Страницы

სურა 4 „ნისა“

„ნისა“ ქალები;  მედინური, 176 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1. ჰეი, ადამიანნო! გეშინოდეთ თქვენი ღმერთის, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ ერთი სულისგან (ადამისგან), და გააჩინა მისგან მეწყვილე (მეუღლე) მისი, ხოლო მათ ორისგან გაამრავლა უამრავი კაცი და ქალი. გეშინოდეთ ალლაჰისა, ვისითაც ურთიერთობთ ერთმანეთს შორის და გაუფრთხილდით ნათესაურ კავშირებს. ჭეშმარიტად, ალლაჰი ზედამხედველია თქვენი!

2. მიეცით ობლებს მათი ქონება და ნუ გაცვლით ცუდს კარგში. და ნუ გალევთ მათ ქონებას თქვენს ქონებასთან ერთად, ვინაიდან, ეს შეცოდებაა დიდი!

3. და თუ შიშობთ, რომ სამართლიანად ვერ მოექცევით ობლებს (ობოლ გოგონებს), დაქორწინდით სხვა ქალთაგან იმათზე, ვინც მოგწონთ (რომლებზეც ქორწინება მიზანშეწონილია ისლამის თანახმად) – ორზე, სამზე, ოთხზე. მაგრამ თუ გეშინიათ, რომ ვერ გაატარებთ მათ შორისაც სამართალს, იქორწინეთ ერთზე ან ვინც თქვენს ხელთ ქვეშ გყავთ (მხევალთაგან). სწორედ, ესაა უფრო ახლოს იმასთან, რომ ზღვარს არ გადახვიდეთ.

4. და კეთილშობილურად მიეცით ქალებს ურვადი. ხოლო თუ ისინი თავიანთი სურვილით დაგითმობენ იქიდან (ურვადიდან) რამეს, მოიხმარეთ შერგებულად, ტკბილად.
-----
[ურვადი — მიჰრი: ვალდებულია მუსლიმი მამაკაცი, როცა ქალს შეირთავს, მას მისცეს ფულადი საფასური ან სხვა რაიმე ძვირფასი, რომელიც გარანტია იქნება ქალისთვის შემდეგში.]

5. და (თქვენ მეურვენო) არ მისცეთ ვისაც არ ძალუძს განკარგვა მათი ქონებისა [კაცი ან ქალი, ვისაც არ შეუძლია ქონების განკარგვა რაღაც მიზეზების გამო, ან ბავშვი, რომელიც ჯერ ზრდასრული არ არის], რომელიც ალლაჰმა სამეურვეოდ განგიწესათ თქვენ. გამოკვებეთ და შემოსეთ ამით და უთხარით მათ სიტყვა წესისამებრ. [ე.ი. ვისზეც მეურვეობის უფლება გაქვთ, უნდა აუხსნათ, რომ მათ ქონებას კარგად ინახავთ და როცა ზრდასრული გახდებიან უკან დაუბრუნებთ და ა.შ.].

6. და გამოსცადეთ ობლები, სანამ საქორწინო ასაკს მიაღწევენ, თუ გონებრივ ზრდასრულობას შეამჩნევთ მათში, ჩააბარეთ მათ ქონება. და არ ხარჯოთ ის უზომოდ და აჩქარებით, სანამ არ დაიზრდებიან. და ვინც მდიდარია, თავი შეიკავოს, და ვინც ღარიბია, მოიხმაროს ზომიერად. ბოლოს, როცა ქონებას უბრუნებთ უკან, დაისწარით მათ წინაშე მოწმენი. და ალლაჰი კმარა ანგარიშგამომკითხველად!

7. კაცებს წილი იქიდან, რაც მშობლებმა და ნათესავებმა დაუტოვეს. და ქალებს წილი იქიდან, რაც მშობლებმა და ნათესავებმა დაუტოვეს. ცოტა თუ ბევრი წილი დადგენილია.

8. და თუ ქონების გაყოფისას ესწრებიან ნათესავები (ვისაც წილი არ აქვთ მემკვიდრეობიდან) – ობლები, უპოვრები, – მათაც უწილადეთ იქიდან და უთხარით კეთილი სიტყვა.

9. ისინი, რომელნიც სწუხან იმის გამო, რომ შეიძლება შემდგომ თავად მოუწიოთ სუსტი შთამომავლობის დატოვება, გაუფრთხილდნენ (ხელი არ ჰყონ ობლის უფლებას)! მაშ, ეშინოდეთ ალლაჰისა და სამართლიანი სიტყვა თქვან!

10. ისინი კი, რომელნიც ობლების ქონებას ჭამენ უსამართლოდ, მხოლოდ ცეცხლსა ჭამენ თავიანთ მუცლებში და სულ მალე შენთებული იქნებიან აალებულ ცეცხლში (ჯოჯოხეთში)!

11. გიწესებთ ალლაჰი თქვენი შვილებისთვის (სამკვიდროს): ვაჟს წილი, ტოლი ორი გოგოს წილისა. თუკი გოგოშვილები არიან ორზე მეტი, მაშინ მათ ორი მესამედი იმისა, რაც დაუტოვა; თუ მხოლოდ ერთია (გოგოშვილი), მაშინ ნახევარი მემკვიდრეობისა. (გარდაცვლილის) მშობლებს კი თითოეულს ერთი მეექვსედი იმისა, რაც დატოვა, თუ მას ჰყავს შვილი. და თუ შვილი არ ჰყავს და მისი მემკვიდრე მშობლები არიან, მაშინ დედას ერთი მესამედი ქონებისა. თუ ჰყავს ძმები, მაშინ დედას ერთი მეექვსედი, ანდერძით დანაბარების გამოკლებით და ვალების გასტუმრების შემდეგ. თქვენ არ იცით მათგან რომელნი უფრო სარგებლიანნი არიან თქვენთვის, თქვენი მშობლები თუ შვილები თქვენი, ეს ალლაჰისგანაა დადგენილი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
-----
[„ვაჟს წილი, ტოლი ორი გოგოს წილისა“ — იმიტომ რომ, როცა ვაჟი (ძმა) შეირთავს ცოლს, იგი ვალდებული ხდება "ურვადი" მისცეს მას, ხოლო, როცა გოგო (და) დაქორწინდება, იგი არაფერს არ გადაიხდის, არამედ მიიღებს ურვადს თავისი მეუღლისაგან;
„ანდერძით დანაბარების გამოკლებით“ — ადამიანს მხოლოდ თავისი ქონების ერთი მესამედის განკარგვის უფლება გააჩნია.]

12. თქვენ ნახევარი იმისა, რაც დაგიტოვეს თქვენმა ცოლებმა, თუ მათ არ ჰყავთ შვილები (თქვენგან ან სხვისგან). და თუ ჰყავთ შვილი, მაშინ თქვენ მემკვიდრეობის მეოთხედი ანდერძით დანაბარების გამოკლებით და ვალების გასტუმრების შემდეგ. და მათ (თქვენს ქვრივებს) მეოთხედი იმისა, რასაც თქვენ ტოვებთ, თუკი შვილი არ გყავთ; და თუ გყავთ შვილი, მაშინ მათ (თქვენს ქვრივებს) რაც დატოვეთ, იმის (მემკვიდრეობის) მერვედი ანდერძით დანაბარების გამოკლებით და ვალების გასტუმრების შემდეგ. და თუ კაცი ან ქალი ისე ტოვებს (ქონებას), რომ არ ჰყავს პირდაპირი მემკვიდრენი და ჰყავს ძმა ან და, მაშინ თითოეულს მეექვსედი; და თუ ამაზე მეტნი არიან, მაშინ იყვნენ თანაზიარნი ერთ მესამედში ანდერძით დანაბარების გამოკლებით და ვალების გასტუმრების შემდეგ, ერთმანეთისთვის ზარალის მიუყენებლად. ეს სავალდებულოა ალლაჰისგან. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, შემწყნარებელია.

13. ესაა ალლაჰის საზღვრები [ზემოთ მოხსენებული მითითებები ობლების თაობაზე და ა.შ.]. და ვინც მორჩილებს ალლაჰს და მის შუამავალს, შეიყვანს იმას სამოთხეში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება, იქ დარჩებიან სამუდამოდ, და ესაა უდიდესი ნეტარება!

14. ვინც აღუდგება ალლაჰსა და მის შუამავალს, და გადავა მის (ალლაჰის) საზღვრებს, მას იგი შეიყვანს ცეცხლში, სადაც სამუდამოდ დარჩება და მისთვისაა სასჯელი დამამცირებელი!

15. და რომელთაც იმრუშონ თქვენი ქალებიდან, მოწმენი წარადგინეთ თქვენგან ოთხი მათ წინაშე და თუ ისინი დაამოწმებენ, ჩაკეტეთ ცოლები სახლში, სანამ სიკვდილი არ წაიყვანს მათ ან სანამ ალლაჰი სხვა გზას არ დაადგენს!

16. და თქვენგან ის ორი, ვინც ამას (მრუშობას) ჩაიდენს, დასაჯეთ. თუ მოინანიებენ და გამოასწორებენ (თავიანთ საქმეს), თავი დაანებეთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.

17. ალლაჰის წინაშე მიღებული მიტევება მხოლოდ იმათთვისაა, ვინც უმეცრებით უკეთურობას სჩადის და მერე მაშინვე ინანიებს, სწორედ ასეთებს შეუნდობს ალლაჰი. ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

18. და არ არის შენდობა მათთვის, რომელნიც სჩადიან უკეთურობას, სანამ მათ სიკვდილი არ მიადგება კარზე. იტყვიან: „სწორედ ახლა მოვინანიე!“... და რომელნიც აღესრულებიან ურწმუნოდ, სწორედ მათთვის გავამზადეთ მტანჯველი სასჯელი.

19. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნებადართული არა გაქვთ, ძალით აიღოთ მემკვიდრეობაში ქალები. ან შეავიწროოთ იმისათვის, რომ წაართვათ, რაც მიგიციათ მათთვის, გარდა თუ არ ჩაუდენიათ მათ აშკარა მრუშობა. მოეპყარით მათ ღირსეულად. თუ თქვენ ისინი გძულთ, იქნებ გძულდეთ რამე, ალლაჰს კი დიდი სიკეთე ჩაედოს მასში!
-----
[„ძალით აიღოთ მემკვიდრეობაში ქალები“ — იმ დროს იყო უმეცრების პერიოდი, სადაც ქალები ნივთად აღიქმებოდნენ.]

20. და თუ მოიწადინებთ მეუღლეზე განქორწინებას და სანაცვლოდ სხვა ქალის შერთვას, და გქონდათ მიცემული რომელიმე მათგანზე (მიჰრი, ურვადი) თუნდაც დიდი რაოდენობით (უამრავი ფულადი თუ სხვა ფასეულობები), უკან არ გამოართვათ არაფერი. ნუთუ ცილისწამებით წაართმევთ მას (ურვადს) და აშკარად შესცოდებთ?

21. და როგორ წაართმევთ ურვადს, როცა თქვენ უკვე შერწყმულ იყავით ერთმანეთთან და მათ თქვენგან მტკიცე პირობა მიიღეს?

22. და არ შეირთოთ ის ქალები, რომლებიც თქვენი მამების ცოლები იყვნენ, გარდა, როგორც წარსულში მოხდა. უეჭველად, ეგ სიბილწე და სისაძაგლე იყო. და გზა ცუდი!

23. აკრძალულია თქვენთვის ცოლებად თქვენი დედები, შვილები, დები, დეიდები და მამიდები, ძმისშვილები და დისშვილები და თქვენი დედები (ძიძები), ვინც ძუძუ გაწოვათ, ძუძუმტეები, თქვენი ცოლების დედები, თქვენი გერები, რომლებიც თქვენს მეურვეობის ქვეშ არიან, ვის დედებსაც ეთანაცხოვრეთ, და თუ არ გითანაცხოვრიათ მათთან, ცოდვად არ გეთვლებათ გერების ცოლად მოყვანა. გეკრძალებათ აგრეთვე თქვენი ღვიძლი შვილების ცოლები, ასევე გეკრძალებათ ერთდროულად ორი დის ცოლად შერთვა, გარდა, რაც წარსულში მოხდა. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

24. და გათხოვილი ქალები [გეკრძალებათ მეუღლედ მოყვანა], გარდა ვინც თქვენმა ხელმა მოიპოვა. თანახმად ალლაჰის დადგენილისა თქვენდა, ნებადართულია სხვა ყველა, და ამის გარდა, ნებადართულია თქვენთვის ცოლად შეირთოთ სისპეტაკის დაცვით თქვენი ქონებით და არა გარყვნილებისთვის. ხოლო იმისათვის, რა სარგებელიც მიიღეთ მათგან, მიეცით საზღაური (ურვადი) დადგენილისამებრ. და ცოდვად არ გექმნეთ, თუკი მორიგდებით დადგენილის შემდეგ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია.

25. და თუ რომელიმე თქვენგანს ძალა არ შესწევს იმისათვის, რომ შეირთოს თავისუფალი, მორწმუნე ქალები, შეირთოს წესიერი, მორწმუნე, ახალგაზრდა მხევალნი. და ალლაჰი უკეთ უწყის, რაოდენ მორწმუნენი ხართ. თქვენ ხომ ისედაც ერთმანეთის თანასწორნი ხართ. მაშ, შეირთეთ ისინი მეურვეების თანხმობით და გადაუხადეთ ურვადნი წესისამებრ. იყვნენ პატიოსანი და არა მრუშნი, არცა გახდნენ ვისიმე საყვარელი. თუ თქვენზე გათხოვების შემდეგ იქმნენ მრუშობას, სასჯელი მათი იმის ნახევარია, რაც თავისუფალი ქალებისა. ეს ნებადართულია თქვენგან იმათთვის, ვისაც შიში აქვს მრუშობის ჩადენისა. და თუ იქნებით მომთმენნი, თქვენთვისვეა უკეთესი. ჭეშმარიტად, ალლაჰი მოწყალეა, მწყალობელია!

26. ალლაჰს ნებავს ცხადყოს (ნებადართული და აკრძალული) თქვენთვის და დაგადგინოს თქვენ იმათ გზაზე, რომელნიც თქვენს უწინარეს იყო. და მოგიტევოთ. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

27. ალლაჰს ნებავს მოგიტევოთ თქვენ, ხოლო იმათ, რომელნიც ვნებებს არიან აყოლილნი, სურთ გადაგაცდინონ ჭეშმარიტ გზას.

28. ალლაჰს თქვენთვის შემსუბუქება ნებავს, რადგანაც ადამიანი გაჩენილ იქმნა სუსტი.

29. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ერთმანეთს შორის უკანონოდ არ მიირთვათ თქვენი ქონება, მხოლოდ ვაჭრობა თუ იქნება ურთიერთთანხმობით. და თავი არ მოიკლათ. ჭეშმარიტად, ალლაჰი მოწყალეა თქვენდამი!

30. და ვინც ამას იქმს მტრობითა და უსამართლობით, მას სულ მალე შევუნთებთ ცეცხლში. და ეს იოლია ალლაჰისთვის!

31. თუ გაემიჯნებით მძიმე ცოდვებს [მკვლელობას, მრუშობას, ქურდობას...], რაც გეკრძალებათ, მოგიტევებთ ჩვენ ცოდვებსა თქვენსას და ღირსეულ შესასვლელში შეგიყვანთ თქვენ!

32. და ნუ შეგშურდებათ ის, რითიც ალლაჰმა ზოგიერთი თქვენგანი უპირატესჰყო. ხვედრია კაცებისთვის, რაც მოიპოვეს; და ხვედრია ქალებისთვის, რაც მოიპოვეს. და ითხოვეთ ალლაჰისგან მადლი მისი, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.

33. და დავუდგინეთ ჩვენ ყველას მემკვიდრენი იმაში [ქონებაში], რასაც ტოვებენ მშობლები და ნათესავები. ვისთანაც აღთქმა გაკავშირებთ, მიეცით წილი მათი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმოწმეა!

34. ქმრები მეურვეები არიან ცოლების იმ ვითარების გამო, რომლითაც ალლაჰმა უპირატესჰყო ერთიმეორისგან (ფიზიკური ძალით და ა.შ.), რადგან ხარჯავენ თავიანთი ქონებიდან. ხოლო პატიოსანი ქალები მორჩილნი (ერთგულნი) არიან თავიანთი ქმრების და ქმრების არყოფნის დროს ისე იცავენ იმათ უფლებებს, როგორც ალლაჰმა დაუწესათ. და რომელთა ურჩობასაც შიშობდეთ, იმ ქალებს ჯერ შეაგონეთ, მერე სარეცელი გაუცალკევეთ და მსუბუქი დისციპლინით დასაჯეთ; მაგრამ თუ მორჩილნი გახდნენ, გზას ნუღარ ეძებთ მათ წინააღმდეგ. ჭეშმარიტად, ალლაჰი უზენაესია, დიდებულია.

35. და თუ იგრძენით (შიშობთ), რომ ცოლ-ქმარს შორის განხეთქილებაა, წარგზავნეთ ერთი მსაჯული კაცის ოჯახიდან და ერთი ქალის ოჯახიდან. თუ სურს ორივე მხარეს მორიგება, მაშინ ალლაჰი წარმატებულს ჰყოფს მათ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ყველაფრისმცოდნეა!

36. თაყვანი ეცით ალლაჰს და არავინ თანაუზიაროთ მას. და კარგად მოეპყარით მშობლებს, ახლობლებს, ობლებს, ღატაკებს, მეზობლებს, ნათესავებსა და უცხოებს, თანამოძმეებს, მოგზაურებს და მათ, რომელნიც თქვენმა მარჯვენამ მოიპოვა. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს, ვინც არიან ქედმაღალნი, მედიდურნი –

37. ისინი, რომელნიც ძუნწობენ და ხალხსაც ძუნწობისკენ მოუწოდებენ; და მალავენ იმას, რაც ალლაჰმა უბოძა მათ თავისი წყალობისგან! ჩვენ მოვამზადეთ ურწმუნოთათვის დამამცირებელი სასჯელი!

38. და რომელნიც ხარჯავენ თავიანთ ქონებას ხალხის დასანახად და არ სწამთ ალლაჰი, არცა განკითხვის დღე; და ვისი ახლო მეგობარიც ეშმაკია, მათთვის ის რა ცუდი მეგობარია!...

39. რა ევნებოდათ მათ, რომ ეწამათ ალლაჰი და განკითხვის დღე და გაეღოთ მისგან, რაც ალლაჰმა უწილადა? ალლაჰი ხომ უკეთ უწყოდა მათ!

40. ალლაჰი იოტისოდენადაც კი არავის დაჩაგრავს, და თუ რამე სიკეთე ჰქმენით, გააორმაგებს მას და თავისი წიაღიდან უდიდეს საზღაურს მოჰმადლის!

41. და როგორღა იქნება, როცა ჩვენ მივიყვანეთ ყოველი თემიდან თითო მოწმე და შენც მოწმედ მოგიყვანეთ ამათზე?

42. იმ დღეს ინატრებენ ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს და შუამავალს ეურჩებოდნენ, რომ მიწამ ჩაყლაპოს. და ვერ დაფარავენ ისინი ალლაჰისგან ვერც ერთ სიტყვას!

43. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მიუახლოვდეთ ლოცვას, როცა ხართ მთვრალნი, სანამ არ გააცნობიერებთ რას ამბობთ; და არც როცა უსუფთაო, გზაში მყოფთა გარდა, სანამ არ განიბანებით წესისამებრ. თუ ავად ხართ, ან მოგზაურობთ, ან თუ რომელიმე თქვენგანი საპირფარეშოში გავიდა საჭიროებისათვის, ან ქალთან გქონდათ კავშირი და ვერ ჰპოვოთ წყალი, მაშინ განიბანეთ მიწით (თეიმუმი გააკეთეთ) და წაისვით სუფთა მიწა სახეზე და ხელებზე. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობელია, შემწყნარებელია!
-----
[„და არც როცა უსუფთაო“ — მენსტრუაცია (ონანიზმი), სპერმატორეა (ეშმაკის ცდუნება ძილის დროს), მეუღლესთან თანაცხოვრება. ქალთა წესები: მენსტრუაცია; და მშობიარობის შემდეგ 40 დღე.
თეიმუმი — როდესაც დიდი ან პატარა განბანვა არის საჭირო და არ მოინახება წყალი, უზენაესი ალლაჰის მიერ ამ რიტუალის გამარტივებული ვარიანტია: მიწას ორივე ხელებით ვეხებით, შემდეგ სახეზე ჩამოვისვამთ, შემდეგ ისევ მიწას ვეხებით და ვისვამთ მკლავებზე..]

44. განა არ გინახავს (იუდეველნი), რომელთაც ერგოთ ნაწილი წიგნისა (თორა), ისინი გზის აცდენას ყიდულობენ და სურთ მათ ჭეშმარიტ გზას აგაცდინონ.

45. და ალლაჰი უკეთ უწყის თქვენს მტრებს. და ალლაჰი კმარა მფარველად და შემწედ!

46. ნაწილი იმათგან, რომელნიც იუდეველნი არიან ღმერთის სიტყვას თავის ადგილს უცვლიან და ამბობენ: „მოვისმინეთ, მაგრამ არ ვემორჩილებით!“ ისმინე გაუგონარო! და „რაღინა“ – „მოგვხედე ჩვენ“, ამახინჯებენ თავიანთი ენით და ბღალავენ რწმენას. მაგრამ რომ ეთქვათ: „ვისმინეთ და ვემორჩილებით“, და „ისმინე და მოგვხედე ჩვენ“, უკეთესი იქნებოდა მათთვის და უფრო სწორი. მაგრამ დაწყევლა ისინი ალლაჰმა ურწმუნოებისათვის და არ იწამებენ, გარდა მცირედისა.
-----
[„რაღინა“ — არაბულად ნიშნავს „მოგვხედე ჩვენ“, ხოლო ებრაულად ნიშნავს ბილწსიტყვაობას.]

47. ჰეი თქვენ, რომელთაც გებოძათ ღვთიური წიგნი! ირწმუნეთ ის, რაც გარდმოგივლინეთ დასტურად იმისა, რაც იყო თქვენთან მანამდე, ვიდრე წავშლიდეთ სახეებს და უკან შემოვაბრუნებდეთ; ან დავწყევლით მათ, როგორც დავწყევლეთ შაბათის ხალხი. ჭეშმარიტად, ალლაჰის ბრძანება აღსრულდა!

48. ალლაჰი არ მიუტევებს, რომ თანაზიარნი გაუჩინონ მას, და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ინებებს ვისაც. და ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუჩენს, მაშინ უდიდეს ცოდვას სჩადის!

49. განა არ გინახავს, რომელნიც საკუთარ თავს განწმენდილად თვლიან? [ებრაელები, რომლებმაც თქვეს: „ჩვენ ალლაჰის შვილები ვართ და მისი გამორჩეული ადამიანები. ჩვენ არ გვჭირდება შეგონება და განწმენდაო“]. არამც და არამც! ალლაჰი განწმენდს, ინებებს ვისაც. და არ დაიჩაგრებიან, ხურმის კურკის ღარში აპკი რომ არის, იმდონემდეც კი!

50. შეხედე (გაოცებით), როგორ იგონებენ ალლაჰის წინააღმდეგ სიცრუეს! და კმარა იგი ცხად ცოდვად.

51. განა არ გინახავს, რომელთაც წიგნის ნაწილი ებოძათ, მათ სწამთ „ჯიბთისა და ტაღუთის“ და ეუბნებიან მათ, ვინც არ ირწმუნა: „თქვენ უფრო სწორ გზას ადგახართ, ვიდრე მორწმუნენი!“
-----
[ჯიბთი, ტაღუთი — უამრავი განმარტება გააჩნია, მაგრამ იქრემის განმარტებას ვანიჭებთ უპირატესობას: ჯიბთი და ტაღუთი წარმართების ორი კერპთაგანია; ასევე ტაღუთი არის ის ყველაფერი, რაც ეშმაკისეულია.
„და ეუბნებიან მათ, ვინც არ ირწმუნა“ — ებუ სუფიანს და მის მიმყოლთ: „ჩვენ და თქვენ უფრო ჭეშმარიტ გზაზე ვადგავართ, მუჰამმედმა კი მამა-პაპათა რელიგიას უღალატაო“.]

52. აი ისინი, რომელნიც დაწყევლა ალლაჰმა. ხოლო ალლაჰი ვისაც დაწყევლის, იმას შემწეს ვერ მოუნახავ შენ!

53. ან იქნებ მათ წილი აქვთ ძალაუფლებასა და ქონებაში? ასეც რომ იყოს, ისინი ხალხს ხურმის კურკის ღარის ტოლასაც კი არ მისცემენ.

54. ან იქნებ (იუდეველებს) შურთ ხალხის (არაბების), იმის გამო, რაც ალლაჰმა უბოძა მათ თავისი სიკეთისგან? ჩვენ ხომ იბრაჰიმის მოდგმას წიგნი და სიბრძნე ვუბოძეთ და დიდი ძალაუფლება მოვმადლეთ მათ.
-----
[აბრაამს შეეძინა ისააკი და ისმაელი; ისმაელს – კედარი (ერთ-ერთი პირმშო); ხოლო კედარის შთამომავალნი არიან არაბები.
(დაბადება 16:10-12) – „უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აჰა, ორსულადა ხარ, შობ ვაჟს, და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოჰხედა უფალმა შენს ჩაგვრას. კანჯარივით იქნება იგი ადამიანთა შორის. მისი ხელი ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი მის წინააღმდეგ! თავის ძმათა პირისპირ იცხოვრებს იგი.“
(დაბადება 25:12-18) – „ეს არის მოდგმა აბრაამის ძის, ისმაელისა, რომელიც უშვა აბრაამს აგარმა, სარას მხევალმა. ეს არის ისმაელის ძეთა სახელები, სახელდებით მათი მოდგმისდა მიხედვით: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, მერე კედარი, ადბეელი და მიბსამი, მიშმაყი, დუმა და მასსა, ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედმა. ესენი არიან ისმაელის ძენი; სახლობდნენ ხავილადან მოყოლებული შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ, აშურისკენ თუ მიდიხარ. ყველანი ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ.“
(ესაია 42:10-11) – „უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, მისი სადიდებელი ქვეყნის კიდეთაგან, ვინც ზღვაში დახვალთ და ყველამ, რაც მას ავსებს, კუნძულებო და მისთა მკვიდრნო! ხმა აღიმაღლოს უდაბნომ და მისმა ქალაქებმა, დაბა-სოფლებმა, სადაც კედარი ცხოვრობს, იზეიმონ კლდეთა მცხოვრებლებმა, მთათა მწვერვალიდან იყიჟინონ!“
უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა“ — მესჯიდი ჰარამში, სადაც მდებარეობს ქააბა, განუწყვეტლივ იკითხება წმინდა ყურანი; ყურანის კითხვა იგივე გალობაა.]

55. ხოლო მათგან ვინც ირწმუნა მისი (მუჰამმედისა) და ვინც პირი იბრუნა მისგან, მათ გაუსწორდება ჯოჯოხეთის აალებული ცეცხლი!

56. მათ, რომელთაც უარყვეს ჩვენი აიათები, სულ მალე შევუნთებთ ცეცხლში! ყოველ ჯერზე, როცა მათ დაეწვებათ კანი, შევუცვლით სხვა კანით, რათა იგემონ სასჯელი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!

57. ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, სულ მალე სამოთხეებში შევიყვანთ მათ, სადაც ძირს მდინარეები მოედინება და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან. მათთვისაა იქ უმწიკვლო მეუღლეები. და შევიყვანთ მათ გასაგრილებლად ჩრდილში.

58. ალლაჰი გიბრძანებთ, რომ ანაბარი უკან დაუბრუნოთ თავის პატრონებს და როცა განსჯით ადამიანთა შორის, სამართლიანად განსაჯოთ. ჭეშმარიტად, რა მშვენიერია ალლაჰის შეგონება! ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმხედველია!

59. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს და დაემორჩილეთ შუამავალს და ხელმძღვანელს თქვენ შორის (თუკი მოგიწოდებენ ჭეშმარიტებისკენ). ამის შემდეგ თუ რამე სადაო გაქვთ, მიუბრუნეთ იგი ალლაჰსა და შუამავალს [ეძიეთ ალლაჰის წიგნში და შუამავლის სუნნეთში – ჰადისებში]. თუ გწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, ეს უკეთესია და მშვენიერი გამოსავალი ექნება მას!

60. განა არ გინახავს, რომელნიც ამტკიცებენ, რომ იწამეს რაც შენ გარდმოგევლინა და რაც ზეგარდმოევლინათ შენ უწინ და უნდათ ტაღუთმა განსაჯოს მათ შორის? არადა მათ ნაბრძანები აქვთ უარყონ იგი, ხოლო ეშმაკს უნდა ჭეშმარიტ გზას ააცდინოს ისინი და ღრმა გზააბნევაში ჩააგდოს.

61. და როცა ეტყვიან მათ: „აბა მოდით, რაც ალლაჰმა ზეგარდმოავლინა და შუამავალთან!“ დაინახავ, თვალთმაქცნი როგორ გაგეცლებიან შენ სახეშებრუნებულნი.

62. და მაშინ როგორღა იქნება, როცა თავს უბედურება დაატყდებათ იმისათვის, რაც ხელებს მათსას წაუმძღვარებია! მოდიან მერე შენთან და იფიცებიან ალლაჰზე: „მხოლოდ სიკეთე და თანხმობა გვსურდა ჩვენო!“

63. აი ისინი (იუდეველები, ქრისტიანები), ალლაჰმა უწყის რა უდევთ გულებში. განერიდე მათ, და შეაგონე ისინი და სიტყვა მათ შესახებ შთამბეჭდავი უთხარი მათ!

64. ჩვენ არც ერთი შუამავალი არ წარმოგვიგზავნია, თუ არა იმისთვის, რომ დამორჩილებოდნენ ალლაჰის ნებით. და ისინი როცა თავიანთ თავს ავნებდნენ, შენთან რომ მოსულიყვნენ და მიტევება ეთხოვათ ალლაჰისთვის და მიტევება შეეთხოვა (ალლაჰზე) მათთვის შუამავალს, ჭეშმარიტად, დაინახავდნენ ისინი, რომ ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია!

65. მაგრამ არა! შენს ღმერთს ვფიცავ! ნამდვილი მორწმუნენი ვერ იქნებიან ისინი, სანამ მსაჯულად არ დაგადგენენ იმისა, რის გამოც დაობდნენ ერთმანეთში. შემდეგ კი შენს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან სრულად და თავიანთ თავში არ ექნებათ საჭოჭმანო.

66. და რომ მათთვის დაგვედგინა ჩვენ: „მოიკალით თქვენი თავი! ან გადით თქვენი სახლებიდან!“ არ გააკეთებდნენ ამას, გარდა მცირედისა მათგან. და რომ აღესრულებინათ ის, რაც შეეგონათ, მათთვისვე იქნებოდა უკეთესი და ყველაზე უფრო განამტკიცებდა მათ.

67. და მაშინ რომ ერწმუნათ, ვუბოძებდით მათ ჩვენი წიაღიდან საზღაურს უდიდესს.

68. და ვუწინამძღვრებდით ჭეშმარიტ გზაზე!
-----
[როცა მოევლინა ეს წმინდა აიათი, საჰაბეებმა შუამავალს კითხვით მიმართეს: „შენ უმაღლეს სამოთთხეში იქნები, ჩვენ კი უმდაბლესში, არა?“ შემდგომ ჩამოდის მომდევნო აიათი.]

69. და ვინც ჰმორჩილებს ალლაჰსა და მის შუამავალს, მაშინ ისინი იმათთან ერთად იქნებიან, რომელთაც სიკეთე უბოძა ალლაჰმა: შუამავალთა, მართალთა, შეჰიდებთა და ღვთისმოსავთა გვერდით. და რა მშვენიერი მოყვასნი არიან ისინი!

70. ესაა სიკეთე ალლაჰისგან. და კმარა ალლაჰი ყველაფრის მცოდნედ!

71. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! აისხით (აიღეთ) საომარი აღჭურვილობა (ხმალ-აბჯარი) თქვენი, და გადით საომრად ჯგუფებად ან გადით ერთობლივად! [აღჭურვილი იყავით მტრის წინაშე და მზადყოფნაში საშიშროების წინაშე].

72. და თქვენ შორის არიან ისინი, ვინც ზოზინს დაიწყებს (ბრძოლისას) და, თუ რაიმე უბედურება დაგემართებათ, იტყვის: ალლაჰმა წყალობა გაიღო ჩემზე, რომ არ ვიყავი მათთან ერთადო.

73. და თუ თქვენ სიკეთე [გამარჯვება და ნადავლი] გეწიათ ალლაჰისგან, აი, მაშინ იტყვის, – ისე, თითქოს არ იყო თქვენს შორის ნაცნობობა: ო, ნეტავ მეც ვყოფილიყავი მათ გვერდით, რომ უდიდესი წარმატება მრგებოდა წილადო.

74. დაე, იბრძოლონ ალლაჰის გზაზე იმათ, რომელნიც ამქვეყნიური ცხოვრებით იმქვეყნიურ ცხოვრებას ყიდულობენ. და ვინც იბრძოლოს ალლაჰის გზაზე, და შემდეგ დაიღუპოს (დაეცეს) ან გაიმარჯვოს, სულ მალე ჩვენ მას ვუბოძებთ უდიდეს საზღაურს!

75. და რა გემართებათ თქვენ, რომ არ იბრძვით ალლაჰის გზაზე უმწეო კაცთა, ქალთა და ბავშვთა გულისათვის, რომელნიც ამბობენ: „ღმერთო ჩვენო! გვიხსენი ამ დაბისგან, რომლის მკვიდრნიც სასტიკნი არიან და ჩვენ დაგვიდგინე შენი წიაღიდან მფარველი და შემწეო!“

76. რომელთაც იწამეს, იბრძვიან ალლაჰის გზაზე; ხოლო რომელთაც უარყვეს, იბრძვიან ტაღუთის გზაზე. მაშ, შეებრძოლეთ ეშმაკის მეგობრებს, ჭეშმარიტად, უძლურია მზაკვრობა ეშმაკისა!

77. განა არ გინახავს, რომელთაც ებრძანათ: „აიღეთ ხელები თქვენი და აღავლინეთ ლოცვა და გაეცით სავალდებულო მოწყალება!“ და როცა დაწესებული იქნა მათზე ბრძოლა, მათგან ნაწილს ეშინოდა ხალხის, როგორც უნდა ეშინოდეთ ალლაჰის, ან უფრო ძლიერი შიშით. და თქვეს მათ: „ღმერთო ჩვენო! რატომ დაადგინე ბრძოლა ჩვენზე? განა არ შეიძლება გადაგვივადო მცირე ხნით?!“ უთხარი: „ამქვეყნიური ცხოვრების სიამოვნება ხანმოკლეა, საიქიო ცხოვრება იმათთვის უკეთესია, ვინც ღვთისმოშიშია და არ დაიჩაგრებიან ხურმას კურკის ღარში აპკი რომ აქვს, იმ დონეზეც კი!“

78. სადაც არ უნდა იყოთ, სიკვდილი მოგწვდებათ თქვენ, თუნდაც რომ იყოთ მტკიცე კოშკებში. და თუ ეწიათ სიკეთე, ამბობენ: „ეს ალლაჰის წიაღიდან მოდის!“ და თუ ეწიათ უბედურება, გეუბნებიან: „ეს მოდის შენგან!“ უთხარი შენ: „ყველაფერი ალლაჰისგანაა!“ და რა ემართება ამ ხალხს, რომ არ ცდილობენ ნათქვამის გაგებას?

79. რაც კარგი რამ გეწიოს შენ, ალლაჰისგანაა ის, და რაც ცუდი რამ გეწიოს, შენი საკუთარი თავისგანაა. და ჩვენ შენ წარგგზავნეთ ხალხთან შუამავლად. და კმარა ალლაჰი მოწმედ!

80. ვინც ჰმორჩილებს შუამავალს, ის მორჩილია ალლაჰისა. და ვინც შეგაქციოს სახე, მაშ, არ წარგვიგზავნიხარ შენ მათდა გუშაგად!

81. და ამბობენ (როცა ბრძანებას მოგივლენთ): „გმორჩილებთ!“ მაგრამ, როცა წავლენ შენგან, მათგან ერთი ჯგუფი ღამით ჩუმად თხზავს იმას, რაც არ გითქვამს შენ. ალლაჰი იწერს იმას, რაც ღამით ჩუმად განიზრახეს. ზურგი აქციე მათ და მიენდე ალლაჰს. და კმარა მფარველად ალლაჰი!
-----
[„ალლაჰი იწერს“ — უბრძანებს ანგელოზებს, რომ ჩაიწერონ მათი ყველა ნამოქმედარი.]

82. ნუთუ ისინი ყოველმხრივად არ გაიაზრებენ ყურანს? და რომ ყოფილიყო ალლაჰის გარდა სხვა წიაღიდან მოვლენილი, მასში, უთუოდ, უამრავ გაუგებრობას იპოვიდნენ.

83. და როცა მათ ყურამდე აღწევს ცნობა მშვიდობისა (გამარჯვებისა) თუ საშიშროებისა (დამარცხებისა), ისინი მოსდებენ ამას ქვეყანას. და რომ ის (ამბავი) შუამავლისათვის ან თავიანთ თავკაცებისათვის ეცნობებინათ, რომელნიც დედაარსს გაანალიზებდნენ (და ყველასათვის რომ არ მოედოთ), მაშინ, უთუოდ, გაიგებდნენ მას. რომ არა ალლაჰის სიკეთე (ისლამის სახით) თქვენდამი და წყალობა (ყურანი) მისი, უსათუოდ ეშმაკს გაჰყვებოდით თქვენ, მცირედის გამოკლებით.

84. მაშ, (ო, მუჰამმედ) იბრძოლე ალლაჰის გზაზე, შენ მხოლოდ თავისთავზე აგებ პასუხს და წაახალისე მორწმუნენი. ეგებ ალლაჰმა შეაკავოს ურწმუნოთა მრისხანება. რამეთუ ალლაჰი მძლეთამძლეა მრისხანებასა და სასჯელში!
-----
[არ იგულისხმება მხოლოდ ფიზიკური ბრძოლა მათ მიმართ, რომელნიც თავს არ ესხმიან და არ ავიწროებენ მშვიდობიან მოსახლეობას თავიანთ მიწა-წყალზე, არამედ იგულისხმება სიტყვით შეგონება (ენით ბრძოლა), რომ „ეგებ შეკავდეს ურწმუნოთა მრისხანება“.
შეაკავოს ურწმუნოთა მრისხანება“ — ასევე ამ სიტყვებიდან გამოიკვეთება ის, რომ ურწმუნოები პირველები იწყებდნენ ომს და ბრძოლას მუსლიმთა წინააღმდეგ, მათ აძევებდნენ და ავიწროებდნენ, ასევე უკრძალავდნენ მექა-მედინაში შესვლასა და მოლოცვას; მათთვის მიუღებელი იყო მუჰამმედის გამოცხადება, რადგან მათი ინტერესების, კონკრეტულად კი ვაჭრობის წინააღმდეგ დიდ საფრთხეს ხედავდნენ, ამ ერთ-ერთი მიზეზის გამოც ხდებოდა დიდი წინააღმდეგობების გაწევა.]

85. ვინც იშუამდგომლებს კეთილად – მას წილი ექნება მისგან, და ვინც იშუამდგომლებს ბოროტად – მას წილი ექნება მისგან. ჭეშმარიტად, ალლაჰს ძალუძს ყველაფერი!

86. და როცა სალმით გესალმებიან, იმაზე უკეთესით მიესალმეთ ან ისეთივე დაუბრუნეთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყველა საქციელზე პასუხს აგებინებს!
-----
[თუკი ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფს გადააწყდება, მათგან რომელიმე ჯგუფის მისალმება სუნნეთია – კარგია, ხოლო სალამის გამორთმევა ფარძია – ცუდია.]

87. არ არსებობს ღვთაება, გარეშე მისი – ალლაჰისა! იგი ჭეშმარიტად, შეგკრებთ თქვენ აღდგომის დღეს, ეჭვი არ არის მასში! და ვისი სიტყვაა ალლაჰის სიტყვაზე უფრო მართალი?!

88. და რა გემართებათ, თვალთმაქცთა მიმართ ორ ჯგუფად რომ გაიყეთ თქვენ? ალლაჰმა უკან შეატრიალა ისინი იმისათვის, რაც მოიგეს. ნუთუ ის გსურთ თქვენ, რომ ჭეშმარიტ გზას დაადგინოთ ისინი, ვისაც გზა აუბნია ალლაჰმა? და ვისაც გზა აუბნია ალლაჰმა, იმას გზა ვერ მოუნახო შენ!

89. მათ სურდათ, რომ თქვენ ურწმუნოები გამხდარიყავით, ისეთივე, როგორიც თავად არიან, რომ ერთნაირები ყოფილიყავით. არ დაიამხანაგოთ მათგან არავინ, სანამ არ გადასახლდებიან ალლაჰის გზაზე [სანამ არ გააკეთებენ ჰიჯრას]; და თუ უკან დაბრუნდებიან, დაიჭირეთ და მოკალით, სადაც წააწყდებით. და არ აიყვანოთ მათგან არც მეგობრად და არც დამხმარედ,

90. გარდა მათი, ვინც იმ ხალხს ეკუთვნის, რომელთანაც შეთანხმება (ზავი) გაქვთ დადებული თქვენ; ანდა ვინც მოსულა თქვენთან და გული არ აძლევს გეომოს თქვენ, ან საკუთარ ხალხს ეომოს; და თუ ინებებდა ალლაჰი, ძალას მისცემდა თქვენზე და მაშინ ომს დაგიწყებდნენ ისინი. ხოლო თუ გაგეცალონ და არ გეომონ და მშვიდობა შემოგთავაზონ, მაშინ მათ წინააღმდეგ ალლაჰი გზას არ გაგიმართავთ თქვენ! (უფლებას არ მოგცემთ მათ წინააღმდეგ იბრძოლოთ).

91. და ნახავთ სხვებს, რომელთაც უნდათ ერთგულნი იყვნენ თქვენი და ერთგულნი იყვნენ თავიანთი ხალხისაც, მათ ყოველთვის, როცა ცდუნებისკენ უბიძგებენ, ჩაეფლობიან მასში. და თუ არ გაგეცალონ და მშვიდობა არ შემოგთავაზონ და ხელები არ გააჩერონ, მაშინ, დაიჭირეთ და მოჰკალით, სადაც წააწყდებით. ამათზე სრული უფლება მოგვიცია თქვენთვის!

92. და არ შეიძლება, მორწმუნემ მორწმუნე მოკლას, უნებლიე შემთხვევის გარდა. და ვინც შემთხვევით მოკლას მორწმუნე, დაეკისროს ერთი მორწმუნე მონის გათავისუფლება და სისხლის გამოსასყიდი [რომელიც განისაზღვრება ასი აქლემით] მისი ოჯახისათვის, თუ არა პატიებისა. ხოლო თუ მოკლული თქვენი მტერი ხალხისგანაა [ვისთანაც გაქვთ ომი – კონკრეტული ომი, რომელიც იყო იმ პერიოდის არაბეთში] და თვითონ კი მორწმუნე, მაშინ ერთი მორწმუნე მონის გათავისუფლება [მაგრამ არ უნდა გადაუხადოს სისხლის საფასური]. და თუ იმ ხალხისგანაა, ვისთანაც შეთანხმება (ზავი) გაქვთ თქვენ, მაშინ სისხლის გამოსასყიდი მისი ოჯახისათვის და ერთი მორწმუნე მონის გათავისუფლება; და ვისაც არა მოეპოვება, მაშინ მარხულობა ზედიზედ ორი თვის განმავლობაში ალლაჰის წინაშე მოსანანიებლად. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

93. და ვინც მორწმუნეს მოკლავს განზრახ, ჯოჯოხეთია მისი საზღაური, სადაც დარჩება მუდმივად. განურისხდა მას ალლაჰი და დაწყევლა იგი და გაუმზადა მას სასჯელი საშინელი!

94. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა გაეშურებით (საბრძოლველად) ალლაჰის გზაზე, განასხვავეთ (მორწმუნე ურწმუნოსაგან) და ამქვეყნიური სიუხვის მოხვეჭის სურვილით არ უთხრათ იმას, ვინც მშვიდობას შემოგთავაზებთ: „შენ არა ხარ მორწმუნე!“ მაშინ, როცა ალლაჰთანაა ურიცხვი ალაფი. ასეთი იყავით უწინ, მაგრამ ალლაჰმა წყალობა მოიღო თქვენზე. ამიტომ გაიაზრეთ, ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის რასაც სჩადიხართ!

95. და ერთმანეთის თანასწორნი არ არიან ის მორწმუნენი, რომელნიც სახლში სხედან უმიზეზოდ, და ისინი, რომელნიც ალლაჰის გზაზე იბრძვიან თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით. ალლაჰმა თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით მებრძოლნი ერთი საფეხურით აღამაღლა შინ მსხდომებზე. და ყველას სიკეთე აღუთქვა ალლაჰმა, მაგრამ მებრძოლნი შინ მსხდომებზე უპირატესჰყო უდიდესი ჯილდოთი.

96. ხარისხები მისგანაა, მიტევებაც და წყალობაც. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

97. ჭეშმარიტად, როცა ანგელოზებმა მიიბარეს ისინი, რომელნიც საკუთარ თავს ვნებდნენ [ჰიჯრა არ გააკეთეს და ურწმუნოებთან დარჩენა არჩიეს], შეეკითხნენ: „რითი იყავით დაკავებული?“ მიუგეს: „უძლურნი ვიყავით მიწაზე (მექაში)!“ უთხრეს: „განა არ იყო ალლაჰის მიწა იმდენად ვრცელი, რომ სხვაგან გადასახლებულიყავით [როგორც ეს გააკეთეს სხვა დანარჩენმა, გადასახლდნენ ეთიოპიაში და მედინაში]?“ აი ისინი, რომელთა თავშესაფარი ჯოჯოხეთია. და რა საძაგელი თავშესაფარია?!
-----
[622 წელს მუჰამმედი ოჯახის წევრებთან და მის მიმდევრებთან ერთად იასრიბში გადავიდა – ამ მოვლენას ჰიჯრა ეწოდა, (არაბ. „ალ-ჰიჯრა“ – გადასახლება). 622 წელი – ჰიჯრის წელი – ხალიფა ომარმა 638 წელს ახალი, ჰიჰჯრის წელთაღრიცხვის პირველ წლად გამოაცხადა.
იასრიბს მოგვიანებით ეწოდა „მადინათ ან-ნაბი“ – „მოციქულის ქალაქი“ – მედინა.]

98. გარდა უძლური კაცებისა, ქალებისა და ბავშვებისა, რომელთაც არ ძალუძთ იღონონ რამე და არცა შეუძლიათ გზას დაადგნენ (რომ გადასახლდნენ მექადან),

99. ეგების მიუტევოს ალლაჰმა მაგათ; ალლაჰი ხომ შემნდობია, შემწყნარებელია!

100. და ვინც გადასახლდება ალლაჰის გზაზე, ის იპოვის დედამიწაზე აუარებელ გადასასახლებელ ადგილსა და სარჩოს. და ვინც გაემგზავრება ალლაჰისა და მისი შუამავლის გულისათვის და თავის სახლს მიატოვებს, შემდგომ კი მას ეწიოს სიკვდილი (გზაში), საზღაური მისი ალლაჰზეა. ალლაჰი ხომ შემწყნარებელია, მწყალობელია!

101. და როცა მოგზაურობთ ამ მიწაზე, ცოდვად არ გეთვლებათ, თუ ლოცვას შეამოკლებთ [თუ ოთხმუხლიან ფარძებს ილოცებთ ორ მუხლად], თუკი შიშობთ, რომ რაიმეს გავნებენ ისინი, რომელნიც ურწმუნონი არიან. ჭეშმარიტად, ურწმუნონი აშკარა მტრები არიან თქვენდამი!

102. და როცა შენ (ო, მუჰამმედ!) მორწმუნეთა შორის ხარ (ომში) და წარმართავ მათ ლოცვით (და თუ საფრთხე მოგელით მტრისგან), შენთან ერთად ილოცოს ერთმა ჯგუფმა იარაღით ხელში. როცა პირველი ჯგუფი ლოცვას დაასრულებს, შენ უკან დადგნენ და მოვიდეს მეორე ჯგუფი, რომელსაც ჯერ არ ულოცია და შენთან ერთად განაგრძოს ლოცვა. მაგრამ ფრთხილად იყვნენ და იარაღი ჰქონდეთ თან. ვინც ურწმუნოა, ნატრობს უგულისყუროდ დატოვოთ იარაღი და აღჭურვილობა (როცა ლოცვად დგახართ), რომ მოულოდნელად დაგესხან თავს. ცოდვად არ გეთვლებათ, თუ იარაღს განზე გადადებთ წვიმით შეწუხებულნი ან ავად მყოფნი. და იყავით ფხიზლად! ჭეშმარიტად, ალლაჰმა გაუმზადა ურწმუნოებს სასჯელი დამამცირებელი!

103. და როცა ლოცვას დაასრულებთ, ფეხზე მდგომნი იქნებით, მჯდომარენი თუ დაწოლილნი, ახსენეთ ალლაჰი. და როცა უსაფრთხოდ იქნებით, ლოცვა აღასრულეთ სრულად. ჭეშმარიტად, მორწმუნეებისთვის ლოცვა დადგენილია (სავალდებულოა) განსაზღვრულ დროს.

104. არ გამოიჩინოთ სისუსტე, როცა ზდევნით მტრებს. და თუ თქვენ იტანჯებით, ისინიც იტანჯებიან სწორედ ისე, როგორც თქვენ იტანჯებით, და თქვენ ალლაჰისგან იმის იმედი გაქვთ, რისი იმედიც მათ არ გააჩნიათ. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

105. გარდმოგივლინეთ შენ ღვთიური წიგნი ჭეშმარიტებით, რათა განსაჯო ადამიანებს შორის ისე, როგორც ალლაჰმა დაგიდგინა. და ნუ იქნები დამცველად მოღალატენისა!

106. და შესთხოვე ალლაჰს მიტევება; ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

107. და არ გამოექომაგო იმათ, ვინც საკუთარ თავს ღალატობს. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს მოღალატეები, ცოდვილები!

108. მალავენ ხალხისგან, მაგრამ ვერ დაუმალავენ ალლაჰს. და იგი მათთანაა, როცა ისინი ფარულად ადგენენ, რაც არ მოსწონს. ჭეშმარიტად, ალლაჰი გარემოიცავს იმას, რასაც ისინი აკეთებენ!

109. აი, თქვენ ექომაგებით მაგათ ამქვეყნიურ ცხოვრებაში, მაგრამ ვინ გამოექომაგება ალლაჰთან განკითხვის დღეს, ან ვინ იქნება თავდები მათი?

110. და ვინც იქმს სიავეს ან თავის სულს ავნებს, მერე კი ალლაჰს მიტევებას სთხოვს, იხილავს ალლაჰს შემნდობელსა, მწყალობელსა!

111. და ვინც შეიძენს ცოდვას, დიახაც, რომ ის იძენს თავის საზიანოდ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

112. და ვინც უნებლიეთ ჩაიდენს ცოდვას ან შესცოდებს (განზრახ), მერე კი ამას უცოდველს გადააბრალებს, უეჭველად, იტვირთავს იგი ცილისმწამებლობასა და აშკარა ცოდვას!

113. და ალლაჰის მადლი რომ არა და წყალობა მისი შენზე (ო, მუჰამმედ), ერთი ჯგუფი მათგან ყველაფერს იღონებდა, რომ გზას აეცდინე შენ. მაგრამ ისინი ვერავის ააცდენენ გზას, საკუთარი თავის გარდა, და ვერ გავნებენ ვერაფერს. და ალლაჰმა გარდმოავლინა წიგნი და სიბრძნე და შეგასწავლა ის, რაც არ იცოდი. და ალლაჰის მადლი უდიდესია შენდა!

114. არ არის სიკეთე მათ მრავალგზის საიდუმლო თათბირობებში, გარდა იმისა, სადაც მოუწოდებენ გაიღონ მოწყალება, ან კეთილი საქმე, ან შერიგება ადამიანებს შორის, და ვინც ალლაჰისაგან კეთილმოწყალების სურვილით იქმს ამას, მაშ, მივაგებთ მას უდიდეს ჯილდოს!

115. და ვინც განუდგება შუამავალს იმის შემდგომ, როცა ჭეშმარიტება ცხადი გახდა მისთვის, და იგი დაადგება გზას, რომელზეც არ ადგანან მორწმუნენი, ჩვენ მივაქცევთ მას, საითკენაც შეტრიალდა და შევუნთებთ მას ჯოჯოხეთში. და რა საზიზღარია ეს მისაქციელი!

116. უეჭველად, არ მიუტევებს ალლაჰი მისთვის თანაზიარის გაჩენას, და მიუტევებს სხვა ყველაფერს, ინებებს ვისაც. და ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუჩენს, დიახაც, რომ დიდი გადაცდომით გადავიდა იგი გზას!

117. მხოლოდ კერპებს უხმობენ მის (ალლაჰის) მაგივრად, და მხოლოდ უხმობენ ურჩ ეშმაკს.

118. ალლაჰმა დაწყევლა იგი (ეშმაკი) და თქვა (ეშმაკმა): შენს მსახურთაგან ერთი ნაწილს დავეუფლები მე,

119. გზა-კვალს ავურევ მათ და (წუთისოფლის) ოცნებებით გავართობ, ვუბრძანებ მათ ყურები დააჭრან საქონელს, ვუბრძანებ, რომ სახე უცვალონ ალლაჰის გაჩენილს. და ვინც ალლაჰის მაგივრად ეშმაკს აიყვანს მეგობრად, აშკარად დაზარალდება იგი.

120. ჰპირდება მათ და ოცნებებით აცდუნებს, და რასაც ჰპირდება ეშმაკი, მხოლოდ ცდუნებაა ის.

121. აი ისინი, რომელთა სამყოფელიც ჯოჯოხეთია, და გამოსასვლელს ვერ იპოვიან იქიდან.

122. და რომელთაც იწამეს და ჰქმნეს სიკეთენი, სულ მალე მოვათავსებთ სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება, იქ დარჩებიან სამუდამოდ, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტებაა. და ვისია სიტყვა ალლაჰის სიტყვაზე უფრო ჭეშმარიტი?!

123. არა თქვენი ოცნებებისამებრ და არცა წიგნის ხალხის ოცნებებისამებრ, ავის მქმნელს ავითვე მიეზღვება, და ალლაჰის გარდა ვერ იპოვიან ვერცა მფარველს და ვერცა შემწეს!

124. და ვინც იქმს სიკეთეს, კაცი იქნება ეს თუ ქალი, და არის ის მორწმუნე, სწორედ, შევლენ სამოთხეში ისინი და არ დაიჩაგრებიან, ხურმის კურკას ღარი რომ აქვს, იმის ტოლაზეც!

125. და ვინაა სარწმუნოებით უფრო უკეთესი იმაზე, ვინც ჩააბარა თავისი თავი ალლაჰს. ის კეთილისმქმნელია და გაჰყვა იბრაჰიმის რელიგიას, როგორც ერთმორწმუნის და ალლაჰმა იბრაჰიმი გამოარჩია მეგობრად.

126. და ალლაჰს ეკუთვნის რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი ხომ ყველაფრის გარემომცველია.

127. შენგან ნებავთ განმარტება ქალების (მემკვიდრეობის) შესახებ, უთხარი: ალლაჰი გამცნობთ მათ შესახებ, და ასევე ობოლ ქალებთა მიმართებაში, რომელთაც არ აძლევთ იმას, რაც მათ ეკუთვნით და გწადიათ მათი ცოლად შერთვა (რათა ხელში ჩაიგდოთ მათი მემკვიდრეობა); და ასევე უსუსური ბავშვების თაობაზე, სამართლიანად რომ უნდა მოექცეთ ობლებს (გადასცეთ მემკვიდრეობა და გადაუხადოთ ურვადი), როგორც ეს ღვთიურ წიგნში (ყურანში) გიწერიათ; და რა სიკეთეც ჰქმნათ, ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის მას!

128. და თუ ქალი შიშობს, რომ ყურადღებას არ მიაქცევს ქმარი მისი ან უგულებელჰყოფს [თუ ეშინია, რომ მიატოვებს საწოლში, არ შემოსავს და არ დააპურებს წესისამებრ ან თვალი გაექცევა სხვა ქალზე], ცოდვად არ ჩაეთვლებათ, თუ დადებენ ერთმანეთში შეთანხმებას. შეთანხმება უფრო უკეთესია. და თან სდევს ადამიანს ძუნწობა. და თუ გამოსწორდებით [აღადგენთ სამართალს ცოლებისადმი] და იქნებით ღვთისმოშიშნი, რამეთუ, ალლაჰმა იცის რასაც აკეთებთ!

129. თქვენ ვერასდროს შეძლებთ ერთნაირად სამართლიანნი იყოთ (სიყვარულში) ქალებისადმი, თუნდ გულით მოინდომოთ ეს. მაგრამ მთლად ნუ გადაიხრებით ერთისკენ და მეორეს ნუ დატოვებთ მიტოვებულივით. და თუ გამოსწორდებით [აღადგენთ სამართალს ცოლებისადმი] და იქნებით ღვთისმოშიშნი, ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

130. და თუ გაეყრებიან, ალლაჰი გაუმრავლებს ორივეს სიუხვეს. და ალლაჰი ხომ გულუხვია, ბრძენია!

131. ალლაჰისაა რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. დავუდგინეთ მათ, რომელთაც თქვენ უწინ ებოძათ ღვთიური წიგნი [თორა, სახარება] და თქვენ [ყურანის ხალხო], რომ გეშინოდეთ ალლაჰისა! და თუ უარყოფთ, ალლაჰისაა ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლადმდიდარია, ყოვლადქებულია!

132. ალლაჰისაა რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი კმარა მფარველად! [განმეორებულია ზემოთ მოხსენებული აიათის გასამტკიცებლად].

133. და თუ ინებებს, წაგიყვანთ [გაგანადგურებთ] თქვენ, ადამიანებო და მოიყვანს [ჩაანაცვლებს] სხვებს. ჭეშმარიტად, ალლაჰს ძალუძს ეს!

134. ვისაც სურს ამქვეყნიური სიკეთე, ალლაჰთანაა სიკეთე ამქვეყნიურიც და იმქვეყნიურიც. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისდამნახავია!

135. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე მოწმენი, სამართლის აღმდგენი. და ეს (მოწმეობა) რომც იყოს თქვენს წინააღმდეგ, ან თქვენი მშობლებისა და ნათესავების, მდიდარი იქნება ის თუ ღარიბი, რადგანაც ალლაჰი უფრო ახლოსაა ორივესთან, მაშ, ნუ გაყვებით გულისნადებს, რომ არ გადაუქციოთ ჭეშმარიტებას, და თუ გაამრუდებთ ან გაექცევით, ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის, რასაც აკეთებთ!

136. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იწამეთ ალლაჰი და მისი შუამავალი, და წიგნი, რომელიც გარდმოუვლინა თავის შუამავალს (მუჰამმედს) და წიგნი, რომელიც მან გარდმოავლინა მის უწინ (თევრათი, სახარება). და ვინც უარყოფს ალლაჰსა და მის ანგელოზებს, მის წიგნებს, მის შუამავლებს, და განკითხვის დღეს. დიახაც, რომ დიდი გადაცდომით გადავიდა იგი გზას.

137. ისინი, რომელთაც იწამეს (მოსე და მასზე მოვლენილი), მერე უარყვეს (ხბო დაიდგინეს სათაყვანოდ), მერე კვლავ იწამეს (იესო), კვლავ უარყვეს (იესო), და უფრო გაიღვივეს ურწმუნოება (უარყვეს მუჰამმედი), არ იქნება, რომ მიუტევოს ალლაჰმა მათ, და არ დაადგენს მათ ჭეშმარიტ გზას!

138. ამცნე თვალთმაქცებს, რომ მათ მოელით მტანჯველი სასჯელი!

139. (ორპირებს), რომელთაც ურწმუნონი აჰყავთ მეგობრებად მორწმუნენის ნაცვლად, დიდებას ხომ არ ეძებენ მაგათთან? (ვერ იპოვიან დიდებას ურწმუნონთან). თუმცა, დიდება ალლაჰს ეკუთვნის სრულიად!

140. და მან გარდმოგივლინა თქვენ წიგნში [ყურანში, სურა 6 „ენღამში“], რომ როდესაც გაიგონებთ ალლაჰის აიათების უარყოფას და მასზე გაცინვას, ნუ დასხდებით მათ გვერდით, სანამ ისინი სხვა თემაში არ ჩაეფლობიან. სხვაგვარად თქვენ მათ დაემსგავსებით. ჭეშმარიტად, ალლაჰი შეკრებს თვალთმაქცებსა და ურწმუნოებს ყველას ერთად ჯოჯოხეთში!

141. რომელნიც თქვენ გელოდებიან, თუკი ალლაჰისგან გამარჯვება გექნათ თქვენ, იტყვიან: „განა ჩვენ თქვენს გვერდით არ ვიყავით?“ და თუ გამარჯვება ერგოთ ურწმუნოებს, იტყვიან: „განა ჩვენ არ ვიყავით გადაფარებული თქვენზე და ჩვენ არ დაგიცავით მორწმუნეთაგან?“ მაგრამ განსჯის ალლაჰი თქვენს შორის აღდგომის დღეს. და ალლაჰი გზას არ გაუმართავს ურწმუნოებს მორწმუნეთა წინააღმდეგ.

142. ის სურთ თვალთმაქცებს, რომ ალლაჰი მოატყუონ, მაგრამ იგი მოატყუებს მათ. და როცა ლოცვად დგებიან (მორწმუნეებთან ერთად), მცონარობით დგებიან, საჩვენებლად ხალხისა და არ ახსენებენ ალლაჰს, მცირედის გამოკლებით.

143. მერყევნი ამათ შორის არც ამათკენ (მორწმუნეებისკენ) არიან და არც იმათკენ (ურწმუნოებისკენ). და ვისაც ალლაჰი გზას აუბნევს, იმას გზა ვერ მოუნახო შენ!

144. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ გაიხდით ურწმუნოებს მეგობრებად მორწმუნეთა ნაცვლად. განა გინდათ ცხადი სამხილი მისცეთ ალლაჰს თქვენ წინააღმდეგ?!

145. თვალთმაქცები ცეცხლის უფსკრულში იქნებიან და ვერ მოუნახო შენ მათ შემწე,

146. გარდა მათი, რომელთაც მოინანიეს, გამოასწორეს თავიანთი სული, მიეჯაჭვნენ ალლაჰს, და გამოასწორეს რწმენა ალლაჰისადმი! აი, ისინი არიან მორწმუნეებთან ერთად. ხოლო სულ მალე ალლაჰი მიუძღვნის მორწმუნეებს უდიდეს ჯილდოს!

147. არ იქმს ალლაჰი დაგსაჯოთ თქვენ, თუ იქნებით მადლიერნი და ირწმუნებთ! და ალლაჰი ხომ მომმადლებელია, ყოვლისმცოდნეა!

148. ალლაჰს არ მოსწონს ავი სიტყვის განცხადება, გარდა იმათი, ვინც უსამართლობის მსხვერპლი გამხდარა. და ალლაჰი ხომ ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!

149. ცხადად იქმთ სიკეთეს თუ ფარულად, ან თუ მიუტევებთ სიავეს, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემნდობია, ყოვლისშემძლეა!

150. ისინი, რომელნიც უარყოფენ ალლაჰსა და მის შუამავალთ და სურთ განაცალკევონ ალლაჰი და მისი შუამავალნი, და ამბობენ – ჩვენ გვწამს ზოგი და ზოგს უარვყოფთო, – და სურთ ამათ შორის გაიდონ გზა,

151. სწორედ ისინი არიან ნამდვილად ურწმუნონი. და ურწმუნოთათვის ჩვენ მზად ვყავით სასჯელი დამამცირებელი!

152. და რომელთაც, ირწმუნეს ალლაჰი და შუამავალნი მისი და არ გამოარჩევენ მათ შორის არც ერთს, მათ შემდგომში უბოძებს თავიანთ საზღაურს, და ალლაჰი შემწყნარებელია, მწყალობელია!

153. შენგან (ო, მუჰამმედ) სურთ წიგნის ხალხს (იუდეველებს), ზემოავლინო მათთთვის ზეციდან წიგნი [ერთბაშად, როგორც იქნა მოვლენილი მოსეზე, რითაც ამაყობდნენ], და ადრე (მათმა წინაპრებმა) ამაზე მეტი ითხოვეს მუსადან, უთხრეს: „ცხადად გვახილვინე ალლაჰი ჩვენ!“ ამიტომაც ელვა ეკვეთათ (გაანადგურა ისინი) თავიანთი უსამართლობისთვის. მერე ხბო გაიხადეს კერპად, მას შემდეგ, რაც ცხადი აიათები ებოძათ. და ჩვენ მივუტევეთ მათ ეს და ვუბოძეთ მუსას აშკარა მეუფება [უბრძანა მოსემ იუდეველებს თავი მოეკლათ, რათა მოენანიებინათ თავიანთი შეცოდებანი].

154. და აღვმართეთ მათ ზემოთ (ტურის, სინას) მთა თანახმად აღთქმისა და ვუთხარით მათ: „შემოდით კარიბჭეში სეჯდეს აღმსრულენი!“ და ვუბრძანეთ: „არ დაარღვიოთ შაბათი!“ და ავიღეთ მათგან მტკიცე აღთქმა.
-----
[შაბათ დღეს ეკრძალებოდათ თევზის ჭერა.]

155. და იმისათვის, რომ დაარღვიეს თავისნი აღთქმა, და ალლაჰის აიათების უარყოფისთვის, და რომ უსამართლოდ ხოცავდნენ შუამავალთ; და იმისათვის, რომ თქვეს – ჩვენი გულები დახურულიაო, – პირიქით, ალლაჰმა დაასვა ბეჭედი მათ, თავიანთი ურწმუნოების გამო და არ ირწმუნებენ ისინი, გარდა მცირედისა;

156. და მათი ურწმუნოებისათვის და იმისთვისაც, რომ უდიდესი ცილი დასწამეს მარიამს [დააბრალეს მრუშობა];

157. და მათი სიტყვებიდან გამომდინარე – ჩვენ მოვკალით მესიჰი ღისა ძე მარიამისა – შუამავალი ალლაჰისაო; მაშინ, როცა არც მოუკლავთ და არც ჯვარზე გაუკრავთ, არამედ მათ ასე მოეჩვენათ [ისლამის თანახმად იესო არ უწამებიათ, მის ნაცვლად აწამეს იუდა, რომელსაც იესოს სახე ჰქონდა მიღებული], და ისინი, რომელნიც ვერ თანხმდებიან მასში, ამის გამო ეჭვში არიან, არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე, მხოლოდ ვარაუდს მიჰყვებიან, და არ მოუკლავთ ნამდვილად იგი,
158. არამედ ალლაჰმა აღამაღლა იგი თავისთან, რამეთუ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!
-----
[„ჩვენ მოვკალით მესიჰი“ — ანუ „ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა იესო“.]

159. და წიგნის ხალხთაგან არავინაა ისეთი, რომ არ სწამებოდა სიკვდილამდე იგი [იესო, როგორც შუამავლად], და აღდგომის დღეს ის იქნება მათ წინააღმდეგ მოწმე;
----
[იხილეთ: სურა 5:109-120.]

160. იუდეველებს, მათი უსამართლობიდან გამომდინარე, ავუკრძალეთ ჩვენ რაც სიკეთენი ჰქონდათ ნებადართული იმისთვის, რომ მათ აღუკვეთეს მრავალს ალლაჰის გზა.

161. და იმისთვის, რომ იღებდნენ ვახშს (პროცენტს), რომელიც კატეგორიულად აკრძალული ჰქონდათ (თორაში); და რომ ხალხის ქონებას უსამართლოდ მიირთმევდნენ (არასწორად განსჯიდნენ ხალხთა შორის). და განვუმზადეთ მათგან ურწმუნოებს მწარე სასჯელი.

162. მაგრამ მათგან მტკიცედ მცოდნეებმა და მორწმუნეებმა ირწმუნეს ის, რაც ზემოგევლინა შენ, და რაც ზემოვლენილი იყო შენს უწინ. აღმვლენი ლოცვისა და მიმცემი ზექათისა, და მორწმუნენი ალლაჰისა და უკანასკნელი დღისა, აი ისინი, რომელთაც მივმადლით უდიდეს საზღაურს!

163. ჩვენ შთაგაგონეთ, როგორც ნუჰს შთავაგონეთ და შუამავლთ მის შემდგომ, და (როგორც) ჩვენ შთავაგონეთ იბრაჰიმს და ისმაილს, ისჰაყს, იაღყუბს და შტოებს, ღისას, ეიუბს, იუნუსს, ჰარუნს და სულეიმანს და მივეცით ზებური (ფსალმუნნი) დავუდს;
-----
[ნუჰი — ნოე.
იბრაჰიმი — აბრაამი.
ისმაილი — ისმაელი (აბრაამის ძე).
ისჰაყი — ისააკი (აბრაამის ძე).
იაღყუბი — იაკობი, რომელსაც ღმერთმა უწოდა "ისრაელი" (ისააკის ძე).
ღისა — იესო, რომელსაც ებოძა ინჯილი (სახარება – ახალი აღთქმა).
ეიუბი — იობი, და იუსუფი (იოსები) – იაკობის ძენი.
იუნუსი/ზენნუნი — იონა.
ჰარუნი — აარონი.
სულეიმანი — სოლომონი (დავითის ძე), რომელმაც ააგო მესჯიდი აყსა 7 წლის მანძილზე.
დავუდი — მეფე დავითი, რომელსაც ებოძა "ზებური" (ფსალმუნნი), რომელიც შესდგება 150 სურა-საგან.]

164. და შუამავლები, ვისზეც უკვე გიამბეთ შენ და შუამავლები, ვისზეც არაფერი გვითქვამს შენთვის; და დაელაპარაკა ალლაჰი მუსას სიტყვიერად.
-----
[„შუამავლები, ვისზეც არაფერი გვითქვამს შენთვის“ — უზენაესმა ალლაჰმა უამრავი შუამავალი წარმოგზავნა დედამიწაზე. მათგან ნახევარი ისრაელის ძეთაგან იყო, ხოლო სხვა ნახევარი დანარჩენ ხალხთაგან.
„დაელაპარაკა ალლაჰი მუსას სიტყვიერად“ — როგორც მოგეხსენებათ, უზეანესი ალლაჰი შუამავალთ მთავარანგელოზთაგან ერთ-ერთის „ჯებრაილის“ (გაბრიელი) მეშვეობით შთააგონებდა. მაგრამ მოსეს შემთხვევაში, ალლაჰსა და მის შორის არ ყოფილა ანგელოზი, უზენაესმა ალლაჰმა უშუალოდ დაელაპარაკა მოსეს.]

165. და შუამავლები მახარობლებად და შემგონებლებად, შუამავლების (წარგზავნის) შემდგომ რომ არ ჰქონოდათ ადამიანებს მტკიცებულება (სათქმელი) ალლაჰის წინაშე. და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.

166. მაგრამ ალლაჰი ადასტურებს [ცხადჰყოფს შენს შუამავლობას], რაც ზემოგივლინა შენ (ყურანი), რომელიც ზემოავლინა თავისი სიბრძნით და ანგელოზები ადასტურებენ. და ალლაჰი კმარა მოწმედ!
-----
[ეს აიათი ზემოვლენილ იქნა მაშინ, როდესაც იუდეველებმა მუჰამმედის შუამავლობა ეჭვქვეშ დააყენეს და უარყვეს იგი.]

167. მათ კი, რომელთაც უარყვეს და ააცდინეს (ადამიანები) ალლაჰის გზას, უკვე შორეულ ცდომილებაში არიან გადასულნი!
-----
[ესე იგი გარდაუვალი სასჯელი ვრცელდება მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებმაც შეგნებულად დაამახინჯეს წმინდა წერილები, რითაც "ააცდინეს ადამიანები ღვთის გზას". ხოლო მათ გამო ცდუნებული ადამიანები – დაე, ალლაჰმა შეიწყალოს, აამინ!.]

168. ხოლო იმათ, რომელნიც ურწმუნონი იყვნენ და უსამართლოდ იქცეოდნენ, არ იქნება ალლაჰმა შეუნდოს მათ და არ იქნება, რომ დაადგინოს ისინი სწორ გზას,

169. თუ არა ჯოჯოხეთის გზას. იქ დამკვიდრდებიან სამუდამოდ! და ეს იოლია ალლაჰისთვის!

170. ჰეი, ადამიანნო! უკვე მოვიდა თქვენთან შუამავალი ჭეშმარიტებითურთ თქვენი ღმერთისგან, მაშ ირწმუნეთ! თქვენთვისვე იქნება უკეთესი. და თუ უარყოფთ, ჭეშმარიტად, ალლაჰისაა რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

171. ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო (ქრისტიანებო)! ზღვარს ნუ გადახვალთ თქვენს სარწმუნოებაში და არ თქვათ ალლაჰზე, გარდა ჭეშმარიტებისა [არ გაუჩინოთ ალლაჰს თანაზიარი]. რამეთუ მესიჰი ღისა ძე მარიამისა მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის შუამავალია და სიტყვაა მისი, რომელიც მიაწვდინა მარიამს და ერთი სულია მისგან. მაშ, ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალნი და არ თქვათ: „სამება!“ [„ღმერთები – მამა ღმერთი, ძე ღმერთი, სულიწმინდა!“] თავი ანებეთ თქვენდა სასიკეთოდ, რადგან ალლაჰი ღმერთი ერთია. იმაზე უფრო დიდებულია იგი, რომ შვილი ჰყავდეს მას. მისია რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი კმარა მფარველად!

172. არასდროს ითაკილებს მესიჰი, რომ იყოს ალლაჰის მსახური და არც (ალლაჰთან) დაახლოებული ანგელოზები! და ვინც ითაკილებს მისდა მსახურებას და ქედმაღლობს, იმათ ყველას თავისთან შეკრებს იგი.

173. ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, იმათ საზღაურს სრულად მიაგებს და მადლს თავისას გაუმრავლებს. და რომელთაც ითაკილეს და გაგოროზდნენ, მაშ, დასჯის მათ მწარე სასჯელით. და ისინი, ვერღა იპოვიან მათთვის ვერცა მფარველს და ვერცა შემწეს, გარდა ალლაჰისა.

174. ჰეი, ადამიანნო! თქვენ უკვე მოგივიდათ საბუთი თქვენი ღმერთისგან და მოგივლინეთ თქვენ ცხადი ნათელი (წმინდა ყურანი).

175. ასე, რომ რომელთაც ირწმუნეს ალლაჰი და მიეჯაჭვნენ მას, სულ მალე შეიყვანს მათ მისსავე წყალობასა და სიკეთეში და დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე!

176. შენგან სურთ განმარტება [ვინც მოკვდება და არც შვილი ჰყავს და არც მამა]. თქვი შენ: „ალლაჰი განგიმარტავთ ქელალეთის შესახებ [ვისაც არც შვილი ჰყავს და არც დედ-მამა, როცა გარდაიცვლება]. თუ მოკვდება კაცი და მას არ დარჩება შვილი და დარჩება და, მაშინ მისია დანატოვარი ქონების ნახევარი და იგი (ძმა) ემემკვიდრება მას, თუკი მას არ დარჩა შვილი. თუ დები ორნი არიან, მაშინ მათია დანატოვარის ორი მესამედი, და თუ და-ძმანი არიან, მაშინ მამაკაცს იმდენი წილი, რაც ორ ქალს.“ ალლაჰი განგიმარტავთ თქვენ, რათა გზას არ ასცდეთ, და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.