Страницы

სურა 83 „მუტაფფიფინ“

„მუტაფფიფინ“ — თაღლითნი, წონაში დამკლებნი;  მექური, 36 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1 ვაი მათ, რომელნიც საწყაოსა და წონას აყალბებენ!

2 რომელნიც ყიდვის დროს ხალხისგან ზუსტად მოითხოვენ!

3 და როცა სხვებს მიუზომავენ ან მიუწონიან, წონას აკლებენ!

4 ნუთუ არ ფიქრობენ ისინი, რომ ერთ დღეს უნდა აღსდგნენ,

5 დიად (აღდგომის) დღეს?

6 იმ დღეს, ხალხი წარსდგებიან სამყაროთა მეუფის წინაშე!

7 არა, ჭეშმარიტად, ცოდვილთა წიგნი „სიჯჯინშია“!

8 რამ გამცნოს, რა არის „სიჯჯინი“?

9 (იგი) დაბურული, დაცული წიგნია (პირადი საქმეა).

10 ვაი მათ, ვისაც არ სწამთ ის დღე (აღდგომის დღე),

11 რომელნიც სიცრუედ რაცხავენ განკითხვის დღეს!

12 მხოლოდ ზღვარგადასული ცოდვილი ნათლავს მას სიცრუედ!

13 როცა მას ეკითხება ჩვენი სასწაულები, ამბობს: „წინა თაობების ზღაპრებიაო!“

14 არა, პირიქით! ჟანგი მოსდო მათ გულებს იმან, რაც შეუძენიათ!

15 არამც და არამც! ეგენი, ჭეშმარიტად, იმ დღეს თავიანთი უფლის წყალობისგან აღკვეთილი იქნებიან!

16 და ამის შემდგომ, ჭეშმარიტად, მძვინვარე ცეცხლში იქნებიან შენთებული!

17 მაშინ ეტყვიან: „ეს არის ის, რასაც სიცრუედ რაცხავდით!“

18 არა, ჭეშმარიტად, ღვთისმოსავთა წიგნი „ღილლიიუნშია“!

19 რამ გამცნოს, რა არის „ღილლიიუნი“?

20 (იგი) დაბურული, დაცული წიგნია (პირადი საქმეა).

21 მისი ნახვა მხოლოდ დაახლოებულებს (ანგელოზებს) შეუძლიათ.

22 ჭეშმარიტად, ღვთისმოსავნი ნეტარებაში იქნებიან!

23 სავარძლებზე წამოწოლილნი უცქერიან!...

24 მათ სახეებზე ნეტარების ათინათს დაინახავ შენ!

25 მათ მიერთმევათ რჩეული (საუკეთესო), დაბეჭდილი სასმელი!

26 მისი (სასმელის) დასასრული იქნება სურნელოვანი (მუშკი). ამისკენ ისწრაფონ მსწრაფველებმა!

27 (სასმელი) გაზავებული იქნება თასნიმის წყლით,
-----
[თასნიმი — სამოთხეში ერთ-ერთი წყარო.]

28 წყარო, რომლიდანაც (ალლაჰთან) მიახლოებულნი დალევენ (დაიოკებენ წყურვილს)!

29 ჭეშმარიტად, რომელთაც შესცოდეს, დასცინოდნენ მორწმუნეებს,

30 როდესაც მათ (მორწმუნეებს ) გვერდით ჩაუვლიდნენ, ერთმანეთს თვალს უკრავდნენ;

31 და როცა თავისიანებისკენ მიბრუნდებოდნენ, მიბრუნდებოდნენ სიხარულით.

32 და როცა მათ (მორწმუნეებს) გადააწყდებოდნენ, იტყოდნენ: „უეჭველად, ეგენი არანორმალურები არიან!“

33 კეთილი, მაგრამ მორწმუნენის სადარაჯოდ არ წარმოგზავნილან ეგენი!

34 იმ დღეს მორწმუნენი გასცინებენ ურწმუნოებს,

35 მათ სავარძლებზე წამოწოლილი უცქერიან.

36 მიეზღოთ თუ არა ურწმუნოებს იმისთვის, რასაც სჩადიოდნენ?