Страницы

სურა 76 „ინსან“

„ინსან“ — ადამიანი;  მექური, 31 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1. დროის მონაკვეთის დინებაში ისეთმა პერიოდმა განვლო, რომ ადამიანის სახელი არც კი ყოფილა მოხსენებული?

2. ჭეშმარიტად, ჩვენ გავაჩინეთ ადამიანი შეწყვილებული ერთი წვეთი ნარევისაგან (ზიგოტა), გამოვსცდით მას, ამიტომაც დავუდგინეთ სმენა და მხედველობა.

3. ჭეშმარიტად, ჩვენ დავადგინეთ იგი ჭეშმარიტ გზაზე, მაგრამ მას შეუძლია იყოს მადლიერი ან უმადური.

4. ჭეშმარიტად, ჩვენ გავამზადეთ ურწმუნოთათვის ჯაჭვები, ბორკილები და ცხარე ცეცხლი.

5. ჭეშმარიტად, კეთილისმქმნელნი დალევენ ფიალებიდან, რომლის ნაზავი იქნება ქააფუურა,
-----
[ქააფუურა — ზოგი სწავლულის გადმოცემით, ქააფუურა სამოთხის ერთ-ერთი წყაროს სახელია.]

6. ერთი წყარო მოჩუხჩუხე, რომლიდანაც დარწყულდებიან მსახურნი ალლაჰისა.

7. ასრულებენ შეპირებულს და ეშინიათ იმ დღის, რომლის სიავე გავრცელებულია.

8. და სიამოვნებით აპურებენ უპოვრებს, ობლებს და ტყვეებს.

9. ჩვენ მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების სურვილით გაპურებთ თქვენ, ჩვენ არ გვსურს თქვენგან საზღაური და არც მადლობა.

10. უეჭველად, გვეშინია ჩვენი ღმერთისგან იმ მოქუფრული სახიფათო დღისა!

11. თუმცა დაიცვა ალლაჰმა ისინი ამ დღის სიავისგან და აზიარა ისინი უსაზღვრო სიხარულს.

12. და დააჯილდოვა ისინი იმისთვის, რამეთუ მოითმინეს, სამოთხეთი და აბრეშუმის სამოსით,

13. წამოწოლილი იქნებიან იქ სავარძლებზე, არ იხილავენ მზეს (სიცხეს) და არც ყინვას,

14. და სიახლოვედ მათ თავზე ჩრდილნი მისი (სამოთხის) და ჩამოიწევა დახუნძულული მწიფე ნაყოფი.

15. და ტრიალებენ მათ ზემოთ ვერცხლისა და ბროლის ფიალები,

16. ბროლის ფიალები ვერცხლისგან, რომლის ზომიერებაც განსაზღვრულია.

17. და დარწყულებული იქნებიან იქ ფიალით, რომლის ნაზავი იქნება ზენჯებილა,
-----
[ზენჯებილა — სამოთხეში ერთ-ერთი მდინარის სახელი.]

18. ერთ-ერთი წყარო, რომელსაც ჰქვია სელსებილა.

19. და გარს ეხვევიან ჭაბუკნი მარადნი. როცა იხილავ მათ, მსგავსნი მოფრქვეული მარგალიტისა.

20. და როს იხილო, ჰპოვებ კეთილდღეობასა და ფუფუნებას დიადს,

21. მათ (ეცმევათ) სამოსი მწვანე აბრეშუმისა, ატლასისა და შემკულნი ვერცხლის სამაჯურებით და დაარწყულა ისინი თავიანთმა ღმერთმა წმინდა სასმელით.

22. ჭეშმარიტად, ეს თქვენთვისაა ჯილდოდ, რამეთუ თქვენი მისწრაფება დაფასებულ იქმნა.

23. ჭეშმარიტად, ჩვენ ზედარმოვავლინეთ შენზე ყურანი თანდათანობით.

24. მაშ, მოითმინე მსჯავრი შენი ღმერთის. და არ დაემორჩილო მათგან ცოდვილებსა და ურწმუნოებს.

25. და ახსენე სახელი შენი ღმერთის დილით და საღამოს!

26. და ღამით, სეჯდე აღასრულე მისთვის და ადიდე ღამით ხანგრძლივად.

27. ჭეშმარიტად, მათ უყვართ წარმავალი სიცოცხლე და არად აგდებენ მძიმე დღეს.

28. ჩვენ გავაჩინეთ ისინი და ჩვენ განვუმტკიცეთ სხეული და თუ ვინებებთ, შევცვლით მათ, მათი მსგავსნის ჩანაცვლებით.

29. ჭეშმარიტად, ეს შეგონებაა! დაე, მსურველმა აირჩიოს თავისი ღმერთისკენ მიმავალი გზა.

30. და თქვენ ვერ ისურვებთ, თუ არა ნება ალლაჰისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

31. შეიყვანს თავის წყალობაში, ინებებს ვისაც, ხოლო უსამართლონს... სწორედ მათთვისაა მომზადებული მწარე სასჯელი.