Страницы

სურა 43 „ზუჰრუფ“

„ზუჰრუფ“ — სამკაულები;  მექური, 89 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1. ჰა. მიმ.

2. ვფიცავ, ცხად წიგნს!

3. ჭეშმარიტად, ჩვენ დავადგინეთ იგი არაბულ ყურანად, რათა ეგებ კეთილგანსაჯოთ!

4. და ჭეშმარიტად, იგი დედა წიგნშია ჩვენთან. უთუოდ, უბრწყინვალესია, სიბრძნის განმცხადებელია.

5. განა შევწყვეტთ და შევაკავებთ შეხსენებას თქვენთვის იმის გამო, რომ თქვენ გარდაიქეცით ზღვარგადასულ ხალხად?

6. და რამდენი წარმოვგზავნეთ შუამავალთაგან აწგარდასულებში!

7. და არ მოსულა მათთან არც ერთი შუამავალი, რომ არ დაეცინათ მისთვის.

8. მაშინ დავღუპეთ ისინიც, რომელნიც მათზე უფრო ძლიერნი იყვნენ, რამეთუ განვლო აწგარდასულთა მაგალითმა.

9. და თუ ჰკითხავ მათ: „ვინ გააჩინა ცანი და მიწა?“ უთუოდ, გიპასუხებენ: „გააჩინა ისინი ძლევამოსილმა ,ბრძენმა.“

10. რომელმაც დაადგინა თქვენთვის დედამიწა აკვნად და დაადგინა მასზე თქვენთვის გზები, რათა ეგებ წრფელი გზით იაროთ.

11. და რომელმაც გარდმოავლინა ზეციდან წყალი ზომიერად. ამგვარად, მისით გავაცოცხლეთ მკვდარი მიწა. სწორედ ასე აღმოცენდებით (სიკვდილის შემდეგ)!

12. რომელმაც გააჩინა ყველაფერი წყვილად და დაადგინა თქვენთვის ხომალდთაგან და საქონელთაგან, რაზეც სხდებით,

13. რათა მოთავსდეთ მათ ზურგზე. მერე გაიხსენოთ წყალობა თქვენი ღმერთის, როცა მოთავსდებით მასზე და თქვათ: „დიდება მას, რომელმაც ჩვენს განკარგულებაში მოგვცა ეს, რამეთუ ჩვენ ვერ შევძლებდით მასთან მიახლოვებას.

14. და ჭეშმარიტად, ჩვენს ღმერთთან მივიქცევით!

15. და დაადგინეს მის ნაწილად (ანგელოზები მის ასულებად) მისივე მსახურთაგან (ანგელოზთაგან). ჭეშმარიტად, ადამიანი აშკარა უმადურია!

16. ნუთუ მან გაჩენილთაგან ასულები დაიდგინა და თქვენ ძეებით დაგასაჩუქრათ?

17. და როცა ახარებენ რომელიმე მათგანს იმას, რასაც ისინი მოწყალეს მიაწერენ, დაეფარება სახე შავად, სიბრაზის გამო.

18. ნუთუ (იმ ანგელოზს მიაწერენ ალლაჰს) ვინც იზრდება სამკაულების გარემოცვაში და რომელიც არ გამოირჩევა პაექრობაში? (და თავისთვის იდგენენ ძლიერსა და მებრძოლ ძეებს).

19. და აქციეს ანგელოზები, რომელნიც მსახურნი არიან მოწყალისა, მდედრებად. განა მოწმენი იყვნენ გაჩენისა? ჩაწერილ იქნება მათი მოწმეობა და დაიკითხებიან.

20. და თქვეს: „რომ ენება მოწყალეს, არ ვეთაყვანებოდით იმათ.“ მათ არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე. ისინი მხოლოდ სიცრუეს თხზავენ.

21. ნუთუ ვუბოძეთ მათ მასზე წინ წიგნი, რაზეც ისინი არიან ჩაჭიდებულნი?

22. არამც და არამც! მათ თქვეს: „უეჭველად, ჩვენ ვჰპოვეთ ჩვენი მამები (წინაპრები) ამ სჯულზე და ჭეშმარიტად მათ კვალზე ვადგავართ.“

23. და ამგვარად, არ წარმოგვიგზავნია არც ერთ ქალაქში შენამდე რომელიმე შემგონებელი, რომ იქ არ ეთქვათ ფუფუნებაში განებივრებულთ: „უეჭველად, ჩვენ ვჰპოვეთ ჩვენი მამები ამ სჯულზე და უეჭველად, მათ კვალზე მივდივართ.“

24. თქვა (შუამავალმა): „რომ მოვსულიყავი თქვენთან უფრო ჭეშმარიტით იმაზე, რაზეც ჰპოვეთ თქვენი მამები? მიუგეს: „უეჭველად, რითიც წარმოიგზავნეთ, უარვყოფთ მას!“

25. ამიტომაც დავსაჯეთ ისინი. მაშ, შეხედე, როგორი იყო აღსასრული ცრუდ შემრაცხველთა!

26. და აკი, უთხრა იბრაჰიმმა თავის მამას და თავის ხალხს: „უეჭველად, მე შორს ვარ იმისგან, რასაც ეთაყვანებით,

27. გარდა, რომელმაც გამაჩინა. ჭეშმარიტად, იგი დამადგენს ჭეშმარიტ გზას!

28. და დაადგინა იგი სიტყვად მარადიულად მის შემდგომში (შთამომავლობაში), ეგების უკუმოიქცნენ!

29. არა, ვასარგებლე სიკეთით ეგენი და მათი მამები, ვიდრე მოევლინებოდა მათ ჭეშმარიტება და შუამავალი ცხადმყოფი.

30. და როცა მოევლინათ მათ ჭეშმარიტება, თქვეს: „ეს ჯადოქრობაა და უეჭველად, ჩვენ უარვყოფთ მას.“

31. და თქვეს: „რა მოხდებოდა, რომ ზეგარდმოვლენოდა ეს ყურანი რომელიმე დიდებულ კაცზე ამ ორი ქალაქიდან?“

32. განა ისინი ანაწილებენ წყალობას შენი ღმერთისას? ჩვენ გავუნაწილეთ მათ საარსებო მათი ამქვეყნიურ ცხოვრებაში და უპირატესვყავით ერთიმეორეზე ხარისხებად, რათა ერთ ნაწილს მბრძანებლობაში მოექცია მეორე ნაწილი. თუმცაღა წყალობა შენი ღმერთისა უკეთესია იმაზე, რასაც ისინი აგროვებენ (ამქვეყნისთვის).

33. და რომ არ ყოფილიყო საშიშროება ხალხის ერთ თემად (ურწმუნოებაზე) მოქცევისა, უთუოდ, დავუდგენდით იმათ, ვინც უარყო მოწყალე, სახლთა სახურავებს ვერცხლისგან და კიბეთ, რომელზეც ავიდოდნენ.

34. აგრეთვე მათ სახლებს, კარებს და სავარძლებს, რაზეც წამოწვებოდნენ;

35. ასევე ოქროს. ოღონდ ეს ყველაფერი ამქვეყნიური, დროებითი საბადებელია, ხოლო საიქიო შენს ღმერთთანაა ღვთისმოშიშთათვის.

36. და ვინც თავს აარიდებს მოწყალის ხსენებას, მივუჩენთ მას ეშმაკს. ამგვარად, იგი მისი უახლოესი მეგობარი იქნება.

37. ჭეშმარიტად, ისინი ააცდენენ მათ გზიდან, თუმცაღა მათ ეგონებათ, რომ ჭეშმარიტ გზას ადგანან,

38. ხოლო, როცა მოვა ჩვენთან, ეტყვის: „ნეტავ, ჩემსა და შენს შორის იყოს სიშორე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე! რაოდენ ცუდი ამხანაგი ხარ!“

39. და დღეს აღარაფერი აღარ გარგებთ, რამეთუ უსამართლობა ჰქმენით. უეჭველად, თქვენ ზიარ ხართ სასჯელში.

40. განა შენ გააგონებ ყრუს, ან უწინამძღვრებ ბრმასა და იმას, ვინც ცხად გზააბნევაშია?

41. მაგრამ შენ, უთუოდ, წაგიყვანთ. სწორედ მაშინ, უსათუოდ, ჩვენ მათზე შურისმგებელნი ვართ.

42. ან უთუოდ, გაჩვენებთ შენ, რაც აღვუთქვით მათ, რამეთუ ჩვენ ესეც გვძალუძს.

43. მაშ, ჩაეჭიდე იმას, რომელიც ზეშთაგეგონა შენ. უეჭველად, შენ ჭეშმარიტ გზას ადგახარ!

44. ჭეშმარიტად, იგი შეხსენებაა შენთვის და შენი ხალხისთვის. და თქვენ ამის შემდგომ მოგეკითხებათ.

45. და ჰკითხე, ვინც ჩვენ წარმოვგზავნეთ შენამდე ჩვენს შუამავალთაგან: განა დავადგინეთ სხვა ღვთაებები სათაყვანოდ, გარდა მოწყალისა?

46. და ვფიცავ, წარვგზავნეთ მუსა ჩვენი სასწაულებით ფარაონთან და თავის ხალხთან. მაშინ უთხრა: „უეჭველად, მე შუამავალი ვარ სამყაროთა ღმერთისა.“

47. მაგრამ როცა ჩვენი სასწაულებით მივიდა მათთან, მაშინ ისინი მასზე იცინოდნენ.

48. და ერთი სასწაულიც არ გვიჩვენებია მათთვის, რომ იგი უფრო დიდი არ ყოფილიყო წინათ არსებულზე. და შევიპყარით ისინი სასჯელით, ეგების უკუმოიქცნენ!

49. და უთხრეს (მუსას, როცა იხილეს სასჯელი): „ჰეი, ჯადოქარო! შესთხოვე შენს ღმერთს ჩვენთვის, შენდამი აღთქმის თანახმად. მაშინ ჩვენ, უთუოდ, ჭეშმარიტ გზას დავადგებით!“
-----
[„ჰეი, ჯადოქარო!“ – ჰეი, ბრძენო სწავლულო! – მაშინ ჯადოქრობა იყო მათ წინაშე ყველაზე დიდი განსწავლულობა.]

50. მაგრამ როცა მოვაცილებთ სასჯელს, მაშინვე არღვევენ (აღთქმას).

51. და შესძახა ფარაონმა თავის ხალხს: „ჰეი,ხალხო ჩემო! განა მე არ მეკუთვნის სამფლობელო ეგვიპტისა და ეს მდინარეები, რომელიც მიედინება ჩემს ფერხთით (ჩემი კოშკის ძირს)? ნუთუ არღა გულისხმაჰყობთ (ჩემს სიდიადეს)?!

52. ნუთუ არ ვარ ამ მდაბიოზე უკეთესი, იგი გასაგებადაც ვერ მეტყველებს?

53. მაშინ ხომ უნდა ჰკეთებოდა სამაჯურნი ოქროსი? ან ხომ უნდა მოსულიყვნენ მასთან ერთად ანგელოზნი?

54. ამგვარად, გააბრიყვა თავისი ხალხი და ისინი დამორჩილდნენ მას. უეჭველად, გზააბნეულნი ხალხი იყვნენ ისინი.

55. ბოლოს და ბოლოს განგვარისხეს, შური ვიძიეთ მათზე და დავახრჩეთ ერთიანად.

56. ამგვარად, ისინი დავადგინეთ წინამორბედებად და იგავად შემდგომთათვის.

57. და როცა დადგენილ იქნა ძე მარიამისა მაგალითად, მაშინ შენი ხალხი მას გაემიჯნა.

58. და თქვეს: „განა ჩვენი ღვთაებები უფრო უკეთესი არიან თუ იგი?“ ამას გეუბნებიან მხოლოდ იმიტომ, რომ გეკამათონ. დიახ, ისინი მავნებელი ხალხია!

59. იგი (იესო) მსახურია მხოლოდ, რომელზეც წყალობა მოვიღეთ და დავადგინეთ მაგალითად ისრაილის შვილთათვის.

60. და რომ გვენება, ჭეშმარიტად, დავადგენდით თქვენს ნაცვლად ანგელოზებს, რომელნიც იმემკვიდრებდნენ (თქვენს ადგილს დაიკავებდნენ).

61. და ჭეშმარიტად, იგი (იესო) ერთგვარი ცოდნაა იმ საათისთვის. მაშ, ეჭვი არ გაგიჩნდეთ მის მიმართ. და მომყევით მე! ესაა ჭეშმარიტი გზა.

62. დაე, არ გაცდუნოთ ეშმაკმა, რამეთუ იგი აშკარა მტერია თქვენი.

63. და როცა მოვიდა ღისა (იესო) ცხადი მტკიცებულებებით, თქვა: „მოვედი თქვენთან სიბრძნით, რომ განვმარტო თქვენთვის ზოგი რამ, რომლის თაობაზეც დაობდით. მაშ, იყავით ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავი და გამომყევით მე!

64. ჭეშმარიტად, ალლაჰი იგი ჩემი ღმერთიცაა და თქვენი ღმერთიც. მაშ, თაყვანი ეცით მას. სწორედ, რომ ესაა გზა ჭეშმარიტი!“

65. ამის შემდეგ ჯგუფები ერთმანეთში უთანხმოებას მიეცნენ [ქრისტიანთა ჯგუფებს უთანხმოება მოუვიდათ: იგი იესო ღმერთის შვილია თუ მის ერთად ღმერთი, ან სამებიდან ერთ-ერთი]. ვაი მათ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, მწარე სასჯელით აღსავსე დღეს!

66. ნუთუ ისინი მხოლოდ ელოდებიან ჟამს, რომელიც უეცრად ეწევათ და ვერ იგრძნობენ?

67. გულწრფელი მეგობრები იმ დღეს ერთიმეორის მტრებად მოიქცევიან, გარდა ღვთისმოშიშებისა.

68. ჰეი, მსახურნო ჩემნო! შიში არ გექნეთ დღეს და არცა დამწუხრდეთ თქვენ,

69. რომელთაც ირწმუნეთ ჩვენი აიათები და იყავით მუსლიმები!

70. შედით სამოთხეში თქვენ და მეუღლენი თქვენი, (სადაც) ნეტარ იქნებით!

71. და გარს ეხვევა მათ სინები და თასები ოქროსი და იქაა, რასაც ისურვებენ სულნი და რითიც დატკბებიან თვალნი. და თქვენ იქ სამუდამოდ დამკვიდრდებით.

72. აი სამოთხე, რომელიც დაიმკივდრეთ იმის სანაცვლოდ, რასაც აკეთებდით.

73. თქვენთვისაა მასში საჭმელად მრავალი ხილი.

74. უეჭველად, ცოდვილნი ჯოჯოხეთის ტანჯვაში მარადიულნი იქნებიან.

75. არასოდეს შემსუბუქდება მათი სასჯელი და ისინი მასში სასოწარკვეთილნი იქნებიან.

76. და ჩვენ არ მოვპყრობივართ მათ უსამართლოდ, მაგრამ ისინი თავად იყვნენ უსამართლონი.

77. და გასძახებენ: „ჰეი, მალიქ (ჯოჯოხეთის მცველო)! დაე, შენმა ღმერთმა აღგვასრულოს!“უპასუხებს: „უეჭველად, თქვენ მარად დარჩებით!“

78. ვფიცავ, მოვედით ჭეშმარიტებით, მაგრამ გძაგთ ჭეშმარიტება უმრავლესობას!

79. ნუთუ მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება? ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებნი.

80. ნუთუ ფიქრობენ, რომ ჩვენ მათი საიდუმლო და მათი ფარული საუბარი არგვესმის არა! შუამავალნი ჩვენი მათ წიაღში არიან და იწერენ.

81. უთხარი: „რომ ჰყოლოდა მოწყალეს ძე, მაშინ მე პირველი ვცემდი თაყვანს.“

82. დიდება ღმერთს ცათა და ქვეყნისა, მეუფეს ტახტრევანისა! შორსაა იგი იმისგან, რასაც მიაწერენ.

83. მაშ, თავი ანებე მათ, ჩაიძირონ ამაოებაში და გაერთონ, ვიდრე არ ეწევათ ის თავიანთი დღე, რომელიც აღეთქვათ.

84. და იგია, რომელიც ღვთაებაა ცაში და ღვთაებაა ქვეყანაზე, და იგი ბრძენია, ყოვლისმცოდნეა!

85. რაოდენ დიადია იგი, რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნის და რაცაა მათ შორის. მის წიაღშია საათის ცოდნა და თქვენ მასთან მიიქცევით.

86. და არ ძალუძთ, რომელთაც მოუხმობენ გარეშე მისა (ალლაჰისა), შუამდგომლობა (არავის), გარდა ვინც დაამოწმა ჭეშმარიტება („არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა!“). და მათ იციან.
-----
[„მათ იციან“ — ესენი არიან იესო, ღუზეირი, რომელთაც ალლაჰის ნებით, მათ უფლება მიეცემათ უშუამდგომლონ მორწმუნეებს.]

87. და თუ ჰკითხავთ მათ: „ვინ გააჩინა ისინი“, უთუოდ გიპასუხებენ: „ალლაჰმა!“ მაშ, როგორღა აქცევენ ზურგს ჭეშმარიტებას?!

88. ვფიცავ, უბნობას თვისა: „ო, ღმერთო ჩემო! ეს ის ხალხია, არ ირწმუნებს, რომელიც!“

89. მაშ, განერიდე მათ და თქვი: „მშვიდობა!“ მალე გაიგებენ!