Страницы

სურა 44 „დუჰან“

„დუჰან“ — კვამლი;  მექური, 59 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1. ჰა. მიმ.

2. ვფიცავ ცხად წიგნს!

3. ჭეშმარიტად გარდმოვავლინეთ იგი დალოცვილ ღამეს. ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ შემგონებელნი.

4. მასში წყდება ყველა ბრძნული საქმე

5. ბრძანებად ჩვენი წიაღიდან. ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ წარმომგზავნელნი

6. წყალობად შენი ღმერთისგან. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!

7. ღმერთია ცათა და ქვეყნის და იმის, რაცაა მათ შორის, თუკი თქვენ გსურთ ჭეშმარიტების შემეცნება!

8. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. აცოცხლებს და აკვდინებს. ღმერთია თქვენი და ღმერთია თქვენ წინაპართა.

9. მაგრამ ისინი, ეჭვში ჩაფლულნი, ერთობიან.

10. მაშ, დაელოდე დღეს, როცა ზეცა მოვა ცხადი კვამლით.

11. შემოეხვევა ხალხს. სწორედ ესაა მწარე სასჯელი!

12. ღმერთო ჩვენო! აგვაცილე სასჯელი, რამეთუ უკვე მორწმუნენი ვართ.

13. სადაა მათთან შეხსენების შეგონება. და ვფიცავ, მოვიდა მათთან ცხადი შუამავალი.

14. მერე სახე იქციეს მისგან და თქვეს: „განსწავლული, შეშლილიო!“

15. ჩვენ სასჯელი რომ აგაცილოთ მცირე ხნით, უსათუოდ თქვენ ისევ დაუბრუნდებით (წარმართობას).

16. იმ დღეს შევიპყრობთ მკაცრი შეპყრობით. უეჭველად, მივუზღავთ ჩვენ!

17. და ვფიცავ, გამოვცადეთ მათზე უწინ ხალხი ფარაონისა. და მივიდა მათთან ღირსეული შუამავალი:

18. „წარმოგზავნეთ ჩემთან ერთად ალლაჰის მსახურნი. ჭეშმარიტად, სანდო შუამავალი ვარ თქვენთვის.

19. და არ გამედიდურდეთ ალლაჰის წინაშე, რამეთუ მე თქვენთან მოვდივარ ცხადი მტკიცებებით.

20. და უეჭველად, მე მივეკედლე ჩაქოლვილისგან (ეშმაკისგან) ღმერთს ჩემსას და თქვენსას.

21. და თუ არ გჯერათ ჩემი, განმეშორეთ!“

22. მაშინ შეჰღაღადა თავის ღმერთს: „რომ ესენი ცოდვილნი ხალხი არიან!“

23. „მაშ, გაუდექი გზას ჩემს მსახურებთან ერთად ღამით, რამეთუ უკან დაგედევნებიან!

24. და დატოვე ზღვა გახსნილად. უეჭველად, ეგ ლაშქარი დასახრჩობია.“

25. რამდენი ბაღნი და წყაროს თვალნი დატოვეს,

26. ნათესები და დიდებული ადგილსამყოფელნი

27. და სიკეთენი, რომელშიც ტკბებოდნენ!

28. აი ასე! ჩვენ დავუმკვიდრეთ იგი სხვა ხალხს.

29. და არ უტირია მათზე ზეცას და ქვეყანას, და არც გადაუვადდათ (რომ მოენანიათ).
-----
[„არ უტირია ზეცას და ქვეყანას“ — როცა მორწმუნე ადამიანი აღესრულება, ტირის დედამიწა, ის ადგილი, სადაც ლოცულობდა და ასევე ზეცა, სადაც მისი ნამოქმედარი ადიოდა.]

30. და ვფიცავ, ჩვენ ვიხსენით ისრაილის ძენი დამაკნინებელი სასჯელისაგან -

31. ფარაონისგან. ჭეშმარიტად, იგი თვითმპყრობელი ზღვარგადასულთაგანი იყო.

32. და ვფიცავ, მაშინ ისინი (ისრაელის ძენი) განგებ ამოვარჩიეთ სამყაროთა ზედა.

33. და ვუბოძეთ მათ სასწაულთაგან, რაშიც იყო ცხადი გამოცდა.

34. ისინი უსათუოდ იტყვიან:

35. „არ იქნება სხვა სიკვდილი, გარდა პირველისა და ჩვენ არ ვიქნებით აღმოცენებულნი.

36. მაშ, მოგვიყვანეთ (გააცოცხლეთ) ჩვენი მამები, თუკი ხართ მართალნი!“

37. განა ისინი უკეთესნი არიან თუ ხალხი თუბბასი, რომელნიც მათ უწინ იყვნენ? გავანადგურეთ, რამეთუ ცოდვილნი იყვნენ ეგენი.

38. და ჩვენ არ გაგვიჩენია ცანი და მიწა და რაც მათ შორისაა გართობის მიზნით.

39. არ გაგვიჩენია ჩვენ ისინი, თუ არა ჭეშმარიტებისთვის, მაგრამ მათი უმრავლესობა არ უწყიან.

40. უეჭველად, განშორების დღე ყველასათვის წინასწარ დადგენილი ვადაა.

41. იმ დღე, როცა ვერას არგებს მეგობარს მეგობარი და არც იქნება შეწევნა მათი,

42. გარდა ვისზეც წყალობა მოიღო ალლაჰმა. ჭეშმარიტად, იგი ძლევამოსილია, მწყალობელია!

43. ჭეშმარიტად, იგი ხე ზაყუმისა

44. ცოდვილთა საკვებია...

45. როგორც ლითონის, იგი ადუღდება მათ მუცლებში,

46. ვით მდუღარე წყლის თუხთუხი.

47. შეიპყარით და შეათრიეთ იგი ჯოჯოხეთის შუაგულში.

48. მერე დაასხით თავზე სასჯელად ადუღებული წყალი.

49. აჰა, იგემე! აკი, შენ ძლევამოსილი, პატივდებული იყავი?!

50. ჭეშმარიტად, ეს ისაა, რაშიც ეჭვი გეპარებოდათ!

51. ჭეშმარიტად, ღვთისმოშიშნი უსაფრთხო ადგილას,

52. ბაღებში და წყაროებში იქნებიან.

53. შეიმოსებიან აბრეშუმით და ატლასით, ერთურთის პირისპირ.

54. სწორედ ამგვარად დავაწყვილეთ ისინი ქათქათებთან, დიდთვალებიანებთან.

55. მოითხოვენ იქ ყოველგვარ ხილს უსაფრთხოებაში.

56. აღარ იგემებენ ისინი მასში სიკვდილს, გარდა პირველი სიკვდილისა. დაიფარა ისინი ჯოჯოხეთის სასჯელისგან,

57. წყალობად შენი ღმერთისგან. სწორედ, ეს არის უდიდესი ნეტარება!

58. სწორედ, ასე გავაიოლეთ იგი შენს ენაზე, ეგებ გაიხსენონ და შეისმინონ!

59. მაშ, დაელოდე, რამეთუ ისინიც ელოდებიან!...