთ კაცს ებოძა, რომელიც თქვენგანვეა, რათა შეგაგონოთ თქვენ? და გაიხსენეთ როცა მან დაგადგინათ შემცვლელებად ნუჰის (ნოეს) ხალხის შემდგომ და გქმნათ თქვენ ახოვანი და ტანადი. მაშ, გაიხსენეთ ალლაჰის სიკეთენი, ეგების გადარჩენილი იქნეთ თქვენ!
-----
[„გქმნათ ახოვანი და ტანადი“ – ძლიერი და მაღალი; მათგან ყველაზე მაღალი 100 არშინი, ხოლო ყველაზე პატარა 60 არშინი სიმაღლისა იყო. (ერთი არშინი – 68 სმ).]

70 უთხრეს: „განა იმისთვის მოხვედი ჩვენთან, რომ თაყვანი ვცეთ მხოლოდ ალლაჰს და თავი ვანებოთ იმას, რასაც თაყვანს სცემდნენ ჩვენი მამები? მაშ, გვაწიე იგი, გვექადნები რითაც, თუკი ხარ მართალი შენ!“

71 მიუგო: „თქვენ უკვე თავს დაგატყდათ სასჯელი და რისხვა თქვენი ღმერთისგან. ნუთუ იმ სახელების გამო მეჭიდილებით, რომელიც არქვით თქვენ და თქვენმა მამებმა; (თქვენ ეთაყვანებით კერპებს) ხოლო ალლაჰს არავითარი მტკიცება არ მოუვლენია ამაზე. მაშ, დაელოდეთ და ჭეშმარიტად, მეც თქვენთან ერთად დაველოდები!“

72 შემდეგ ჩვენი წყალობით, გადავარჩინეთ იგი (ჰუდი) და რომელნიც იყვნენ მასთან ერთად. ხოლო რომელთაც სიცრუედ ჩათვალეს ჩვენი აიათები, და არ იყვნენ მორწმუნენი, ამოვძირკვეთ ძირფესვიანად ისინი.

73 და სემუდელებთან (წარვგზავნეთ) მათი ძმა სალიჰი. უთხრა: ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ სხვა ღმერთი მის გარდა. თქვენ მოგივიდათ უკვე ცხადი მტკიცება თქვენი ღმერთისგან. ხოლო ეს დედალი აქლემი სასწაულად თქვენთვის ალლაჰისგან. მაშ, გაუშვით იგი, ძოვოს ალლაჰის მიწაზე და არ შეეხოთ მას ბოროტად, თორემ მწარე სასჯელი შეგიპყრობთ თქვენ!

74 და გაიხსენეთ, როცა თქვენ დაგადგინათ შემცვლელებად ადის ხალხის შემდეგ და დაგაბინავათ დედამიწაზე, რომლის ველებზეც სასახლეებს აგებდით (ზაფხულობით) და რომლის მთებზეც სახლებს კვეთდით (ზამთრობით). მაშ, გაიხსენეთ ალლაჰის სიკეთენი და არა ჰქმნათ ქვეყნად ბოროტება ავკაცობით!

75 ჰკითხეს მათ თავკაცებმა, რომელნიც ქედმაღლობდნენ მისი ხალხისგან, რომელთაც თვლიდნენ უძლურებად, და ვინც იწამა მათ შორის: „განა ნამდვილად იცით თქვენ, რომ სალიჰი თავისი ღმერთის მიერ არის წარმოგზავნილი?“ მიუგეს: „ჭეშმარიტად, ჩვენ ვიწამეთ იგი, რაც მოევლინა მას.“

76 რომელნიც ქედმაღლობდნენ, თქვეს: „უარმყოფელნი ვართ იმისა, რაც იწამეთ თქვენ.“

77 შემდეგ დაკლეს დედალი აქლემი და გადასცდნენ თავიანთი ღმერთის ბრძანებას, და უთხრეს: „ჰეი, სალიჰ, გვაწიე იგი, გვექადნები რითაც, თუკი ხარ შუამავალთაგანი შენ!“

78 მაშინ შეიპყრო ისინი ძლიერმა მიწისძვრამ (და ზეციდან საშინელმა ხმამ) და იქმნენ თავიანთ სახლებში დაჩოქილი მუხლებზე.

79 მაშინ გატრიალდა (სალიჰი) მათგან და უთხრა: „ჰეი, ხალხო ჩემო! ჭეშმარიტად, მე გადმოგეცი თქვენ ჩემი ღმერთის უწყება! და თქვენ რჩევა მოგეცი, მაგრამ თქვენ არ გიყვართ კეთილისმრჩეველნი.“

80 და (წარვგზავნეთ) ლუტი, აკი, უთხრა თავის ხალხს (სოდომელებს): განა, უნდა სჩადიოდეთ ისეთ სისაძაგლეს თქვენ, რაც სამყაროთაგან არავის ჩაუდენია აქამდე?“

81 თქვენ ვნებით ინთებით კაცებზე და არა – ქალებზე. ჭეშმარიტად, თქვენ ხართ ხალხი აღვირახსნილი!

82 ამაზე მისი ხალხის პასუხი კი მხოლოდ ეს იყო: „გააძევეთ ისინი თქვენი ქალაქიდან, რადგან ესენი არიან ხალხი, რომლებსაც უნდათ, რომ წმინდები და სუფთები იყვნენ!“

83 ამრიგად, გადავარჩინეთ იგი (ლუტი) და ოჯახი მისი, ცოლის გამოკლებით, იგი დარჩენილთა შორის იყო.

84 და ჩვენ დავატეხეთ მათ თავზე გოგირდის წვიმა. მაშ, შეხედე, როგორი იყო ცოდვილთა აღსასრული!

85 და მედიენელებთან მათი ძმა შუღეიბი. უთხრა: ჰეი, ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ სხვა ღმერთი მის გარდა. თქვენ მოგივიდათ უკვე ცხადი მტკიცება თქვენი ღმერთისგან. სრულად დაიცავით საზომი და სასწორი, არ წაართვათ ხალხს ის, რაც მათ ეკუთვნით, და არ გამოიწვიოთ არეულობა ქვეყნად, მისი კეთილმოწყობის შემდეგ. თუკი ხართ მორწმუნენი, ეს თქვენთვისვეა უკეთესი!

86 და ნუ ჩაუსაფრდებით ყველა გზის სათავეში, რომ დაექადნოთ და აღუკვეთოთ ალლაჰის გზა ვინც იწამა, და სიმრუდე გწადიათ მისი. და გაიხსენეთ, ცოტანი რომ იყავით და შემდეგ გაგამრავლათ. შეხედეთ, როგორი იყო უკეთურთა აღსასრული.

87 და თუ ნაწილმა თქვენგან იწამა ის, რითაც მოვლენილ ვარ, და მეორე ნაწილმა არ იწამა, მაშინ მოითმინეთ, სანამ ალლაჰი არ განსჯის ჩვენს შორის, რამეთუ საუკეთესო მსაჯულია იგი!

88 და თქვეს თავკაცნმა მისი ხალხიდან, რომელნიც ქედმაღლობდნენ: „უთუოდ, ჩვენი სოფლიდან გაგაძევებთ შენაც, შუღეიბ, და რომელთაც ირწმუნეს შენთან ერთად, ან უსათუოდ უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს რჯულს.“ მიუგო: თუნდაც ზიზღს ვგრძნობდეთ მის მიმართ?

89 ალლაჰს უთუოდ ცილს დავსწამებთ, თუკი დავუბრუნდებით თქვენს სარწმუნოებას მას შემდეგ, რაც ალლაჰმა გვიხსნა მისგან. და არ იქნება, ჩვენ დავუბრუნდეთ მას გარდა, ალლაჰის ნებისა, ჩვენი ღმერთისა. ჩვენი ღმერთი გარემოიცავს ცოდნით ყველაფერს. ჩვენ ალლაჰს ვჰმორჩილობთ. ღმერთო ჩვენო! განსაჯე ჩვენსა და ჩვენს ხალხს შორის ჭეშმარიტებით, რამეთუ შენ ხარ საუკეთესო მსაჯული!

90 და თქვეს თავკაცნმა მისი ხალხიდან, რომელთაც უარყვეს: „თუ თქვენ გაჰყვებით შუღეიბს, ჭეშმარიტად, წაგებულთა შორის იქნებით!“

91 ამრიგად, შეიპყრო ისინი ძლიერმა მიწისძვრამ და იქმნენ თავიანთ სახლებში დაჩოქილნი მუხლებზე.

92 და რომელთაც ცრუდ შერაცხეს შუღეიბი, ვითომც არ უცხოვრიათ იქ. რომელთაც ცრუდ შერაცხეს შუღეიბი, სწორედ ისინი არიან დაზარალებულნი.

93 მაშინ გატრიალდა (შუღეიბი) მათგან და უთხრა: „ჰეი, ხალხო ჩემო! ჭეშმარიტად, მე გადმოგეცით ჩემი ღმერთის უწყებანი! და დაგარიგე თქვენ, მაშინ რატომღა ვიდარდო ურწმუნო ხალხის გამო?“

94 და ჩვენ არ წარგვიგზავნია არც ერთ ქალაქში შუამავალი, რომ მისი მკვიდრისთვის არ დაგვეტეხა უბედურება და გაჭირვება, ეგების შევედრებოდნენ ისინი!

95 შემდეგ ცუდი კარგით ჩავუნაცვლეთ, ვიდრეღა გამრავლდნენ და თქვეს (უმადურობით): „ჩვენს მამებსაც სწვევიათ უბედურება და ბედნიერება.“ „ამრიგად, მოულოდნელად დავატეხეთ უბედურება და ვერ გრძნობდნენ ისინი!“

96 და რომ იმ ქვეყნის ხალხს ერწმუნათ და თავი აერიდებინათ, ჭეშმარიტად, გარდავფენდით მათდა ცისა და ქვეყნის ხვავ-ბარაქას. მაგრამ ცრუდ შერაცხეს, ამიტომაც შევიპყარით ისინი იმის გამო, რაც მოიხვეჭეს!

97 ნუთუ უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს ქვეყნის მკვიდრნი, როცა ეწეოდათ მათ ჩვენი რისხვა მძინარეთ ღამით?

98 ან უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს ქვეყნის მკვიდრნი, როცა ეწეოდათ მათ ჩვენი რისხვა გართობისას დღისით?

99 ნუთუ დაზღვეული ეგონათ თავი ალლაჰის მახისგან? ვერ იქნება დაზღვეული ალლაჰის მახისგან, გარდა წაწყმედილნი ხალხისა!

100 ნუთუ ვერ შეიგნეს, რომელნიც მემკვიდრეობენ დედამიწას მისი ბინადრების შემდგომ, რომ, თუ ვინებებდით, მათი ცოდვების გამო ვაწევდით სასჯელს და დავუსვამდით მათ გულებზე ბეჭედს და ვეღარ შეისმენდნენ ისინი!

101 აი, ეს ქალაქნი, რომელთა ზოგიერთ ამბებსაც გამცნობთ შენ (ო, მუჰამმედ). ჭეშმარიტად! მივიდნენ მათთან შუამავალნი მათივე წიაღიდან მოწმობანითურთ, მაგრამ არ იჯერებდნენ, რომ ერწმუნათ, რაც ცრუდ შერაცხეს ადრე. ასრე ასვამს ალლაჰი ბეჭედს ურწმუნოთა გულებს!

102 და ვერა ვჰპოვეთ ჩვენ მათგან უმრავლესში აღთქმის ერთგულება, მაგრამ ვჰპოვეთ მათგან უმრავლესი ნამდვილად გზააბნეული.

103 მერე წარვგზავნეთ მუსა მაგათ შემდგომ სასწაულებით ფარაონთან და თავის ხალხთან. მაშინ, უარყვეს მათ ისინი. მაშ, შეხედე, როგორი იყო უკეთურთა აღსასრული!

104 და უთხრა მუსამ: ჰეი, ფარაონო! ჭეშმარიტად, სამყაროთა უფალის შუამავალი ვარ მე!

105 ჭეშმარიტება იგია, რომ არ ვილაპარაკო ალლაჰზე, გარდა სიმართლისა! მე მოვედი თქვენთან ცხადი სასწაულით თქვენი ღმერთისგან. უკვე დროა გამოგზავნო ჩემთან ერთად შვილნი ისრაილისა!

106 უთხრა (ფარაონმა): „თუკი მოხვედი სასწაულით, მაშ მოიტანე იგი, თუკი შენ ხარ მართალთაგანი.“

107 და გადააგდო (მუსამ) თავისი კვერთხი. და აჰა, იქცა იგი ცხად გველად.

108 და როცა გაიწვდინა მან ხელი, უეცრად თეთრი გახდა შემხედვარეთა წინ.

109 თქვეს ფარაონის წარჩინებულებმა: „ეს განსწავლული ჯადოქარია.

110 სურს, რომ თქვენივე მიწიდან გაგაძევოთ.“ ჰკითხა ფარაონმა: „მაშ, რას მირჩევთ?“

111 მიუგეს: „შეაყოვნე ეგ (მუსე) და ძმა (ჰარუნი) მისი, და შემკრებნი დააგზავნე ქალაქებში,

112 მოგიყვანონ ყველა საუკეთესო ჯადოქარი.“

113 და მივიდნენ ჯადოქრები ფარაონთან, უთხრეს: „ჭეშმარიტად, ჯილდო გვერგება, თუკი ვიქნებით გამარჯვებული ჩვენ.“

114 მიუგო: „კარგი, თქვენ უთუოდ, ჩემთან დაახლოვებულთაგანი იქნებით.“

115 უთხრეს: „ჰეი, მუსა! შენ გადააგდებ კვერთხს (პირველად) თუ ჩვენ გადავაგდოთ?“

116 მიუგო: „გადააგდეთ.“ და როცა გადააგდეს (ჯოხები და თოკები), მოუნუსხეს ხალხს თვალნი, და ჩაუნერგეს შიში და წარმოადგინეს დიდი ჯადოქრობა.

117 და ჩვენ ზეშთავაგონეთ მუსას – „გადააგდე შენი კვერთხი“ – და აი, შთანთქავს იგი, რასაც გრძნეულობდნენ ისინი.

118 ასრე გაცხადდა ჭეშმარიტება, და იქნა ამაოდ, რასაც ისინი სჩადიოდნენ.

119 დამარცხებულ იქმნენ იქ და დამცირებულნი უკან გაბრუნდნენ.

120 და ჯადოქრები ძირს გაერთხნენ მუხლმოყრილნი.
-----
[ეს ჯადოქრები იყვნენ სწავლული და გონიერი ხალხი, რომლებმაც ჯადოქრობა და ჭეშმარიტება განარჩიეს ერთმანეთისგან, და აღიარეს მოსეს შუამავლობა.]

121 თქვეს: „ჩვენ ვიწამეთ ღმერთი სამყაროთა,

122 ღმერთი მუსასი და ჰარუნისა!“

123 ფარაონმა უთხრა: თქვენ იწამეთ იგი, ვიდრე ნებას დაგრთავდი მე? ჭეშმარიტად, ესაა ნამდვილი მახე, რომელიც დააგეთ თქვენ ამ ქალაქში, რათა გაიყვანოთ აქედან მისი მკვიდრნი. მაშ, შეიტყობთ თქვენ მალე!

124 ხელებსა და ფეხებს ჯვარედინად მოგაჭრით თქვენ, მერე უთუოდ, ძელზე ჩამოგკიდებთ!

125 მიუგეს: ჭეშმარიტად, ჩვენ მივიქცევით ჩვენსავ ღმერთთან.

126 და ჩვენდამი შენი გაწყრომა სხვა მეტი არაფერია თუ არა, რომ ვიწამეთ აიათები ჩვენი ღმერთისა, როცა გვებოძა ჩვენ. ღმერთო ჩვენო! მოგვმადლე ჩვენდა მოთმინება და მუსლიმებად (შენდამი მორჩილებად) მიგვიბარე ჩვენ!

127 და უთხრეს ფარაონის ხალხიდან წინაკაცებმა: „ნუთუ დაანებებ მუსას და მის ხალხს, რომ ბოროტება ჰქმნან დედამიწაზე და მიგატოვონ შენ და შენი ღმერთები (კერპები)?“ მიუგო: „ჩვენ მოვუკლავთ მათ ძეებს და ასულებს ცოცხლებს დავუტოვებთ. და ჩვენ ვართ ბატონ-პატრონი მათი!“ (ამის თაობაზე ისრაელთა ძენი აჯანყდნენ)

128 უთხრა მუსამ თავის ხალხს: „შეწევნა შესთხოვეთ ალლაჰს და მოითმინეთ. ჭეშმარიტად, ალლაჰს ეკუთვნის დედამიწა. და სამემკვიდრეოდ უბოძებს, ინებებს ვისაც თავის მსახურთაგან. და (კეთილი) ბოლო ღვთისმოშიშებისთვისაა!“

129 მიუგეს: „ჩვენ დავიჩაგრეთ ადრეც, სანამ შენ ჩვენთან მოხვიდოდი და შენი მოსვლის მერეც.“ უთხრა: „დაე, თქვენმა უფალმა მოაშთოს თქვენი მტერი და გქმნათ მემკვიდრედ ამ ქვეყანაზე, და მერე შეხედოს, როგორ მოიქცევით თქვენ!“

130 ჭეშმარიტად, ჩვენ დავატეხეთ თავს მოუსავლიანობა ფარაონის სახლეულს წლების მანძილზე, ეგებ გონს მოგებოდნენ ისინი!

131 მაგრამ მათ, როცა სიკეთე ეწიათ, თქვეს: „ეს დავიმსახურეთ ჩვენ!“ და თუკი ავი დაატყდათ, მუსას და ვინც მასთან იყო იმას მიაწერდნენ. არადა მათი უბედურება ალლაჰისგანაა, მაგრამ უმეტესობა მათგან ამას ვერ ხვდება.

132 და უთხრეს (მუსას): „რამდენი სასწაულიც არ უნდა მოგვიტანო ჩვენ, რათა მოგვაჯადოვო ამით, მაინც არ დაგიჯერებთ შენ.“

133 მაშინ ჩვენ მოვუვლინეთ ლეშტერი (სეტყვიანი ღვარი) და კალიები, მკბენარი მწერები და ბაყაყები და სისხლი (წყალში) ცხად სასწაულებად. ამ ყველაფრის მიუხედავად, გამედიდურდნენ და ცოდვილ ხალხად იქცნენ ისინი.
-----
[სეტყვიანი ღვარი – წვიმა, რომელმაც მათი სახლები მთლიანად აავსო და ასე დარჩა 7 დღე; კალიებმა მთლიანად გადაჭამეს მოსავალი; ბაყაყებით მთლიანად აივსო მათი სახლები და საჭმელები.]

134 და როცა დაატყდათ მათ სასჯელი, უთხრეს: „ჰეი, მუსა! შესთხოვე ჩვენთვის შენს ღმერთს, რაც აღგითქვა შენ. და სასჯელს თუ მოგვაშორებ, უთუოდ, ჩვენ გიწამებთ შენ და უსათუოდ ისრაილის შვილთ წარმოვგზავნით შენთან ერთად.“

135 მაგრამ, როდესაც დათქმულ დრომდე სასჯელი მოვაცილეთ (მუსას ვედრებიდან გამომდინარე), მაშინ სიტყვას ტეხდნენ ისინი.

136 უკვე დავსაჯეთ და ზღვაში დავახრჩვეთ ისინი იმისთვის, რადგანაც ჩვენს აიათებს ცრუდ რაცხავდნენ და იყვნენ მისადმი უსულგულო.

137 და დავუმკვიდრეთ იმ ხალხს (ისრაელის შვილებს), რომელნიც ითვლებოდნენ უძლურად, ქვეყნის აღმოსავლეთი და დასავლეთი, დავლოცეთ რომელიც. „და აღსრულდა უსათნოესი სიტყვები“ შენი ღმერთისა ისრაილის შვილებისადმი იმის გამო, რომ მოითმინეს მათ. და გავანადგურეთ ის, რასაც აკეთებდა ფარაონი და ხალხი მისი და აშენებდნენ რასაც.
-----
[„და აღსრულდა უსათნოესი სიტყვები“ – (სურა 28:5-6) – „რომელნიც დააკნინეს დედამიწაზე, ჩვენ ვინებეთ წყალობა გაგვეღო მათზე და დაგვედგინა მეთაურებად და მემკვიდრეებად, და მიგვენიჭებინა მათთვის ძალაუფლება დედამიწაზე და გვეჩვენებინა ფარაონისთვის, ჰამანისთვის და მათი მეომრებისთვის ის, რისიც ეშინოდათ!“]

138 ხოლო გადავიყვანეთ ისრაილის შვილნი ზღვაზე და გადააწყდნენ ხალხს, რომელნიც თავიანთ კერპებს ეთაყვანებოდნენ. უთხრეს: „ჰეი, მუსა! დაგვიდგინე ჩვენ ისეთი ღვთაება, როგორი ღვთაებებიც ჰყავთ მათ.“ მიუგო: ჭეშმარიტად, თქვენ ხართ ხალხი, რომელნიც ვერ არჩევთ კარგსა და ცუდს.

139 რაც შეეხება ამ ხალხს, რასაც ისინი ეთაყვანებიან, სხვა არაფერია თუ არა ნარჩენი ნანგრევებისა და ამაოა ის, რასაც აკეთებენ.

140 უთხრა: „განა ალლაჰის მაგივრად სხვა ღვთაება ვისურვო თქვენთვის, როცა მან აღმატებულ გყოთ თქვენ სამყაროთა ზედა?“

141 ოდეს გიხსენით თქვენ ფარაონისგან და მისი სახლეულისგან, საშინელ ტანჯვას რომ გაწევდნენ, ხოცავდნენ თქვენს ძეებს და ცოცხლად ტოვებდნენ ასულებს. ეს იყო უდიდესი გამოცდა თქვენი ღმერთისგან.

142 და აღთქმა მივეცით მუსას ოცდაათი ღამე და სრულვქმენით იგი ათით. ამრიგად, სისრულეში მოვიდა მისი ღმერთისგან განსაზღვრული ვადა, ორმოცი ღამე. და უთხრა მუსამ ჰარუნს, თავის ძმას: „იყავი ჩემი შემცვლელი ჩემი ხალხისთვის, და ჰთესე სიკეთე და არ გაჰყვე უკეთურთა გზას.“

143. და როცა მუსა მოვიდა (სინას მთაზე) ჩვენს დანიშნულ დროს, მისი ღმერთი დაელაპარაკა მას. უთხრა: „ღმერთო ჩემო! გამომეცხადე, რათა გიხილო!“ მიუგო: „შენ ვერასოდეს დამინახავ მე (ვინაიდან ადამიანს არ ძალუძს ეს). მაგრამ გაიხედე მთისკენ (რომელიც შენზე გამძლეა). თუ ის თავის ადგილზე უძრავად დარჩა, მაშინ მიხილავ შენც!“ და როცა მთას გამოეცხადა (თავისი სინათლით) ღმერთი მისი, მტვრად იქცა იგი. და მუსა უგონოდ დაეცა ძირს. როცა გონს მოვიდა, თქვა: „დიდება შენდა! შენ გთხოვ შენდობას და პირველი ვარ მორწმუნეთაგან მე.“

144 უთხრა (ალლაჰმა): „ჰეი, მუსა! ჭეშმარიტად, მე ჩემი უწყებანითა და ჩემი სიტყვებით შენ გამოგარჩიე კაცთაგან. მაშ, აიღე შენ რაც გიბოძე და იყავ მადლიერთაგანი!“

145 და ჩვენ დავუწერეთ მას დაფებზე (თორას ფურცლებზე) რჩევა-დარიგება ყველაფერზე და განმარტება ყველაფრისა. მაშ, გეჭიროს მყარად და უბრძანე შენს ხალხს საუკეთესოდ მისდიონ ამას! მე კი მალე გაჩვენებთ ცოდვილთა სამყოფელს.

146 ჩემი სასწაულებისგან განვაშორებ მათ, რომელნიც უსამართლოდ მედიდურობენ დედამიწაზე. და რომც იხილონ ყველა სასწაული, არ ირწმუნებენ მას და რომც დაინახონ გზა ჭეშმარიტი, არ აირჩევენ მას გზად. ხოლო თუ დაინახავენ მრუდე გზას, დაიდგენენ მას გზად. ეს იმისთვის, რომ ცრუდ შერაცხეს ჩვენი სასწაულები და იყვნენ მისადმი უსულგულო.

147 და რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები და შეხვედრა საიქიოსთან, ფუჭი იქმნა მათი საქმენი. განა საზღაურად რას მიიღებენ გარდა იმისა, რასაც აკეთებდნენ ისინი?

148 და დაიდგინა მუსას ხალხმა, მის შემდგომ, მათი სამკაულებიდან ქმნილი ხბო კერპად, რომელიც ბღაოდა. ნუთუ ვერ ხედავენ, რომ არ ელაპარაკება ის მათ და არ დაადგენს მათ ჭეშმარიტ გზას? დაიდგინეს იგი (კერპად) და უსამართლონი შეიქმნენ.

149 და როცა საგონებელში ჩავარდნენ და დაინახეს, რომ გზააბნევაში იყვნენ, თქვეს: „თუ ჩვენი ღმერთი არ შეგვიწყალებს და არ მოგვიტევებს, ჭეშმარიტად, ჩვენც წაგებულთა შორის აღმოვჩნდებით.“

150 და როცა მუსა დაბრუნდა თავის ხალხთან განრისხებული და დამწუხრებული [რადგან ალლაჰმა ამცნო წინასწარ (სურა 20:85)], უთხრა მათ: „ჩემს არყოფნაში რაოდენ ცუდი ნაცვლობა გამიწიეთ. განა, დააჩქარეთ თქვენი ღმერთის ბრძანება?“ და დაყარა დაფები. და წაავლო თავში ხელი თავის ძმას და ქაჩავდა თავისკენ. უთხრა (ჰარუნმა): „ჰეი, შვილო დედაჩემისა! ჭეშმარიტად, ხალხმა გადამძალა მე და სადაცაა მკლავდნენ. და ნუ გაახარებ მტრებს ჩემზე და ნუ ჩამთვლი უსამართლო ხალხთან ერთად.“

151 შეევედრა (მუსა): „ღმერთო ჩემო! მომიტევე მე და ჩემს ძმას, და შეგვიყვანე შენს წყალობაში, რამეთუ შენ მოწყალეთა შორის უმოწყალესი ხარ!“

152 ჭეშმარიტად, რომელთაც ხბო დაიდგინეს, სასჯელს გადაეყრებიან თავიანთი ღმერთისგან და დამცირებას ამქვეყნიურ ცხოვრებაში. და ასე მივუზღავთ ჩვენ ცილისმწამებლებს!

153 და რომელთაც ჰქმნეს ცოდვა, მერე კი მოინანიეს მის შემდეგ და ირწმუნეს (ალლაჰი), ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ამის შემდგომ შემნდობი და მწყალობელია.

154 და როცა მუსას რისხვამ გადაუარა, აიღო დაფები და მის ნუსხაში იყო ჭეშმარიტი გზა და წყალობა იმათთვის, რომელთაც ეშინოდათ თავიანთი ღმერთისა.

155 და აირჩია მუსამ თავისი ხალხიდან სამოცდაათი კაცი ჩვენგან დათქმული ვადისთვის. და როცა მიწისძვრა დაატყდათ თავს, მან თქვა: ღმერთო ჩემო! შენ რომ გესურვა, აქამდე გაანადგურებდი მათაც და მეც. ნუთუ გაგვანადგურებ იმისათვის, რაც ჩაიდინეს ცნობამიხდილებმა ჩვენგან? სხვა არაფერი იყო ეს, თუ არა გამოცდა შენგან. ამით გზას ააცდენ იმათ, ინებებ ვისაც და ჭეშმარიტ გზას დაადგენ, ინებებ ვისაც. შენ ხარ ჩვენი მფარველი. მაშ, მოგვიტევე და შეგვიწყალე ჩვენ, რამეთუ შენა ხარ საუკეთესო მიმტევებელი!

156 და ჩვენ სიკეთე დაგვიწერე სააქაოშიც და საიქიოშიც. ჭეშმარიტად, ჩვენ მოვიქეცით შენდამი მონანიებით! უთხრა: „სასჯელს ჩემსას ვაწევ, ვინებებ ვისაც, ხოლო წყალობა ჩემი გარემოიცავს ყველაფერს. მე დავუწერ მას (წყალობას), რომელნიც მოკრძალებულნი იქნებიან (თავიანთი ღმერთის მიმართ), გასცემენ ზექათს და ირწმუნებენ ჩვენს აიათებს.“

157 რომელნიც მიჰყვებიან შუამავალს, წერა-კითხვის უცოდინარ ელჩს (მუჰამმედს), ვისზეც ნახავენ დაწერილს თავიანთ თევრათსა და ინჯილში. იგი უბრძანებს მათ კეთილის გაკეთებას და უკრძალავს გასაკიცხს, და ნებას რთავს საამოს [რომელიც წინა წერილებში იყო აკრძალული] და უშლის საძაგელს, და ჩამოხსნის მათ ტვირთსა და ბორკილებს, რომელიც მათთვის იყო [ის სიძნელეები, როგორიცაა საკუთარი თავის მოკვლა, სამოსზე სიბინძურის ამოკვეთა და ა.შ.]. მაშ, რომელთაც იწამეს იგი, მხარში ამოუდგნენ და ეხმარებოდნენ, და გაჰყვნენ ნათელს, რომელიც გარდმოევლინა მასთან ერთად, სწორედ, ისინი ნეტარნი არიან!

158 უთხარი (შენ, მუჰამმედ): „ჰეი, ადამიანებო! ჭეშმარიტად, მე ვარ ყველა თქვენგანისთვის შუამავალი ალლაჰისა, რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნისა. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი! იგი აცოცხლებს და აკვდინებს. მაშ, ირწმუნეთ ალლაჰი და შუამავალი მისი, წერა-კითხვის უცოდინარი ელჩი, რომელსაც სწამს ალლაჰის და მისი სიტყვების. და მისდიეთ მას, ეგების ჭეშმარიტ გზას დაადგეთ თქვენ!“

159 და მუსას ხალხშიც არის თემი, რომელნიც ჭეშმარიტებით სწორ გზაზე აყენებენ (ადამიანებს) და მისით სამართლიანად მოქმედებენ.

160 და დავყავით ჩვენ ისრაელის ძენი თორმეტ საგვარეულო ხალხად და ზეშთავაგონეთ მუსას, როცა წყალი ითხოვეს მისგან მისმა ხალხმა, რომ: „ამთხვიე შენი კვერთხი ქვას!“ და ამოჩუხჩუხდა იქიდან თორმეტი წყარო. უკვე ყველამ გაიგნო თავისი წყაროს ადგილი. და დავფინეთ ზემოდან ღრუბლები და მოვავლინეთ მათთვის ციური მანანა და მწყერი. ჭამეთ საუკეთესონი, რაც გიბოძეთ თქვენ! ისინი ჩვენ კი არ მოგვექცნენ უსამართლოდ, არამედ საკუთარი თავი დაისაჯეს.

161 აკი, ნაბრძანები იყო მათთვის: „დასახლდით ამ ქალაქში და აქაური ნაყოფი ჭამეთ, სადაც გენებოთ და რამდენიც გენებოთ. შედით კარიბჭეში სეჯდეთი და შეევედრეთ „შენდობა“. ჩვენ შეგინდობთ თქვენს შეცდომებს და ვუმრავლებთ (მადლს) კეთილისმქმნელებს.“

162 ხოლო რომელნიც უსამართლოდ მოიქცნენ, შეცვალეს სხვა სიტყვით, რაც იყო ნათქვამი მათთვის. მაშინ ჩვენ მოვუვლინეთ მათ სასჯელი ზეციდან იმისათვის, რომ უსამართლონი იყვნენ ისინი.

163 და მათ ჰკითხე იმ ქალაქზე, რომელიც იყო ზღვის პირას, აკი ისინი გადადიოდნენ შაბათის ზღვარს. როცა მათთან შაბათობით თევზები მოაწყდებოდნენ ხოლმე, და დღესა, რომელიც არ იყო ნაკრძალი, თევზი არ მოდიოდა მათთან. ასე ვცდით მათ იმის გამო, რომ არასწორ გზაზე იდგნენ ისინი.

164 და აკი, იკითხეს ზოგიერთმა მათგანმა: „რისთვის შეაგონებთ ხალხს, რომელსაც ამოწყვეტს ალლაჰი ან დასჯის სასტიკად?!“ მიუგეს: „თავის გამართლებისთვის თქვენი ღმერთის წინაშე, და ეგების თავი დაიცვან ცოდვისგან.“

165 ხოლო როცა მათ დაივიწყეს ის, რასაც ჩავაგონებდით, გადავარჩინეთ ჩვენ, რომელნიც აღუკვეთდნენ ცუდს. და ისინი, რომელთაც შესცოდეს, დავსაჯეთ სასტიკი სასჯელით იმისთვის, რომ არასწორ გზაზე იდგნენ.

166 ხოლო როცა დაარღვიეს ის, რაც ეკრძალებოდათ, ვუთხარით მათ: „იყავით საზიზღარი მაიმუნები!“

167 და მაშინ განაცხადა ღმერთმა შენმა, რომ მათ წინააღმდეგ უთუოდ წარგზავნიდა აღდგომის დღემდე იმათ, ვინც საშინელ ტანჯვას მიაყენებდა მათ. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი სასჯელის სწრაფმიმგებია, და ჭეშმარიტად, შემნდობია, მწყალობელია იგი!

168 და დავანაწილეთ ისინი ქვეყანაზე ხალხებად. მათ შორის არიან მართალნი და არიან უსამართლონი. და ჩვენ გამოვცადეთ ისინი სიკეთეებითა და სიავენით, ეგების უკუმოიქცნენ!

169 მაგრამ მოვიდნენ მათ შემდგომ სხვა თაობები, რომელთაც მემკვიდრეობად მიიღეს წიგნი (თევრათი). ისინი ირჩევდნენ წარმავალი ქვეყნის ქონებას და ამბობდნენ: „მოგვეტევება ჩვენ.“ და თუ მოევლინებოდა მათ წარმავალი ქვეყნის მსგავსი ქონება, ისინი იმასაც აიღებდნენ. განა არ იყო აღებული მათგან წიგნის პირობა, რომ ჭეშმარიტების გარდა, არ იტყოდნენ ალლაჰზე არაფერს? და მათ შეისწავლეს, რაცაა მასში. ხოლო საიქიო სამყოფელი უფრო უკეთესია მათთვის, რომელნიც მოკრძალებულნი იქნებიან. და ნუთუ არ მოეგებით გონს?!

170 და რომელნიც ჩაიკრავენ (გულში) წიგნს და აღავლენენ ლოცვას, ჭეშმარიტად, ჩვენ არ დავუკარგავთ საზღაურს კეთილისმქმნელებს.

171 და (გაიხსენეთ) როცა აღვმართეთ მათ ზემოთ მთა, ვითარცა ჩრდილი და ეგონათ, ზემოდან დაემხობოდა მათ. აიღეთ მტკიცედ, რაც თქვენ გიბოძეთ და გაიხსენეთ რაც მასშია, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისაგან!

172 აკი, შენმა ღმერთმა ადამის შვილთა წელიდან მათივე შთამომავლობა გამოიყვანა, და საკუთარი თავის წინააღმდეგ ამოწმებინა: „განა არა ვარ თქვენი ღმერთი მე?“ უთხრეს: „დიახ, ვაღიარეთ ჩვენ.“ ჭეშმარიტად, ჩვენ არ ვუწყოდით ამას, რომ არ ეთქვათ აღდგომის დღეს.

173 ანდა არ ეთქვათ: „თუმცა ჩვენამდე, ჩვენმა მამებმა თანაზიარი გაუჩინეს და ჩვენა ვართ მათ შემდგომი შთამომავლობა. ნუთუ იმისთვის დაგვღუპავ, რაც ჰქმნეს ცრუმორწმუნეებმა?“

174 და ასე განვმარტავთ აიათებს, ეგების უკუმოიქცნენ.

175 და მათ (იუდეველებს) წაუკითხე ამბავი იმის შესახებ, რომელსაც ვუბოძეთ ჩვენი აიათები, მერე გაემიჯნა იგი მას, და მიიყოლა ეშმაკმა, ამრიგად იქცა გაუგონართაგან.
-----
[„გაემიჯნა იგი“ — გადმოცემის თანახმად, უამრავი განმარტება არსებობს: 1. ესაა იუდეველი ერთ-ერთი სწავლული, რომელმაც დაწყევლა მოსე; 2. ეს არის არაბი სწავლული, რომელიც მუჰამმედის მოვლენამე შუამავლობის მინიჭებას თავის თავზე ვარაუდობდა, მაგრამ როცა მუჰამმედს მიენიჭა შუამავლობა, მან უარყო იგი; 3. ეს არის ქრისტიანი ბერი, რომელმაც ორპირების ბრძანებით ააგო „მესჯიდი დირარი“ (ზიანის მომტანი მეჩეთი), რისი მეშვეობითაც ალლაჰის შუამავლის მასში შეტყუებასა და მის ლიკვიდაციას გეგმავდნენ.]

176 და რომ გვენება, ჩვენ ამით ავამაღლებდით მას, მაგრამ იგი გატაცებული იყო დედამიწით და აჰყვა თავის ვნებებს. ხოლო მდგომარეობა მისი ძაღლის მდგომარეობას ჰგავს, რომელსაც თუ დაესხმები, ენას გამოყოფს და როცა გაეცლები, მაშინაც ენას გამოყოფს. ესაა მაგალითი ხალხისა, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები. დროა უკვე უამბო ეს ამბავი, ეგების დაფიქრდნენ ისინი!

177 რაოდენ ცუდია მდგომარეობა ხალხის, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები და საკუთარ თავს ავნეს.

178 ალლაჰი ვისაც დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, სწორედ, იგი ადგას ჭეშმარიტ გზას, და ვისაც ჭეშმარიტ გზას ააცდენს, სწორედ ისინი არიან წაწყმედილები.

179 ვფიცავ, ჩვენ გავაჩინეთ ბევრი ჯინი და ადამიანი ჯოჯოხეთისთვის. მათ გული აქვთ, რომლითაც არ შეიმეცნებენ და მათ თვალები აქვთ, რომლითაც არ დაინახავენ და მათ ყურები აქვთ, რომლითაც არ შეისმენენ. ისინი პირუტყვებივით არიან, ოღონდ უფრო გზააბნეულნი მათზე. ისინი უგულისყურონი არიან!

180 ყველაზე საუკეთესო სახელები ალლაჰისაა. მაშ, შეევედრეთ მას ამით და განერიდეთ, რომელნიც მის სახელების შესახებ ჭეშმარიტებას ცვლიან. მალე მიეზღვებათ იმისათვის, რასაც სჩადიოდნენ!

181 ჩვენს გაჩენილთაგან, არიან ხალხი, რომელნიც ჭეშმარიტებით ხელმძღვანელობენ და ასევე ატარებენ სამართალს მისით. [ესენი არიან მუჰამმედ შუამავლის ხალხი, რომლებიც წმინდა ჰადისში არიან მოცემული].

182 და რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები, ნელ-ნელა მივიყვანთ დაღუპვამდე, ისე რომ ვერც კი გაიგებენ ამას!

183 და გადავუვადებ მაგათ. ჭეშმარიტად, ჩემი შურისგება მტკიცეა!

184. ნუთუ არ დაფიქრდებიან ისინი, რომ მათი თანამოძმე (მუჰამმედ შუამავალი) შეშლილი არ არის? იგი მხოლოდ ცხადი შეგონებაა.

185 ნუთუ არ ფიქრობენ ცათა და მიწის მეუფებაზე და იმ ყველაფერზე, რაც ალლაჰს გაუჩენია; და რომ, იქნებ, მოახლოვდა მათი ვადა? მაშ, რომელ ნათქვამს ირწმუნებენ ამის მერე?

186 ვისაც ალლაჰი გზააბნევაში ჩააგდებს, მას აღარ მოეძებნება ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი. და მიანებებს მათ. ამრიგად, ისინი ერთხანს დაძრწიან თავიანთ ნებაზე მიშვებული.

187 ისინი შენ საათის შესახებ გეკითხებიან, თუ როდის იქნება იგი? უთხარი: „ამის ცოდნა მხოლოდ ალლაჰთანაა, ვერავინ განაცხადებს მის დროს, გარდა მისი, მხოლოდ ის გაამხელს დადგენილ დროს. იგი უფრო მძიმეა, ვიდრე ცანი და დედამიწა. ის მოულოდნელად გეწევათ თქვენ.“ ისინი გეკითხებიან შენ, თითქოს იცოდე რამე ამის შესახებ. უთხარი: „ამის ცოდნა მხოლოდ ალლაჰთანაა, მაგრამ არ უწყის ხალხის უმეტესობამ.“

188 უთხარი: „მე არ ძალმიძს საკუთარ თავს მოვუტანო სარგებელი ან ზიანი, გარდა იმისა, ინებებს რასაც ალლაჰი. და რომ მცოდნოდა დაფარულის, სიკეთეს უთუოდ გავამრავლებდი და არ შემეხებოდა სიავე. სწორედ, რომ მე მხოლოდ მორწმუნე ხალხთათვის შემგონებელი და მახარობელი ვარ!“

189 იგია რომელმაც, გაგაჩინათ თქვენ ერთი სულისგან და გააჩინა მისგან მეწყვილე მისი, რათა სიმშვიდე მოეპოვებინა მასთან. როცა დაეუფლა მას, ქალმა მცირე ტვირთი იტვირთა და ცოტა ხანს დადიოდა იმით, ხოლო როცა დამძიმდა (ბავშვი მუცელში), ისინი შეევედრენ ალლაჰს, თავიანთ ღმერთს: „თუ ჩვენ კეთილშობილ (შვილს) გვიბოძებ, უთუოდ, მადლიერნი ვიქნებით ჩვენ.“

190 და როცა უნაკლო შვილი უბოძა, შეუქმნეს მას თანაზიარნი, რაც უბოძა იმით. თუმცა ალლაჰი დიადია იმაზე, რასაც თანამოზიარედ უდგენენ.

191 ნუთუ თანამოზიარედ უნდა უჩენდნენ იმას, ვინც ვერაფერს აჩენს და პირიქით, თავად არიან გაჩენილნი?

192 და არ შეუძლიათ შველა მათი, და ვერც საკუთარ თავს უშველიან.

193 და თუ სწორი გზისკენ მოუხმობთ, არ მოგყვებიან ისინი. სულ ერთია თქვენთვის, მოუხმობთ მათ, თუ მდუმარენი იქნებით თქვენ.

194 ჭეშმარიტად, რომელთაც მოუხმობთ თქვენ ალლაჰის გარდა, მსახურნი არიან ისინი, თქვენი მსგავსი. მაშ, მოუხმეთ მათ, დაე, გიპასუხონ თქვენ, თუკი ხართ მართალნი!

195 განა აქვთ ფეხები, რომლითაც დადიან; ან ხელები, რომლითაც აიღებენ; ან თვალები, რომლითაც დაინახავენ; ან ყურები, რომლითაც მოისმენენ? უთხარი (ო, მუჰამმედ): მოუხმეთ თქვენს თანაზიართ, მერე იმოქმედეთ ჩემს წინაამდეგ, და დროს ნუ გადამიწევთ.

196 ჭეშმარიტად, ჩემი მფარველი ალლაჰია, რომელმაც ზეგარდმოავლინა წიგნი. და კეთილისმქმნელთა მფარველია იგი.

197 და რომელთაც თქვენ მოუხმობთ მის გარდა, არ ძალუძთ მათ თქვენი დახმარება, და ვერც საკუთარ თავს დაეხმარებიან.

198 და თუ თქვენ მათ ჭეშმარიტებისკენ მოუწოდებთ, არ გაიგონებენ ისინი. და დაინახავ, რომ გიყურებენ შენ და ვერ გხედავენ.

199 იყავი მიმტევებელი, სიკეთისკენ მოუწოდე და ზურგი აქციე უმეცართ.

200 და თუ ეშმაკმა გიბიძგოს ცდუნებისკენ, უმალვე ალლაჰს მიეკედლე. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა.

201 ჭეშმარიტად, რომელნიც მოკრძალებულნი არიან ღვთისადმი, თუ მათ ეშმაკის მხრიდან რამე ავი შეეხოთ, გაიხსენებენ (ალლაჰს) და დაინახავენ ისინი (ჭეშმარიტებას და უკუმოიქცევიან).

202 და მათ ძმებს ჩაითრევენ ისინი ჯოჯოხეთისკენ, მაგრამ მაინც არ მოიშლიან ისინი.

203 და თუ არ მიუტან მათ (მექას მკვიდრთ) აიათს (რაც სურთ), გეუბნებიან: „განა იგი შენს მიერ არ იყო მოგონილი?“ უთხარი: „მე მივსდევ მხოლოდ იმას, რაც ჩემი ღმერთისგან შთამეგონა. ესაა ცხადი მტკიცებულებანი თქვენი ღმერთისგან, მორწმუნე ხალხთათვის ჭეშმარიტ გზად და მოწყალებად!“

204 და როცა იკითხება ყურანი, ისმინეთ იგი და გაჩუმდით, ეგების შეწყალებულ იქმნეთ თქვენ!

205. და გულში ახსენე ღმერთი შენი მოწიწებით და შიშით, და არა ხმამაღალი სიტყვებით, დილით და საღამოს. და ნუ იქნები უგუნურთაგანი!

206 ჭეშმარიტად, რომელნიც შენ ღმერთთან არიან (ანგელოზები), არ გამედიდურდებიან მისადმი თაყვანისცემისგან და განადიდებენ მას და მის წინაშე სეჯდეს აღასრულებენ!