Страницы

სურა 78 „ნებე“

„ნებე“ — ცნობა;  მექური, 40 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1 რას ეკითხებიან ისინი ერთმანეთს?

2 დიდებული ცნობის შესახებ (რასაც მოიცავს ყურანი და ასევე ხელმეორედ გაცოცხლების შესახებ),

3 რომლის თაობაზეც ვერ თანხმდებიან ეგენი.

4 მალე შეიტყობენ!

5 შემდგომში შეიტყობენ!

6 განა ჩვენ არ დავადგინეთ დედამიწა სარეცლად,

7 და მთები სვეტებად (რომლებიც ამყარებენ და აწონასწორებენ დედამიწას),

8 და გაგაჩინეთ თქვენ წყვილებად,

9 და ძილი თქვენი ვქმენით დასასვენებლად,

10 და ღამე ვქმენით საბურველად,

11 და ვქმენით დღე, დროდ ცხოვრებისა?!

12 ჩვენ აღვმართეთ თქვენს ზევით (თავზე) შვიდი მტკიცე (ცა),

13 და ვქმენით მოკაშკაშე მანათობელი (მზე);

14 და მოვავლინეთ ღრუბლებიდან წყალი მორაკრაკე,

15 რათა აღმოვაცენოთ მისით მარცვალი (თესლი) და მცენარეები,

16 და ბაღები შებურულნი!

17 ჭეშმარიტად, განშორების დღე წინასწარ დადგენილი ვადაა!

18 ამ დღეს ჩაჰბერავს საყვირს (მთავარანგელოზთაგან ერთ-ერთი – ისრაფილი) და მოხვალთ ჯგუფ-ჯგუფად!

19 ცა გაიხსნება (რათა ჩამობრძანდნენ ანგელოზები) და დაემსგავსება კარიბჭეებს!

20 დაიძვრებიან მთები ადგილიდან და ილუზიად მოგეჩვენებათ!

21 უეჭველად, ჯოჯოხეთია ხაფანგად,

22 ზღვარგადასულთა განსასვენებლად,

23 და დაჰყოფენ იქ საუკუნოდ!...

24 და ვერ დააგემოვნებენ იქ ვერცა სასმელს და ვერცა (ეღირსებიან) სიგრილეს,

25 გარდა მდუღარე წყლისა და ჩირქისა,

26 საზღაურის შესაბამისად!

27 ვინაიდან, არასოდეს უფიქრიათ, რომ პასუხს აგებინებდნენ!

28 და სიცრუედ ჩათვალეს ჩვენი სასწაულები, უკიდურეს სიცრუედ,

29 და ჩვენ ყველაფერი წიგნად ავსახეთ!

30 მაშ, იგემეთ! არაფერს მოგიმატებთ, გარდა ტანჯვისა!

31 ჭეშმარიტად, ნეტარება ღვთისმოსავთათვისაა!

32 (ასევე მათთვისაა) ბაღები და ზვრები,

33 მკერდსავსე თანატოლები,

34 და სავსე ფიალები.

35 იქ არ მოისმენენ ეგენი ფუჭსიტყვაობასა და სიცრუეს!

36 საზღაურად ჯილდო შენი ღმერთისგან საკმარისია!

37 ღმერთი, ცათა და მიწის და იმისა, რაც მათ შორისაა, მოწყალეა და არავის შესწევს ძალა მის წინაშე ილაპარაკოს (საჩივრის სახით)!

38 იმ დღეს სული (ჯიბრაილი) და ანგელოზები ერთ მწკრივში დადგებიან და ვერ ილაპარაკებენ, თვინიერ მისი, რომელსაც მოწყალე დართავს ნებას და ის მხოლოდ სიმართლეს იტყვის!

39 ეს არის დღე ჭეშმარიტი. და ვისაც სურს თავის ღმერთთან თავშესაფარი დაიდოს (სიკეთე და მადლი),

40 ჭეშმარიტად, ჩვენ გაგაფრთხილეთ (მექას ურწმუნოებო) საზღაურის სიახლოვისა, იმ დღეს ადამიანი ნახავს იმას, რაც წაუმძღვარებია მის ხელებს, და იტყვის ურწმუნო: „იქნებ მიწად გარდავიქცეო!“