Страницы

სურა 27 „ნემლ“

„ნემლ“ — ჭიანჭველა;  მექური, 93 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1. ტა. სინ. ეს არის აიათები ყურანისა, ცხადი წიგნისა!

2. ჭეშმარიტ გზად და მახარობლად მორწმუნეთათვის,

3. რომელნიც აღავლენენ ლოცვას, გასცემენ ზექათს და მტკიცედ სწამთ საიქიოსი!

4. უეჭველად, რომელთაც არ სწამთ საიქიო ცხოვრება, შევულამაზეთ მათ საქმენი მათი, რაშიც გზააბნეულნი დაძრწიან!

5. სწორედ ეგენი არიან, რომელთათვისაც გამზადებულია მტანჯველი სასჯელი და საიქიოში იქნებიან მუდამ წაგებულნი!

6. უეჭველად, შენზე გარდმოდის ყურანი ბრძენისა და ყოვლისმცოდნის წიაღიდან!

7. აკი, უთხრა მუსამ თავის ოჯახობას: „უეჭველად, ვხედავ ცეცხლს. მოგიტანთ იქიდან ახალ ამბავს ან აალებულ მუგუზალს, რომ გათბეთ.“

8. როცა მიუახლოვდა მას, ხმა გაისმა: „დალოცვილია იგი (მუსა), ვინც იქაა, სადაც ცეცხლია, და ვინც მის გარშემოა (ანგელოზები). დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს!

9. ჰეი მუსა, უეჭველად, მე ვარ ალლაჰი, ძლევამოსილი, ბრძენი!

10. დააგდე შენი კვერთხი!“ როცა დაინახა როგორ იკლაკნებოდა გველივით, უკანმოუხედავად გაიქცა. უთხრა (ალლაჰმა): „ჰეი, მუსა! ნუ გეშინია, რამეთუ შუამავლებს შიში არა აქვთ, როცა ჩემთან არიან!

11. ხოლო ვინც უსამართლობა ჰქმნა, მერე კი სიკეთით გამოასწორა, უეჭველად, მე ვარ შემნდობი, მწყალობელი!

12. ხელი უბეში ჩაიყავი და ამოიღებ იქიდან ქათქათა თეთრს. აი, ზოგი სასწაული იმ ცხრიდან, ფარაონისა და მისი ხალხისათვის. უეჭველად, ისინი არიან გზასამცდარი ხალხი!“

13. როცა მათ ცხადად იხილეს ჩვენი სასწაულები, თქვეს: „ეს ცხადი ჯადოქრობაა!“

14. უსამართლოდ უარყვეს ისინი, ამპარტავნობით, თუმცა გულში დარწმუნებულნი იყვნენ მათ ჭეშმარიტებაში. ნახე, რა ბედი ეწიათ ბოროტების გამავრცელებელთ!

15. ჩვენ ვუწყალობეთ დავუდს და სულეიმანს ცოდნა და მათ თქვეს: „დიდება ალლაჰს, რომელმაც გამოგვარჩია თავისი მრავალი მორწმუნე მსახურისგან!“

16. სულეიმანი დავითის მემკვიდრე იყო და უთხრა: „ჰეი, ხალხნო! ჩვენ გვესწავლა ფრინველთა ენა და გვებოძა ყოველი არსებულისგან. სწორედ ეს არის ცხადი წყალობა!“

17. და შეიკრიბა სულეიმანთან მისი ჯარი, შემდგარი ჯინთაგან, კაცთაგან და ფრინველთაგან. ყველანი ცალ-ცალკე რაზმებად დაწყობილნი.

18. როცა მივიდნენ ჭიანჭველების ველზე, დედა ჭიანჭველამ თქვა: „ჭიანჭველებო! შედით თქვენს სამყოფებში, რათა სულეიმანმა და მისმა მეომრებმა არ გაგსრისონ, ისე, რომ ვერც კი იგრძნონ ეს!“

19. გაიღიმა მისი სიტყვების გამგონმა (სულეიმანმა) და თქვა: „ღმერთო ჩემო! შთამაგონე, რომ მადლიერი ვიყო იმისთვის, რაც მიბოძე მე და ჩემს მშობლებს, და რომ ვჰქმნა კეთილი საქმე, რომელსაც მოიწონებ. და შემიყვანე შენს მოწყალებაში მართლმორწმუნე მსახურებთან ერთად!“

20. შეათვალიერა ფრინველები და თქვა: „რა მემართება? რატომ ვერ ვხედავ ოფოფს? ან იქნებ იგი აქ არმყოფთა შორისაა?

21. მკაცრ სასჯლეს მივაგებ ან დავკლავ, თუ არ მომცემს ცხად ახსნას!“

22. ცოტა ხანს დაჰყო იქ და თქვა (ოფოფმა): შევიტყვე ის, რასაც შენ არ უწყი. მე მოვედი შენთან საბასაგან სარწმუნო ამბით.
-----
[საბასი — ერთ-ერთი ტომის სახელი იემენში.]

23. უეჭველად, ვიპოვე იქ ქალი (დედოფალი ბელქისი), რომელიც მეფობს მათზე. ბოძებია მას ყველაფერი და აქვს დიდებული არში.

24. ვნახე, რომ ის და მისი ხალხი მზეს ეთაყვანებიან, მაგიერ ალლაჰისა. ეშმაკმა მოაჩვენა მათ მათი საქმენი შელამაზებული და გზიდან ააცდინა და არ ადგანან ისინი სწორ გზას.

25. განა რატომ არ აღავლენენ სეჯდეს ალლაჰის წინაშე, რომელიც გამოავლენს ყოველივე დაფარულს ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და უწყის იმას, რასაც მალავთ, და იმასაც, რასაც აცხადებთ?

26. და არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, იგია დიდებული არშის მეუფე!

27. უთხრა: „შევამოწმოთ, სიმართლე თქვი თუ ხარ ცრუთაგანი!

28. წაუღე ჩემგან ეს წიგნი და ჩაუგდე მათ. შორიახლოს გაჩერდი და ნახე, რას მოიმოქმედებენ!“

29. თქვა ქალმა: „ჰეი დიდებულებო, მომართვეს დიდებული წიგნი,

30. სულეიმანისგან და მასში ნათქვამია: „სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობელისა!

31. არ ამაღლდეთ ჩემს წინაშე და მეახელით მორჩილებად (მუსლიმებად)!“

32. თქვა ქალმა: „ჰეი დიდებულებო, მირჩიეთ, როგორ მოვიქცე. დამოუკიდებლად გადაწყვეტილება ჯერ არასდროს მიმიღია, გვერდით თქვენ მყავდით!“

33. უთხრეს: „ძლიერნი და ძლევამოსილნი ვართ, მაგრამ გადაწყეტილება შენ უნდა მიიღო. მოიფიქრე, რის გაკეთებას გვიბრძანებ!“

34. თქვა: „როცა მეფენი დასახლებაში იჭრებიან, ანგრევენ მას და მის ღირსეულ მცხოვრებლებს აკნინებენ. სწორედ, ასე იქცევიან!

35. და უეჭველად, გავუგზავნი მათ ძღვენს და ვნახავ, რით დაბრუნდებიან წარგზავნილები.“

36. როცა ისინი მიუახლოვდნენ სულეიმანს, მან უთხრა: „ნუთუ შემეწიეთ თქვენი ქონებით? ის, რაც ალლაჰმა მიბოძა, უმჯობესია მასზე, რაც მან თქვენ გიბოძათ. არამც და არამც! ეს თქვენ ხარობთ იმგვარი ძღვენით, რომელიც მოგვართვით!

37. დაბრუნდით მათთან (ამ ძღვენით) და ჩვენ უდაოდ მოვალთ ჯარით, რომელსაც წინ ვერ აღუდგებიან, და გავაძევებთ მათ იქიდან დამცირებულებს და დაკნინებულებს!“

38. უთხრა (სულეიმანმა): „დიდებულებო! რომელი მომიტანთ დედოფლის ტახტრევანს იქამდე, სანამ ისინი მეახლებიან მუსლიმად მოქცეულნი?“

39. ღიფრითმა ჯინთაგან მიუგო: „მოგიტან, ვიდრე წამოდგებოდე ადგილიდან. საკმაოდ ძლიერი ვარ და შეგიძლია მენდო!“

40. უთხრა, როელიც განსწავლული იყო წიგნიდან: „ თვალის დახამხამებაში აქ გაგიჩენ!“ როცა დაინახა მის წინ მდგარი ტახტრევანი, თქვა: „ჩემმა ღმერთმა მოიღო ჩემზე წყალობა, მცდის მადლიერი ვიქნები თუ უმადური. ვინც მადლიერია, ის თავის სასიკეთოდაა მადლიერი, და თუ ვინმე უმადურია - ჩემი ღმერთი ხომ მდიდარია, გულუხვია!“

41. თქვა: „გადააკეთეთ მისი ტახტრევანი, რომ ვერ იცნოს, ჩვენ კი ვნახავთ, სწორ გზას დაადგება თუ არა ან იქნებ იმათგანია, რომელნიც სწორ გზას არ დაადგებიან!“

42. როცა დედოფალი ჩავიდა, უთხრეს: „ესაა შენი ტახტრევანი?“ მიუგო, მგონი ესაა. თქვა (სულეიმანმა): „ჩვენ მასზე (ტახტზე) უწინ გვებოძა ცოდნა და შევიქმენით მუსლიმები.“

43. ხელი შეუშალა იმან, რასაც თაყვანს სცემდა, მაგიერ ალლაჰისა, რამეთუ იყო ურწმუნო ხალხის ასული.

44. უთხრეს მას (დედოფალს): „შედი სასახლეში“. დანახვისას წყლის გუბედ მოეჩვენა (დედოფალს) იგი და კალთები მუხლებამდე აიწია. უთხრა (სულეიმანმა): „ეს ბროლის სასახლეა.“ თქვა: „ღმერთო ჩემო! უეჭველად, უსამართლო ვიყავი ჩემი თავის წინაშე, სულეიმანთან ერთად ვმორჩილე ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს!“

45. და ვფიცავ, ჩვენ წარვგზავნეთ სემუდეველებთან მათი ძმა სალიჰი, რათა თაყვანი ეცათ ალლაჰისათვის, ისინი კი ორ მოშუღლე ჯგუფად დაიყვნენ!

46. თქვა: „ჩემო ხალხო! რატომ აყენებთ ავს კეთილზე წინ? რატომ არ შესთხოვთ ალლაჰს მიტევებას? ეგებ იქნათ შეწყნარებულნი!“

47. უთხრეს: „ჩვენ შეგვეხო შენით და შენთან მდგომებით სიავე.“ მიუგო: „სიავენი თქვენი ალლაჰის წიაღიდან მოედინება, რამეთუ თქვენ ხართ ხალხი გამოსაცდელად მოვლენილი!“

48. და ქალაქში ცხრა კაცი იყო, რომლებიც ქვეყანაზე უკეთურობას ამრავლებდნენ და არაფერს აუმჯობესებდნენ.

49. მათ თქვეს: „ერთმანეთს შევფიცოთ ალლაჰის სახელით, რომ ღამით სალიჰს და მის ოჯახს დავესხმებით თავს მერე კი ვეტყვით მის ახლო ნათესავებს, რომ არ შევსწრებივართ მისი და მისი ოჯახის მკვლელობას და რომ სიმართლეს ვამბობთ.“

50. მათ ხრიკი ჩაიფიქრეს და ჩვენ ამაოდ ვჰქმენით! და ვერც კი იგრძნეს!

51. მაშ, შეხედე, როგორი იყო აღსასრული მათი ხრიკისა! უეჭველად, მოვსპეთ ისინი და ხალხი მათი ერთიანად!

52. აი, მათი სახლები, დანგრეული იმიტომ, რომ უსამართლოდ მოიქცნენ. უეჭველად, ამაშია სასწაული მცოდნეთათვის!

53. და გადავარჩინეთ, რომელთაც ირწმუნეს და ღვთისმოშიშები გახდნენ!

54. აკი, უთხრა ლუტმა თავის ხალხს: „ნუთუ თვალნათლივ იქმთ გარყვნილებას?

55. ნუთუ ივლით კაცებთან ვნებით და არა ქალებთან? არამც და არამც! თქვენ უმეცარი ხალხი ხართ!“

56. პასუხად მისმა ხალხმა მხოლოდ ეს თქვა: „გააძევეთ ლუტის ოჯახობა თქვენი ქალაქიდან. უეჭველად, ზედმეტად განწმენდილი ხალხი არიან ესენი!“

57. გადავარჩინეთ ის და მისი სახლეული, ცოლის გამოკლებით. ჩვენ დავუდგინეთ მას უკან დარჩენილებთან ყოფნა.

58. თავს დავატეხეთ წვიმა. რა დამღუპველია წვიმა მათთვის, ვინც გავაფრთხილეთ!

59. თქვი: „დიდება ალლაჰს და მშვიდობა მის რჩეულ მსახურთ! ალლაჰი უკეთესია თუ ისინი, რასაც თანაზიარად უხდიან?“

60. ვინ გააჩინა ცანი და ქვეყანა და გარდმოავლინა თქვენთვის ზეციდან წყალი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ აღმოვაცენეთ მშვენიერი ბაღები? თქვენ ვერ გაზრდიდით მათში ხეებს. მაშ, არის ღმერთი ალლაჰთან ერთად? არამც და არამც, მაგრამ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც აცდნენ ჭეშმარიტებას!

61. ვინ დაადგინა დედამიწა საცხოვრებლად, გაიყვანა მის ღარებში მდინარეები, დაადგა მასზე ურყევი მთები და დაადგინა საზღვარი ზღვებს შორის? განა არის ღმერთი ალლაჰთან ერთად? არამც და არამც, მაგრამ უმრავლესობამ არ იცის ეს!

62. ვინ შეისმენს შევიწროებულისას, როცა ის შეჰღაღადებს მას, აშორებს ავს და დაგადგენთ ქვეყნის მემკვიდრეებად? განა არს ღმერთი, გარდა ალლაჰისა? რაოდენ ცოტას შეიმეცნებთ!..

63. ვინ დაგადგენთ სწორი გზით ხმელეთისა და ზღის წყვდიადში და გიგზავნით ქარს მახარობლად მისი წყალობისა? განა არს ღმერთი, გარდა ალლაჰისა? ალლაჰი დიადია იმაზე, რასაც უხდით თანაზიარად!

64. ვინ გააჩინა პირველად და მერე ვინ დააბრუნებს. და ვინ ასაზრდოებს ციდან მიწას? განა არს ღმერთი, გარდა ალლაჰისა? უთხარი: „მოიტანეთ თქვენი მტკიცებულება თუკი ხართ მართალნი!“

65. უთხარი: არავინ უწყის დაფარული ცათა და ქვეყნისა, გარდა ალლაჰისა. ისინი კი ვერც ხვდებიან, რომ აღდგენილ იქნებიან!

66. უფრო მეტიც, ისინი არ უწყიან იმქვეყნიურ ცხოვრებას, ეჭვობენ და ბრმანი არიან.

67. და თქვეს, რომელთაც უარყვეს: „განა იმას შემდგომ, რაც ჩვენ და ჩვენი მამები მიწად ვიქცევით, აღმოცენებულ ვიქნებით?

68. ჭეშმარიტად, ეს აღგვეთქვა ჩვენ და ჩვენზე უწინ ჩვენს წინაპრებს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდებია ძველი ხალხისა!“

69. უთხარი: „იმოგზაურეთ მიწაზე და ნახეთ, როგორი იყო ცოდვილთა აღსასრული!“

70. არ იდარდო მათზე და არ შეწუხდე იმის გამო, რასაც ისინი ფარულად სჩადიან!

71. ისინი ამბობენ: „როდესღა აღსრულდება ეს დაპირება, თუ ხართ მართალნი“?

72. უთხარი: „შესაძლოა, ზოგი რამ, რასაც თქვენ აჩქარებთ, უკან მოგყვებათ!“

73. და ჭეშმარიტად, შენი ღმერთი წყალობით აღსავსეა ხალხისადმი, მაგრამ მათი უმრავლესობა უმადურია!

74. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი უწყის, რასაც ფარავს მათი გულები და იმასაც, რასაც აცხადებენ!

75. არც ცაში და არც მიწაზე არ არის ისეთი ფარული რამ, რომელიც არ იყოს ცხად წიგნში (ლევჰი მაჰფუზში)!

76. უეჭველად, ეს ყურანი გადმოსცემს ისრაილის ძეების იმ ამბის დიდ ნაწილს, რის გამოც უთანხმოებდნენ ერთმანეთში.

77. და უეჭველად, იგია ჭეშმარიტი გზა და წყალობა მორწმუნეთათვის!

78. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი განსჯის მათ თავისი მსჯავრით. რამეთუ იგი ძლევამოსილია, ყოვლისმცოდნეა!

79. სასოებდე ალლაჰს, რამეთუ შენ ცხად ჭეშმარიტებას ემყარები!

80. უეჭველად, შენ ვერ შეასმენ მკვდრებს და ვერც ყრუებს, როცა ისინი ზურგს იბრუნებენ!

81. და გზააბნევიდან ვერ გამოიყვან ბრმებს ჭეშმარიტ გზაზე. შენ შეძლებ შეასმინო მხოლოდ მორწმუნეებს. მათ, ვინც ჰმორჩილა ჩვენს აიათებს!

82. და აღთქმული სიტყვა როცა აღსრულდება მათზე და ამოვუყვანთ მიწიდან ნადირს, რომელიც გამოამჟღავნებს იმ ხალხს, ვისაც დარწმუნებით არ სწამდა ჩვენი სასწაულები!
-----
[„ამოვუყვანთ მიწიდან ნადირს“ — დაბბეთულ ერდი – ეს ის ნადირია, რომელიც ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანთაგანია. იგი, გადმოცემის თანახმად მექაში უნდა მოევლინოს. მას ერთ ხელში სოლომონის ბეჭედი ექნება, მეორე ხელში - მოსეს კვერთხი. ურწმუნოებს ბეჭედს დაასვამს შუბლზე, ხოლო მორწმუნეებს კვერთხს გადაუსვამს და გააბრწყინებს მათ სახეებს. ამით განირჩევიან მორწმუნეები და ურწმუნოები.]

83. იმ დღეს ჩვენ შევკრებთ ყოველი ერიდან ერთ ჯგუფს, ვინც ცრუდ რაცხავდა ჩვენს აიათებს და მათ ხელის კვრით მორეკავენ!

84. როცა წარსდგებიან, ეტყვის: „ნუთუ ცრუდ შერაცხეთ ჩემი აიათები ისე, რომ არც ჩაწვდით მათ? ან რას სჩადიოდით?“

85. და მათ დაატყდათ აღთქმული სიტყვა იმის გამო, რომ უსამართლოდ იქცეოდნენ, და ენა ჩაუვარდებათ!

86. განა ვერ ხედავენ, ჩვენ დავადგინეთ ღამე, რომ დაესვენათ მათ და დღე გასანათებლად? უეჭველად, ამაშია სასწაულები მორწმუნეთათვის!

87. იმ დღეს ჩაიბერება საყვირში და შეძრწუნდებიან ვინცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა; გარდა მათი, ვის გამორჩევასაც ინებებს ალლაჰი. ყველანი წარსდგებიან მის წინაშე მორჩილნი!

88. და ნახავ რომ მთები, რომლებსაც უმოძრაოდ თვლიდი, ამოძრავდებიან ღრუბლებივით. ასეთია განგება ალლაჰისა, რომელმაც ყველაფერი სრულყოფილად დაადგინა. უეჭველად, იგი უწყის იმას, რასაც თქვენ სჩადიხართ!

89. ვინც ქველი საქმით წარსდგება, მიიღებს უკეთესს. და ისინი იმ დღეს დაცულნი იქნებიან შიშისგან!

90. ხოლო ვინც ავი საქმით წარსდგება, ცეცხლში ჩაიყოლებენ პირქვე: „განა არ მოგეზღვებათ იმისთვის, რასაც სჩადიოდით?“

91. „მე მებრძანა მხოლოდ თაყვანი ვცე ამ ქალაქის (მექის) ღმერთს, ქალაქის, რომელიც მან ნაკრძალად გამოაცხადა. მას ეკუთვნის ყველაფერი, მე კი მებრძანა ვიყო ერთ-ერთი მორჩილთაგანი

92. და ვიკითხო ყურანი. ვინც სწორ გზას დაადგა, ის საკუთარ თავს სიკეთეს უმზადებს. ხოლო მას, ვინც გზააბნევაში ჩავარდა, უთხარი: „უეჭველად, მე მხოლოდ შემგონებელთაგანი ვარ!“

93. თქვი: „დიდება უფალს! ის გახილვინებთ თავის სასწაულებს და თქვენ შეიცნობთ მათ!“ და შენი ღმერთი უგულისყურო არ არის იმის მიმართ, რასაც აკეთებთ!