Страницы

სურა 24 „ნურ“

„ნურ“ — ნათელი, სინათლე;  მედინური, 64 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1. აი სურა, რომელიც ზეგარდმოვავლინეთ და დავადგინეთ იგი კანონად. ჩვენ გარდმოვავლინეთ მასში ნათელი აიათები, ეგების შეიგონოთ!

2. მეძავი ქალი და მეძავი კაცი - თითოეული გაროზგეთ ასჯერ, სიბრალულმა არ დაგაბრკოლოთ ალლაჰის რჯულისათვის, თუ გწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი! მათი დასჯის მოწმე იყოს მორწმუნეთა ერთი ჯგუფი.

3. მეძავი კაცი ვერ დაქორწინდება თუ არა მეძავ ქალზე ან წარმართზე, ხოლო მეძავი ქალი ვერ გათხოვდეს, თუ არა მეძავ კაცზე ან წარმართზე. მორწმუნეებს კი ეს აეკრძალათ (მეძავზე დაქორწინება ან გათხოვება)!

4. და რომელნიც ცილს დასწამებენ პატიოსან ქალებს, შემდეგ კი არ მოიყვანებენ ოთხ მოწმეს, მაშინ ისინი გაროზგეთ ოთხმოცჯერ. და არასდროს მიიღოთ მათი მოწმეობა, რამეთუ სწორედ ეგენი არიან ცოდვილნი,

5. გარდა მათი, რომელნიც ამის შემდეგ მოინანიებენ და გამოსწორდებიან. რამეთუ ალლაჰი ჭეშმარიტად, მიმტევებელია, მწყალობელია!

6. რომელნიც ცილს დასწამებენ თავიანთ ცოლებს და მათ არ მოეძებნებათ მოწმენი, გარდა თავიანთი თავისა, თითოეული იმათგანის მოწმეობა ალლაჰისადმი ოთხჯერ შეფიცებაა, რომ იგი ჭეშმარიტად მართალთაგანია,

7. და მეხუთედ იმისთვის, რომ ალლაჰის წყევლა იყოს მასზე, თუ იგი ცრუთაგანია!

8. და სასჯელი აეშორება ქალს, თუ ის ალლაჰის წინაშე ოთხჯერ დაამოწმებს, რომ კაცი უთუოდ ცრუთაგანია,

9. და მეხუთედ იმისთვის, რომ ალლაჰის რისხვა დაატყდეს მას თავზე, თუ კაცი მართალთაგანია!

10. და რომ არა მადლი ალლაჰისა თქვენდამი და შეწყალება მისი, და რომ არ ყოფილიყო ალლაჰი მონანიების შემსმენი და ბრძენი, (მოიშლებოდით უარეს მდგომარეობაში და გაუგებრობაში ჩავარდნილნი)!...

11. უეჭველად, რომელთაც ცილი დასწამეს, თქვენგანნი არიან. არ ჩათვალოთ იგი სიავედ თქვენთვის. პირიქით, იგი სასიკეთოა თქვენთვის. მათგან ყოველ ადამიანს ჩადენილი დანაშაულის წილი მიეგება. და მათგან, რომელმაც ამის დიდი ნაწილი აიღო თავის თავზე, მოიგონა და გაავრცელა, მისთვისაა გამზადებული უდიდესი სასჯელი!

12. როცა გაიგონეთ ეს, მორწმუნე კაცები და ქალები რატომ არ დაფიქრდით კარგად და არ თქვით: „ეს ცხადი ცილისწამებაა?“

13. რატომ არ მოიყვანეს ამის დასამოწმებლად ოთხი მოწმე? თუ მოწმეებს არ მოიყვანებენ, მაშინ ეგენი ალლაჰის წინაშე ცრუნი არიან.

14. და რომ არა მადლი ალლაჰისა თქვენდამი და შეწყალება მისი სააქაოშიც და საიქიოშიც, უთუოდ შეგეხებოდათ უდიდესი სასჯელი იმისათვის, რაშიც ყელამდე იყავით ჩაფლულნი.

15. აკი იკვლევდით! თქვენი ენით და ბაგეებით ამბობთ იმას, რისი ცოდნაც არ გაგაჩნიათ, და ფიქრობთ, რომ ეს საქციელი უმნიშვნელოა, არადა ალლაჰის წინაშე ეს დიდი ცოდვაა!

16. და როცა ეს გაიგონეთ, რატომ არ თქვით: „არ გვეკადრება ამის თქმა. დიდება შენდა! ეს დიდი ცილისწამებააო?“

17. ალლაჰი გაფრთხილებთ, აღარასდროს გაიმეოროთ მსგავსი რამ, თუკი ხართ მორწმუნენი!

18. და ცხადყოფს ალლაჰი თქვენთვის აიათებს. ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

19. უეჭველად, რომელთაც უყვართ რომ გაავრცელონ საზიზღრობა იმათ შორის, რომელთაც ირწმუნეს, სწორედ მათთვისაა მწარე სასჯელი სააქაოშიც და საიქიოშიც. ალლაჰი უწყის, და არ იცით თქვენ!

20. და რომ არა მადლი ალლაჰის თქვენდამი და შეწყალება მისი, და რომ არ ყოფილიყო ალლაჰი მიმტევებელი და მწყალობელი, (რა გეშველებოდათ)!...

21. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ გაჰყვეთ კვალნსა ეშმაკისას. და ვინც მიჰყვება კვალნსა ეშმაკისას, იცოდეს, რომ იგი მოუწოდებს სიბილწისაკენ და უგვანობისკენ. და რომ არა მადლი ალლაჰისა თქვენდამი და შეწყალება მისი, ვერც ერთი ვერასდროს განიწმინდებოდით. მაგრამ ალლაჰი განწმენდს იმას, ინებებს ვისაც. ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!

22. დაე, მდიდარნი და შეძლებულნი თქვენგან ნუ დაიფიცებენ, რომ არ დაეხმარებიან ნათესავებს, ღატაკებს და ალლაჰის გზაზე გადასახლებულებს. დაე, აპატიონ და იყვნენ ლმობიერნი. განა არ გინდათ, რომ ალლაჰმა მოგიტევოთ? ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

23. უეჭველად, რომელნიც ცილს დასწამებენ პატიოსან მორწმუნე ქალებს, რომლებსაც შეცოდება არც კი გაუვლიათ გულში, დაწყევლილ იქნებიან ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ცხოვრებაში და მათთვისაა უდიდესი სასჯელი!

24. იმ დღეს მათი ენა, ხელები და ფეხები მათ წინააღმდეგ დაამოწმებენ იმას, რასაც ისინი სჩადიოდნენ!

25. იმ დღეს მათ ალლაჰი სრულად მიაგებს ჭეშმარიტი ანგარიშგებით, და გაიგებენ ისინი, რომ იგი, ალლაჰი ცხადი ჭეშმარიტებაა!

26. ბილწი ქალები ბილწი კაცებისთვის არიან, ბილწი კაცები კი ბილწი ქალებისთვის, კეთილი ქალები კეთილი კაცებისთვის, კეთილი კაცები კი - კეთილი ქალებისთვის. სწორედ რომ შორს არიან ისინი იმისგან, რასაც ამბობენ მათ შესახებ. მათთვისაა მიტევება და სარჩო კურთხეული!

27. ჰეი თქვენ, მორწმუნენო! არ შეხვიდეთ სხვათა სახლებში, სანამ არ ითხოვთ ნებართვას და არ მიესალმებით იქ მცხოვრებლებს. ეს თქვენთვისვეა უკეთესი, იმისთვის რომ გაითვალისწინოთ, რაც უფრო თავაზიანია!

28. და თუ ვერავის ნახავთ მასში, არ შეხვიდეთ, სანამ ნებას არ დაგრთავენ. და თუ გეტყვიან „გაბრუნდით უკან!“ - წადით. ეს უმჯობესია თქვენთვის. ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის იმას, რასაც აკეთებთ!

29. და არ არის თქვენთვის ცოდვა, რომ შეხვიდეთ სახლებში (რომლებიც მგზავრობისთვის არის გათვალისწინებული: სასადილო და ა.შ.), სადაც არავინ ცხოვრობს, მასშია სარგებელი თქვენთვის. და ალლაჰი უწყის იმას, რასაც ამჟღავნებთ თქვენ და მალავთ რასაც.

30. უთხარი მორწმუნე კაცებს, მოარიდონ თვალნი მათნი აკრძალულს და დაიცვან ნამუსი მათნი. ეს უფრო წმინდაა მათთვის. ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის, რასაც ისინი სჩადიან.

31. და უთხარი მორწმუნე ქალებს, მოარიდონ თვალნი მათნი აკრძალულს და დაიცვან ნამუსი მათნი და არ გამოაჩინონ თავიანთი სამშვენისები, გარდა იმისა, რაც მოჩანს მათგან - პირისახე და ხელები; დაფარონ საბურველით გულმკერდი და არ დაანახონ თავიანთი სამშვენისები არავის, გარდა ქმრისა, მამისა, მამამთილისა, ვაჟიშვილებისა, ქმრის ვაჟიშვილებისა, ძმებისა და ძმათა და დათა ძმებისა, მათი ქალებისა, მხევლებისა, რომლებიც მათმა მარჯვენამ მოიპოვა, მამაკაცი მსახურებისა, რომლებსაც ქალის სურვილი არ გააჩნიათ, ბავშვებისა, რომლებიც ქალის სიშიშვლეს ვერ ამჩნევენ. და არ გადადგან ფეხი ისე, რომ არ გამოაჩინონ ის, რაც უნდა დამალონ. ჰეი მორწმუნენო! ერთბაშად შესთხოვეთ ალლაჰს მიტევება, ეგებ იქმნათ ნეტარნი!

32. და დააქორწინეთ თქვენგან ის, ვინც დასაქორწინებელია, და ასევე მორწმუნენი თქვენს მონათგან და მხევალთაგან. თუ ღარიბნი არიან, ალლაჰი გაამდიდრებს მათ თავისი მადლით. რამეთუ ალლაჰი ყოვლისმომცველია, ყოვლისმცოდნეა!

33. ვინც ვერ პოულობს სახსრებს ქორწინებისთვის, დაე შეინახოს თავისი უმანკოება, სანამ ალლაჰი არ გაამდიდრებს მათ თავისი მადლით. და თუ რომელიმე თქვენი მონათაგანი ითხოვს წერილობით ნებართვას, რომ მიიღოს თავისუფლება, გარკვეული გამოსასყიდის საფასურად - მიეცით მას, თუ იპოვეთ მასში სიკეთე. მხარი დაუჭირეთ და დაასაჩუქრეთ იმ ქონებიდან, რომელიც ალლაჰმა გიბოძათ თქვენ. ნუ აიძულებთ თქვენს მხევალთაგან რომელიმეს მეძაობას, თუკი სურთ მათ უმწიკვლობის შენახვა. და თუ ვინმე მაინც აიძულებს მათ ამას, ასეთი იძულების შემდეგ, მხევალი ქალებისადმი ალლაჰი იქნება მიმტევებელი, დიდად მწყალობელი.

34. ვფიცავ, ჩვენ ზემოვავლინეთ თქვენთვის ცხადი აიათები და იგავები იმათზე, რომელთაც თქვენამდე განვლეს, და შეგონება ღვთისმოშიშთათვის!

35. ალლაჰი ცათა და მიწის ნათელია. მისი ნათელი ნიშის დარია, რომელშიც ლამპარია. ლამპარი მინაშია, რომელიც მარგალიტის მსგავს ვარსკვლავს ჰგავს. იგი ალდება დალოცვილი ზეთისხილის ხისგან, რომელსაც არ ანათებს მზე მხოლოდ აღმოსავლეთიდან ან მხოლოდ დასავლეთიდან. მისი ზეთი მზადაა ანათოს ცეცხლის მიუკარებლადაც. იგია სინათლე სინათლეზე! დაადგენს ალლაჰი თავის სინათლეზე, ინებებს ვისაც! ალლაჰს მოაქვს ადამიანებისთვის იგავები, და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!

36. სახლებში, რომელშიც ალლაჰმა ნება დართო, რომ ამაღლებულიყო და მოხსენებულიყო სახელი მისი, მასში განადიდებენ მას დილაობით და საღამოს ჟამს.

37. კაცთ, რომელთაც ვაჭრობა და ყიდვა-გაყიდვა ვერ მოსწყვეტს ალლაჰის მოხსენიებას, ლოცვის აღვლენას და ზექათის გაღებას, მათ ეშინიათ დღის, როცა შეძრწუნდება გულნი და თვალნი.

38. რათა მიაგოს ალლაჰმა მათ საუკეთესო იმისგან, რაც მათ გააკეთეს და უმრავლოს თავისი წყალობით. და ალლაჰი უთვალავ სარჩოს მიაგებს იმას, ინებებს ვისაც.

39. ხოლო რომელთაც უარყვეს, მათი ნამოქმედარი მსგავსია უდაბნოს მირაჟისა, რომელიც მოწყურებულს შორიდან წყალი ჰგონია. და როცა მიუახლოვდება, ვერაფერს იპოვის, მხოლოდ თავის წინაშე ის ჰპოვებს ალლაჰს, რომელიც სრულად მიაგებს მისი ანგარიშით, რამეთუ ალლაჰი სწრაფანგარიშმიმგებია!

40. ან ჰგვანან წყვდიადს აბობოქრებულ ზღვაში. რომელსაც ფარავს აზვირთებული ტალღები, ხოლო მათ თავზე კი ღრუბელია, ერთი წყვდიადი მეორეზე! თუ ის ხელს ამოჰყოფს, ვერ შეძლებს საკუთარი ხელის დანახვას. და ვისაც ალლაჰმა არ უწყალობა სინათლე, სინათლე არ ეღირსება!

41. ნუთუ ვერ ხედავ, რომ ალლაჰს ადიდებენ ისინი, ვინცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, ასევე ფრინველები გაშლილი ფრთებით?! თითოეულმა იცის თავისი ვედრება და მისი საქები სიტყვები. და ალლაჰი უწყის, რასაც ისინი სჩადიან!

42. ალლაჰს ეკუთვნის მეუფება ცათა და მიწის და ალლაჰთანაა მისაქციელი!

43. ნუთუ ვერ ხედავ, რომ ალლაჰი გადააადგილებს ღრუბლებს, მერე აერთიანებს მათ, მერე საწვიმარ ღრუბლებად აქცევს და ხედავ როგორ იღვრება ნაპრალებიდან თავსხმა. და იგი გარდმოავლენს ციდან, მთების მსგავს ღრუბლებიდან სეტყვას. და დაატეხს თავს იმას, ინებებს ვისაც, და აშორებს იმას, ინებებს ვისაც. მათ ელვარებას შუძლია დააბრმავოს მზერა!

44. ალლაჰი ცვლის დღესა და ღამეს. ამაშია შეგონება თვალხილულთათვის!

45. ალლაჰმა გააჩინა ყოველი ცხოველი წყლიდან. მათგან ერთნი მუცელზე ხოხავენ, მეორენი ორ ფეხზე დადიან, ზოგი კი ოთხ ფეხზე. ალლაჰი იქმს იმას, რასაც ინებებს. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!

46. ჩვენ უკვე ზეგარდმოვავლინეთ ცხადი აიათები, და ალლაჰი დაადგენს სწორ გზაზე, ინებებს ვისაც!

47. ისინი (პირმოთნენი) ამბობენ: „ვიწამეთ ალლაჰი და შუამავალი და ვემორჩილებით.“ მაგრამ ამის შემდგომ ერთი ნაწილი ამათგან პირს იბრუნებს და სწორედ ეგენი არ არიან ჭეშმარიტი მორწმუნენი!

48. როცა მათ მოუწოდებენ ალლაჰისკენ და მისი შუამავლისკენ, რათა განსაჯოს მათ შორის, ნაწილი მათგან პირს იბრუნებს.

49. მართალნი რომ იყვნენ, მორჩილად მიეახლებოდნენ მას.

50. ნუთუ მათი გულები დასნეულებულია? ან იქნებ, ეჭვობენ? ან იქნებ, ეშინიათ, რომ ალლაჰი და მისი შუამავალი უსამართლოდ განსჯიან მათ? არა, ისინი თავად იქცევიან უსამართლოდ!

51. როცა მორწმუნენს მოუხმობენ ალლაჰისკენ და მისი შუამავლისკენ, რათა განსაჯოს მან მათ შორის არსებული, ამბობენ: „შევისმინეთ და გმორჩილებთო!“ ჭეშმარიტად, ისინი არიან ნეტარნი!

52. ვინც ემორჩილება ალლაჰს და მის შუამავალს, შიში აქვს ალლაჰის და ეკრძალვის, სწორედ ეგენი არიან ნეტარნი!

53. ისინი (პირმოთნენი) დებენ ძლიერ ფიცს ალლაჰის წინაშე, აქაოდა შენ რომ გებრძანებინა მათთვის, უსათუოდ გამოვიდოდნენ. უთხარი: „ნუ იფიცებთ! ასეთი მორჩილება ცნობილია. ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის, რასაც თქვენ სჩადიხართ!“

54. უთხარი: „ჭეშმარიტად, ალლაჰს ჰმორჩილებდეთ და მის შუამავალს!“ თუ პირს იბრუნებთ, ის პაუხს აგებს იმაზე, რაც მან იტვირთა, თქვენ კი მოგეკითხებათ ის, რაც თქვენ იტვირთეთ. მაგრამ თუ დაემორჩილებით მას, სწორი გზით ივლით. შუამავლის ვალდებულება მხოლოდ ცხადი შეტყობინებაა!

55. ალლაჰმა აღუთქვა თქვენგან მათ, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მემკვიდრეობა ქვეყნისა. იმათ დარად, რომელნიც მათ უწინ იყვნენ. იგი უდაოდ მისცემს მათ საშუალებას დაამკვიდრონ მათი სარწმუნოება, რომელიც მან მათთვის მოიწონა და შეუცვლის მათ შიშს უსაფრთხოებით. ისინი თაყვანს მცემენ და არავის მიქმნიან თანაზიარად. ხოლო ისინი, ვინც ამის შემდგომ არ ირწმუნებენ, სწორედ ეგენი არიან ურჯულონი!

56. ილოცეთ, გაეცით ზექათი და ჰმორჩილებდეთ შუამავალს, ეგებ შეიქმნათ შეწყალებულნი!

57. არ იფიქრო, რომ ურწმუნოები გადარჩებიან ქვეყანაზე. მათი თავშესაფარი ცეცხლი იქნება. და რა საზარელი სამყოფელია!

58. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაე, თქვენი მარჯვენით მოპოვებულმა მონებმა და იმათ, ვინც სრულწლოვანი არ გამხდარა, თქვენგან ნებართვა აიღონ შემოსვლაზე სამგზის: დილის ლოცვამდე, შუადღეს, როცა სამოსს იხდით და საღამოს ლოცვის შემდეგ. აი, სამი ჟამი სიშიშვლისა თქვენთვის. სხვა შემთხვევაში არც თქვენ და არც მათ ცოდვად არ გეთვლებათ ერთმანეთთან მიმოსვლა. ასე გაგიმარტავთ თქვენ ალლაჰი აიათებს. რამეთუ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

59. როცა თქვენი ბავშვები სრულწლოვანებას მიაღწევენ, ნებართვა აიღონ თქვენგან, როცა ამას აკეთებენ მათზე უფროსები. ასე განგიმარტავთ თქვენ ალლაჰი აიათებს. რამეთუ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

60. ცოდვად არ ეთვლებათ მოხუც ქალებს, რომლებსაც გათხოვების იმედი აღარ აქვთ, ზედა სამოსი გაიხადონ, თავისი სამშვენისების გამოჩენის გარეშე, მაგრამ მათთვისვეა უმჯობესი თუ ამისგან თავს შეიკავებენ. ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!

61. ცოდვად არ ეთვლება ბრმას, კოჭლს, ავადმყოფს და თავად თქვენც, თუ შეჭამთ თქვენს სახლებში, ან დედ-მამის, და-ძმების, ბიძების სახლებში (დედის და მამის მხრიდან), ან მამიდებისა და დეიდების სახლებში, რომლის გასაღებიც თქვენს განკარგულებაშია, ან თქვენი მეგობრის სახლში. ცოდვად არ ჩაგეთვლებათ თუ შეჭამთ ერთად ან ცალ-ცალკე. როცა შედიხართ სახლში, მიესალმეთ ერთმანეთს ალლაჰის სახელით, მომმადლებელისა და კეთილის. ასე გაგიმარტავთ თქვენ ალლაჰი აიათებს, ეგებ გონს მოეგოთ!

62. მორწმუნენი არიან მხოლოდ ისინი, რომელთაც ირწმუნეს ალლაჰი და მისი შუამავალი. როცა ისინი მის გვერდით არიან საერთო საქმეში, არ წავლენ მისი ნების გარეშე. უეჭველად, რომელნიც შენგან ნებართვას ითხოვენ, სწორედ ეგენი არიან, რომელთაც ირწმუნეს ალლაჰის და მისი შუამავალის. თუ ნებართვას გთხოვენ თავიანთი საქმეების გამო, ნება მიეცი მათგან იმას, ვისაც ინებებ, და შესთხოვე ალლაჰს მიუტევოს მათ. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია!

63. შუამავალს ნუ მიმართავთ ისე, როგორც ერთმანეთს მიმართავთ. ალლაჰი უწყის თქვენგან იმათ, რომელნიც მალვით, შეფარვით მიდიან. დაე, გაფრთხილდნენ ისინი, რომელნიც მის ნებას ეწინააღმდეგებიან, რომ არ დაატყდეთ თავს განსაცდელი ან მწარე სასჯელი!

64. ჭეშმარიტად, ალლაჰს ეკუთვნის ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. იგი უწყის რა ყოფაში ხართ და უწყის ის დღე, როცა იქნებიან ისინი მასთან მიბრუნებულნი. იგი ამცნობს მათ იმას, რასაც სჩადიოდნენ, რამეთუ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!