„მაიდე“ — მაგიდის გაშლა; მედინური, 120 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შეასრულეთ აღთქმანი. ნებადართულ იქმნა თქვენდა მსხვილფეხა პირუტყვი, გარდა რაც გიწერიათ თქვენ [რაც ყურანით აკრძალულია]. ნებადართული არ არის ნადირობა, როცა იჰრამით შემოსილი ხართ. ჭეშმარიტად, ალლაჰი დაადგენს იმას, ინებებს რასაც.
----
[იჰრამი — პილიგრიმის სამოსი, ჰაჯობისა და უმრას შესრულების პერიოდში.]
2 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ არის ნებადართული ალლაჰის ნიშნები და არც ნაკრძალი თვე [ომი ამ თვეში], და არც ზვარაკი (შესაწირი პირუტყვი), და არცა აქლემნი კისერსაბმელით; და არცა უსაფრთხო სახლში (მექაში) მიმავალთათვის, რომელნიც უფლისგან მადლსა და მწყალობლობას მიელტვიან. ხოლო როცა იჰრამიდან გამოხვალთ, ინადირეთ, და ცოდვას ნუ ჩაგადენინებთ იმ ხალხისადმი სიძულვილი, მესჯიდი ჰარამს რომ არ გაკარებდათ. და შეეწიეთ ერთმანეთს ღვთისმოსაობასა და ღვთისმოშიშობაში, მაგრამ არ შეეწიოთ ერთმანეთს ცოდვასა და მტრობაში. და გეშინოდეთ ალლაჰისა, ჭეშმარიტად, ალლაჰის საზღაური სასტიკია!
3 თქვენ აგეკრძალათ ლეში, სისხლი, ღორის ხორცი და ის, რაც ალლაჰის სახელით არ დაკლულა; აგრეთვე დახრჩობილი, დარტყმით მოკლული, სიმაღლიდან ჩამოვარდნილი, რქებზე წამოგებული, გარეული ცხოველის დაგლეჯილი, იმის გამოკლებით, რომელიც თქვენ დაკალით წესისამებრ; და კერპთა სამსხვერპლოზე დაკლული; და ისიც, რომ ისრებით მოკლული გაინაწილოთ; ეს ყველაფერი სიბილწეა. დღეს რომელთაც არ იწამეს, იმათ უკვე გადაეწურათ იმედი, თქვენს რწმენას ჩამოგაშორონ, და ნუ გეშინიათ მათი, არამედ გეშინოდეთ ჩემი! დღეს მე სრულვჰყავი თქვენი რჯული თქვენთვის, სრულად გიბოძეთ წყალობა ჩემი და ავირჩიე ისლამი თქვენს სარწმუნოებად. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.
4 ისინი გეკითხებიან შენ (ო, მუჰამმედ), რა არის მათთვის ნებადართული, უთხარი: „ყველანაირი სუფთა საკვები, აგრეთვე ნება გეძლევათ ჭამოთ ის, რასაც თქვენთვის მოინადირებენ გაწვრთნილი ცხოველები და ფრინველები, როგორც ეს ალლაჰმა გასწავლათ. ჭამეთ იქიდან, რასაც თქვენთვის დაიჭერენ და მასზე ალლაჰის სახელი ახსენეთ.“ გეშინოდეთ ალლაჰის. ჭეშმარიტად, ალლაჰი სწრაფანგარიშმსწორებია!
5. დღეიდან თქვენთვის საკვებად ნებადართულია ყველაფერი, რაც რამ კარგი და სუფთაა. ნებადართული გაქვთ იმათი საჭმელიც, ვისაც ებოძათ ღვთიური წიგნი [იუდეველთა და ქრისტიანთა საჭმელები, თუკი მათი სარწმუნოების დოგმების თანახმად იქნა მომზადებული], ასევე მათაც შეუძლიათ მიირთვან თქვენი საკვები. ნებადართულია თქვენთვის ცოლად მოიყვანოთ პატიოსანი და მორწმუნე ქალები, ასევე წესიერი ქალები მათგან, ვისაც თქვენზე ადრე მიეცათ ღვთიური წიგნი [იუდეველნი და ქრისტიანნი ქალები შეგიძლიათ შეირთოთ ცოლად], და თუკი გადაუხდით ურვადს, ნება გაქვთ ცოლად შეირთოთ არა გარყვნილების მიზნით და არა საყვარლად. ვინც სარწმუნოებას უარყოფს, უკვე ფუჭია მისი საქმენი და საიქიოში წაგებულნი იქნებიან.
6. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა წამოდგებით სალოცავად, დაიბანეთ სახენი და ხელები იდაყვების ჩათვლით, თავი შეიწმინდეთ და დაიბანეთ ფეხები კოჭების ჩათვლით. და თუ ხართ უსუფთური, განიბანეთ. და თუ ავად ხართ [თუ წყლის გამოყენება ზიანს მოგაყენებთ] ან მოგზაურობთ; ან თუ რომელიმე თქვენთაგანი საპირფარეშოში გავიდა საჭიროებისათვის, ან ქალთან გქონდათ კავშირი და ვერ ჰპოვოთ წყალი, მაშინ განიბანეთ მიწით (თეიმუმი გააკეთეთ) და წაისვით სუფთა მიწა სახეზე და ხელებზე. ალლაჰის ნება არ არის რაიმე სიძნელე დაგიწესოს თქვენ, მაგრამ უნდა, რომ განგწმინდოთ თქვენ და სრულქმნას წყალობა მისი თქვენდა, ეგების მადლიერნი იქმნეთ თქვენ!
-----
[„თუ ხართ უსუფთური“ — მენსტრუაცია (ონანიზმი), სპერმატორეა (ეშმაკის ცდუნება ძილის დროს), მეუღლესთან თანაცხოვრება; და ქალთა წესები: მენსტრუაცია, და მშობიარობის შემდეგ 40 დღე.
თეიმუმი — როდესაც დიდი ან პატარა განბანვა არის საჭირო და არ მოინახება წყალი, უზენაესი ალლაჰის მიერ ამ რიტუალის გაადვილებული ვარიანტია: მიწას ორივე ხელებით ვეხებით, შემდეგ სახეზე ჩამოვისვამთ, შემდეგ კიდევ მიწას ვეხებით და ვისვამთ მკლავებზე.]
7. გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა (ისლამი) თქვენდა და აღთქმა მისი, რომელიც თქვენ აღგითქვათ, თქვენ თქვით – „შევისმინეთ და გმორჩილებთ!“ და გეშინოდეთ ალლაჰის. ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის გულისნადებს.
8 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე მოწმენი, სამართლის აღმდგენი! და არ გაიძულოთ ზოგიერთ ადამიანთა მიმართ სიძულვილმა, რომ სამართლიანად არ იქცეოდეთ. იყავით სამართლიანნი, ის უფრო ახლოა ღვთისმოშიშობასთან; და გეშინოდეთ ალლაჰისა, ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის, რასაც იქმთ თქვენ.
9 რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მათ ალლაჰმა აღუთქვა შენდობა და საზღაური უდიდესი.
10 და რომელთაც უარყვეს და ჩვენი აიათები ცრუდ შერაცხეს, აალებული ცეცხლის მკვიდრნი არიან ისინი.
11 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენდა, როცა ხელის აღმართვა განიზრახა (ყურეიშელმა) ხალხმა თქვენზე, და ხელნი მათი მოგაცილა თქვენ. და გეშინოდეთ ალლაჰის, და მხოლოდ ალლაჰის იმედად იყვნენ მორწმუნენი!
12 და აჰა, აღთქმა აიღო ალლაჰმა ისრაილის შვილთაგან. ჩვენ მოვუვლინეთ მათი წიაღიდან თორმეტი ტომის მეთაური და უთხრა ალლაჰმა: „მე თქვენთანა ვარ, თუ ლოცვას აღავლენთ, ზექათს გაიღებთ, ირწმუნებთ ჩემს შუამავლებს და შეეწევით მათ, ალლაჰს ასესხებთ კარგ სესხს, მე უთუოდ, დავფარავ თქვენს ცოდვებს და უთუოდ, შეგიყვანთ სამოთხეებში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. და ვინც ამის მერე თქვენგან უარყოფს, უთუოდ, სწორ გზას ამცდარია იგი.“
13. და იმისათვის, რომ აღთქმა გატეხეს, დავწყევლეთ ჩვენ და გულები გავუსასტიკეთ [რითაც არ შეისმენენ ისინი სარწმუნოებას], სიტყვას უმრუდებენ ადგილებს [რომელიც თორაში არის მოხსენებული – მუჰამმედის თვისება და სხვა მრავალი], და დაავიწყდათ ნაწილი იმისა, რაც დაეწესათ (თორაში). და გამოკლებით მცირედისა (რომელთაც ირწმუნეს ბოლო სარწმუნოება), შენ გამუდმებით ღალატს იხილავ მაგათგან, მაგრამ აპატიე და მოითმინე, რამეთუ ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი!
14. და ასევე მათ, რომელნიც ამბობენ, ქრისტიანნი ვართო, აღთქმა ავიღეთ მათგან, მაგრამ მათ დაავიწყდათ ნაწილი იმისა, რაც დაეწესათ (მოცემული ბრძანებები ახალ აღთქმაში). ამის გამო ჩვენ გავუღვივეთ ურთიერთ მტრობა და სიძულვილი წარღვნის დღემდე [დაყოფილია ქრისტიანული რელიგია უამრავ ნაწილად და ყველა მათგანი ერთმანეთს უარყოფს]. და სულ მალე აცნობებს ალლაჰი მათ (საიქიოში), რასაც სჩადიოდნენ.
15. ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხნო (ქრისტიანნო და იუდეველნო)! ჩვენი შუამავალი (მუჰამმედი) მოვიდა თქვენთან, ცხად ჰყოფს თქვენთვის ბევრს, რასაც ღვთიური წიგნიდან მალავდით თქვენ და ბევრი რამეც უთქმელი დატოვა. ჭეშმარიტად, თქვენ მოგივიდათ ალლაჰისგან ნათელი და ცხადი წიგნი (ყურანი).
16. დაადგენს მისით ალლაჰი მშვიდობის გზებს, ვინცა მიჰყვება ნებასა მისსა. და გამოიყვანს მათ სიბნელიდან სინათლეში ნებითა მისა და მათვე დაადგენს გზასა ჭეშმარიტსა.
17. ვფიცავ! რომელთაც თქვეს: „ალლაჰია მესიჰი, შვილი მარიამისა“ – ურჯულო არიან. უთხარი შენ: „ვის ძალუძს ალლაჰის დაბრკოლება, თუ ინება მან, რომ გაანადგუროს მესიჰი, შვილი მარიამისა, და მისი დედა, და ყველა, ვინც დედამიწაზეა?“ ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნის და რაცაა მათ შორის. გააჩენს, ინებებს რასაც, და ძალუძს ალლაჰს ყველაფერი!
18. და თქვეს იუდეველებმა და ქრისტიანებმა: „ჩვენ ვართ ალლაჰის შვილები და მისი საყვარელნი.“ უთხარი შენ (ო, მუჰამმედ): „მაშ, რატომ გსჯით იგი თქვენი ცოდვებისთვის?“ არა! თქვენ ხართ ადამიანები იმათგან, ვინც მან გააჩინა. შეუნდობს, ინებებს ვისაც; და დასჯის, ინებებს ვისაც. ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნის და რაც მათ შორისაა. და მასთანაა მისაქციელი!
19. ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხნო! თქვენთან უკვე მოვიდა ჩვენი შუამავალი (მუჰამმედი), ცხად ჰყოფს თქვენთვის (რელიგიურ დოგმებს), შუამავალთა წყვეტილის შემდგომ. რომ არ თქვათ – არ გვწვევია ჩვენ არც მახარობელი და არც შემგონებელიო, უკვე მოვიდა თქვენთან მახარობელი და შემგონებელი. და ალლაჰს ძალუძს ყველაფერი!
-----
[„შუამავალთა წყვეტილის შემდგომ“ — პერიოდი, როცა შუამავალი არ მოვლენია დედამიწას. მუჰამმედ შუამავლამდე იესო შუამავალი იყო მოვლენილი დედამიწაზე, დაახლოებით 569 წლით ადრე.]
20 აკი, უთხრა მუსამ თავის ხალხს: „ხალხო ჩემო! გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენდა, როდესაც დაადგინა თქვენს შორის შუამავალნი და დაგადგინათ თქვენ მეფეებად, და მოგცათ თქვენ ის, რაც არავისთვის არ მიუცია ქვეყნად.
21 ხალხო ჩემო! შედით წმინდა მიწაზე, რომელიც ალლაჰმა თქვენთვის დაადგინა. და არ მოიქცეთ უკან (მტრის შიშით), თორემ წაგებულნი იქნებით!“
-----
[„შედით წმინდა მიწაზე“ — ეს იყო ადგილი დამასკოში, სადაც ალლაჰმა შესვლა უბრძანა იუდეველებს.]
22 მათ უთხრეს: „ჰეი მუსა! იქ მძლავრი ხალხია, და ჩვენ ვერ შევალთ იქ, სანამ ისინი არ გამოვლენ იქიდან. და თუ გამოვლენ იქიდან, მაშინ შევალთ ჩვენ.“
23 უთხრა (მათ) ორმა კაცმა, ღვთისმოშიშნი რომელნიც იყვნენ და მოჰმადლა ალლაჰმა წყალობა მათ: „გაილაშქრეთ მათზე კარიბჭით და როცა შეხვალთ იქიდან, უსათუოდ გაიმარჯვებთ. და გქონდეთ იმედი მხოლოდ ალლაჰისა, თუკი ხართ მორწმუნენი!“
24 უთხრეს: „ჰეი მუსა! ჩვენ იქ არასოდეს შევალთ, სანამ იქ არიან ისინი. წადით და იომეთ შენ და შენმა ღმერთმა. ჩვენ კი აქ ვისხდებით!“
25 შეევედრა (მუსა): „ღმერთო ჩემო! მე არ მაქვს მეუფება გარდა ჩემი და ჩემი ძმისა. შენ განსაჯე ჩვენსა და ამ ურჩ ხალხს შორის!“
26 ბრძანა (ალლაჰმა): „ეს მიწა-წყალი შეუღწეველი იქნება მათთვის ორმოცი წელი. ისინი იხეტიალებენ დედამიწაზე. ხოლო შენ არ ინაღვლო ურჩი ხალხის გამო!“
27 და (ო, მუჰამმედ) ჭეშმარიტებით წაუკითხე მათ ამბავი ადამის ორი ვაჟისა. ოდესღაც, მსხვერპლი შეწირეს ორივემ [ყაბილმა მარცვლეული და ჰაბილმა ცხვარი] და შეწყნარებულ იქმნა ერთისაგან და არ იქნა შეწყნარებული მეორისაგან, და თქვა მან (ყაბილმა): „მე მოგკლავ შენ უსათუოდ!“ უპასუხა (ჰაბილმა): „ალლაჰი მხოლოდ ღვთისმოშიშთაგან შეიწყნარებს.
-----
[„ადამის ორი ვაჟი“ — ყაბილი (კაენი) და ჰაბილი (აბელი).
„შეწყნარებულ იქმნა ერთისაგან“ — ზეციდან ცეცხლი ჩამოვიდა და აბელის შეწირული აიტაცა, ესე იგი ალლაჰმა მიიღო მისი შესაწირი.]
28 ვფიცავ, თუ შენ მოსაკლავად აღმართავ ხელს ჩემზე, მე არ აღვმართავ ხელს შენს მოსაკლავად, რამეთუ მეშინია ალლაჰისა – სამყაროთა ღმერთისა.
29 ნამდვილად მსურს, რომ შენ აიღო ჩემი ცოდვა და ცოდვა შენიც (რომელიც მანამდე იტვირთე), რათა იქმნა ცეცხლის ბინადართა შორის.“ და (ბრძანა ალლაჰმა): „ასეთია საზღაური უსამართლონისა.“
30 ხოლო ვნებამ უბიძგა მას ძმის მოკვლისკენ, და მოკლა ის, და აღმოჩნდა წაგებულთა რიგებში.
-----
[კაენმა (ყაბილმა) მოკლა აბელი (ჰაბილი) — ეს იყო პირველი მკვლელობა დედამიწის ზურგზე. კაენმა არ იცოდა რა ექნა მოკლული ძმის ცხედარისთვის, მოიკიდა ზურგზე და დაატარებდა.]
31 შემდეგ წარუგზავნა ალლაჰმა ყორანი, რომელიც მიწას თხრიდა (ნისკარტითა და ბრჭყალებით), რათა ეჩვენებინა მისთვის, როგორ დაემარხა (დაეფარა) ძმის ცხედარი. თქვა: „ვაი ჩემს თავს! ისიც არ შემიძლია ამ ყორნის მსგავსი ვიყო და დავმარხო ჩემი ძმის ცხედარი.“ და იქმნა იგი მონანიეთაგანი.
32. ამისთვის (რაც ჩაიდინა კაენმა) დავუწესეთ ისრაილის ძეთ: „თუ ვინმე ადამიანს მოკლავს, არა ადამიანის წილ, და არა ქვეყნიერებაზე უკეთურების გავრცელების წილ, მსგავსია იმისა, თითქოსდა მთელი ხალხი ამოეწყვიტოს მას. ხოლო ის ვინც ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, თითქოსდა მთელი ხალხისთვის შეენარჩუნებინოს სიცოცხლე.“ ჩვენი შუამავალნი უკვე მივიდნენ მათთან ცხადი მტკიცებებით (სასწაულებით), მაგრამ ამის შემდგომაც ბევრი მათგანი მაინც განაგრძობდა ქვეყანაზე ზღვარგადასულობას (კლავდნენ შუამავალებს და ადამიანებს, და უსამართლობას ეწეოდნენ).
33. სასჯელი მათი, ვინც ეომება ალლაჰს და მის შუამავალს და ყოველნაირად ცდილობს უკეთურება გაავრცელოს ქვეყნიერებაზე, ისაა საზღაური, რომ მოკლულნი იქნან ისინი ან ძელზე გაკრულნი, ან ხელ-ფეხი სხვადასხვა მხრით მოკვეთილნი, ან ამ მიწა-წყლიდან გაძევებული (ან დილეგში გამომწყვდეული). ასეთია დამცირება მათთვის ამქვეყნიური, ხოლო მძიმე სასჯელია საიქიოში.
34. იმათი გამოკლებით, ვინც იქამდე მოინანიებს, სანამ თქვენ სძლევთ მათ. იცოდეთ, რომ ალლაჰი მიმტევვებელია, მწყალობელია!
35. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა, ეძიეთ საშუალება და გზები მასთან მისაახლოვებლად. მთელი ძალებით იღვაწეთ მის გზაზე, რათა იყოთ ბედნიერნი (ნეტარნი).
36. ისინი, რომელნიც ურწმუნონი არიან, იმათ რომ ყველაფერი, რაც რამ დედამიწაზეა და კიდევ ერთი იმდენი ჰქონოდათ, რათა მისით თავი გამოესყიდათ განკითხვის დღის ტანჯვისგან, არ შეიწყნარებოდა მათგან. და მათთვისაა მწარე სასჯელი.
37. სურთ, რომ გამოვიდნენ ცეცხლიდან, მაგრამ ვერ გამოვლენ იქიდან; და მათთვისაა ტანჯვა დაუსრულებელი.
38. ქურდ კაცსა და ქურდ ქალს მოეკვეთოს ხელი საზღაურად იმისა, რაც ჩაიდინა, და ხალხთათვის სანიმუშოდ ალლაჰისგან. ხოლო ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.
39. მაგრამ თუ ქურდი მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს და აანაზღაურებს ზარალს, მაშინ მიუტევებს ალლაჰი, რამეთუ იგია მიმტევებელი, მწყალობელი!
-----
[ეს შარიათი ვრცელდება გონიერ და ზრდასრულ პიროვნებებზე. არმონანიების შემდეგ ამ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში – ეკვეთება მარჯვენა ხელი, ხოლო ხელმეორედ დანაშაულის ჩადენის დროს, მარცხენა ფეხი, და თუ გააგრძელებს ამ დანაშაულის ჩადენას, მერე დილეგში გამომწყვდევა, სანამ არ მოინანიებს თავის ჩადენილს; მოპარული საქონლის ფასი უნდა აღემატებოდეს ოთხ გრამ ოქროს ფასს, და ასევე უნდა იყოს მუსლიმთა მიერ ეს საქონელი ფასეული, მაგალითად, ღვინის ან ღორის ხორცის მომპარველს ეს შარიათი არ შეეხება, ვინაიდან, ესენი არ არის მუსლიმთათვის ფასეულობები, ასევე ისეთი ქონება უნდა იყოს, რომლის ყიდვა-გაყიდვაც შესაძლებელია, ამიტომ თავისუფალი ადამიანის მოტაცების შემთხვევაში ხელის მოკვეთა არ ვრცელდება, ვინაიდან თავისუფალი ადამიანი არ არის ყიდვა-გაყიდვის საგანი. თუკი სისრულეში მოვა ეს, მაშინ დამნაშავე აღარ უხდის მოპარული ქონების საფასურს, დაზარალებულს უფლება აქვს მიმართოს მოსამართლეს ზარალის ანაზღაურების მიზნით. თუკი ასე მოხდება, დამნაშავეს აღარ მოეკვეთება ხელი და გადაუხდის დაზარალებულს, ორივე სასჯელი ერთად არ გავრცელდება.]
40 განა არ იცი, რომ ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნისა! დასჯის, ინებებს ვისაც, და შეიწყალებს, ინებებს ვისაც. და ალლაჰს ძალუძს ყველაფერი.
41. ო, შუამავალო! არ დამწუხრდე იმათ გამო, რომელნიც ურწმუნოებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, მათგან ვინც ამბობს: „ჩვენ გვწამს!“ – ეს მხოლოდ ბაგეებით, ხოლო გულში არ სწამთ; და იმათგან, რომელნიც იუდეველნი არიან, ხარბად ისმენენ ტყულებს, გატაცებით უსმენენ სხვა ადამიანთ, რომლებიც არასოდეს მოსულან შენთან; სწორედ ისინი უცვლიას ალლაჰის სიტყვას ადგილს და მნიშვნელობას [ცვლიან პასაჟს თორაში ჩაქოლვის თაობაზე] და ამბობენ: „თუ თქვენ მოგეცათ ეს (კანონი მრუშობის შესახებ – გაროზგვა), მაშ მიიღეთ იგი [გაროზგვა ავიღოთ და ჩაქოლვა გავაუქმოთო, ამბობდნენ იუდეველნი] და თუ (გაროზგვა) არ მოგეცათ, მაშინ უფრთხილდით“ [განერიდეთ, არ მიიღოთ თუ არ არის გაროზგვაო]. და ვისი გამოცდაც ინებოს ალლაჰმა, მის დაცვას შენ ვერასდროს შეძლებ ალლაჰისგან. სწორედ ისინი არიან, რომელთა გულების განწმენდაც ალლაჰის ნება არ არის. და მათთვისაა ამქვეყნად დამცირება, ხოლო იმქვეყნად მძიმე სასჯელი!
-----
[„რომლებიც არასოდეს მოსულან შენთან“ — ესენი არიან ჰეიბერის ხალხი, მათგან იმრუშეს, მაგრამ თორაში არსებული ამ დანაშაულის შესატყვისი ჩაქოლვის სისრულეში მოყვანა არ სურდათ, და შუამავალთან შესაკითხად ყურეიზა წარგზავნეს.]
42 კარგი მსმენელნი სიცრუის, მჭამელნი აკრძალულის, თუკი შენთან მოვლენ (რათა განსაჯო ისინი), განსაჯე მათ შორის ან ზურგი აქციე მათ. და თუ შენ ზურგს შეაქცევ მათ, ვერანაირ ზიანს ვერ მოგაყენებენ. და თუ განსაჯე მათ შორის, განსაჯე სამართლიანად. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს სამართლიანები.
43. და როგორ დაგაყენებენ შენ მსაჯულად, როცა თევრათი (ძველი აღთქმა) აქვთ მაგათ, მასშია (ჩაქოლვის თაობაზე) მითითებანი ალლაჰისა! მერე კი ზურგს აქცევენ ამის შემდგომ [შენი გადაწყვეტილების და განსჯის შემდგომ ჩაქოლვის თაობაზე, რომელიც ასევე თორაში ეწერათ] და ისინი არ არიან მორწმუნენი.
44. ჩვენ ზემოვავლინეთ თევრათი, მასშია ჭეშმარიტი გზა და ნათელი, განსჯიან იმით შუამავალნი, რომელთაც ჰმორჩილეს, იუდეველნი და აგრეთვე რაბინები (მწიგნობრები) და სწავლულნიც, რომელთაც დასაცავად ჰქონდათ მიბარებული ალლაჰის წიგნი და მოწმენი იყვნენ ამისა. ამიტომ ნუ გეშინიათ ადამიანების და გეშინოდეთ ჩემი; და არ გაყიდოთ ჩემი აიათები მცირე რამ ფასეულობაზე. და ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა მოავლინა, სწორედ ისინი არიან ურწმუნონი.
45. ჩვენ დავუწესეთ მასში (თორაში): სული სულის წილ, და თვალი თვალის წილ, და ცხვირი ცხვირის წილ, და კბილი კბილის წილ, და ჭრილობები (სამაგიეროა) თანაფარდი ჭრილობებისა. ხოლო ვინც აპატიოს, ის თავისთვის ცოდვების გამოსყიდვაა. და ვინც ისე არ განსჯის, როგორც ეს ალლაჰმა ზეგარდმოავლინა, სწორედ ისინი არიან უსამართლონი!
46. და ჩვენ წარვგზავნეთ ღისა (იესო) ძე მარიამისა მათ კვალდაკვალ, დამმოწმებლად იმისა, რაც მასზე უწინ იყო თევრათში (მოსეს სჯული), და ჩვენ მივეცით მას ინჯილი (სახარება), მასშია ჭეშმარიტი გზა და ნათელი, დასტურად იმისა, რაც მასზე უწინ იყო თევრათში (ძველ აღთქმაში) ჭეშმარიტ გზად და შეგონებად ღვთისმოსავთათვის.
47. და განსაჯონ ინჯილის (სახარების) მფლობელებმა იმის მიხედვით, რაც ზეგარდმოავლინა ალლაჰმა მასში. და ვინც არ განსჯის ალლაჰის მოვლინებულის მიხედვით, სწორედ ისინი ურჩნი არიან!
48. და ჩვენ შენდა (ო, მუჰამმედ) გარდმოვავლინეთ წიგნი (ყურანი) ჭეშმარიტებით, დასტურად იმისა, რაც მასზე უწინ იყო წიგნში, და დამცველად მოწმედ მისდა (წინა წერილებისა). მაშ, განსაჯე მათ შორის (თუკი მოვლენ შენთან) იმის მიხედვით, რაც ზემოავლინა ალლაჰმა, არ განუდგე შენზე ბოძებულ ჭეშმარიტებას და არ აჰყვე მათ სურვილებს (ადათ-წესებს). თითოეულ თქვენგანს ჩვენ დავუდგინეთ კანონი (შარიათი) და გზა (ნათელი გზა, რომელსაც ადგახართ). და რომ ენება ალლაჰს, ერთ თემად გქმნიდათ თქვენ. მაგრამ (დაგყოთ ალლაჰმა უამრავ თემად) იმისთვის რომ გამოეცადეთ იმით, რაც გიბოძათ. მაშ, შეეჯიბრეთ ერთმანეთს კეთილი საქმეების კეთებაში. ყველანი ალლაჰთან მიბრუნდებით (აღსდგებით) და იგი გაცნობებს იმას, რაზეც გქონდათ უთანხმოება.
-----
[„რომ ენება ალლაჰს, ერთ თემად გქმნიდათ თქვენ“ — ალლაჰს ძალუძს, რომ ყველა ერთ კანონზე დაემორჩილებინა, მაგრამ მოავლინა ადამიანი, რათა გამოეცადა და მისთვის მიეზღო, რაც ეკუთვნოდა მას.]
49. და განსაჯე მათ შორის იმით, რაც ალლაჰმა გარდმოგივლინა და არ აჰყვე მათ სურვილებს. სიფრთხილე გმართებს მათთან, რომ იმის ნაწილისგან არ გაცდუნონ, რაც ზემოგივლინა ალლაჰმა. თუ პირი იბრუნეს, იცოდე, რომ ალლაჰი აწევს სასჯელს ზოგიერთ მათგანს მათივე ცოდვებიდან გამომდინარე. და ჭეშმარიტად, ადამიანთა უმეტესნი ურჩნი არიან.
50. განა მათ უმეცრების დროინდელი მსაჯულება სურთ? ალლაჰზე უკეთესად განა ვინ განსჯის იმ ხალხთათვის, რომელთაც მტკიცედ სჯერათ?!
51. ჰეი, მორწმუნენო! მფარველებად და მოკავშირეებად ნუ აიყვანთ ებრაელებსა და ქრისტიანებს, იმათ, რომლებიც ერთმანეთის მოკავშირეები არიან. და თუ ვინმე თქვენგანი დაუმეგობრდება მათ, იმათგანი გახდება. ჭეშმარიტად, ალლაჰი არ წარმართავს უსამართლო ხალხს.
52. მაშ, დაინახავ შენ, რომელთაც სენი უზით გულებში მათკენ მიისწრაფვიან თავის მართლებით: „გვეშინია, ბედუკუღმართობა არ გვეწვიოსო.“ ეგებ გამარჯვება მოავლინოს ალლაჰმა ან რაიმე გადაწყვეტილება თავისი, და მაშინ სინანულს მიეცემიან იმის გამო, რაც გულში ჰქონდათ დაფარული!
53 და რომელთაც ირწმუნეს, იტყვიან: „განა ესენი არ არიან, რომელნიც ალლაჰზე იფიცებდნენ გულმოდგინე ფიცით, რომ თქვენთან იქნებოდნენ?“ ფუჭი იქმნა საქმენი მათნი და წაგებულ იქმნენ ისინი.
54 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ განუდგეს თქვენგან ვინმე თავის რწმენას, ალლაჰი შეცვლის ხალხით, რომელნიც ეყვარება მას და რომელთაც ეყვარებათ იგი, თავმდაბალნი მორწმუნეთა წინაშე, მკაცრნი ურწმუნოთა წინაშე, იბრძოლებენ ისინი ალლაჰის გზაზე და არ შეუშინდებიან გაკიცხვას გამკიცხველისას . ესაა მადლი ალლაჰისა, უბოძებს, ინებებს ვისაც, და ალლაჰი ყოვლისმომცველია, ყოვლისმცოდნეა.
55 თქვენი მეგობარი მხოლოდ ალლაჰი და მისი შუამავალია, და მორწმუნენი, რომლებიც ლოცვას აღავლენენ, ზექათს გასცემენ და ისინი ქედმოხრილნი არიან;
56 და ვინც ალლაჰს და მის შუამავალს ირჩევს მეგობრად და რომელთაც ირწმუნეს. ჭეშმარიტად, ალლაჰის მიმდევარნი გამარჯვებულნი არიან.
57. ჰეი, მორწმუნენო! ნუ აირჩევთ მეგობრებად და მფარველებად იმათ, ვინც დასცინის და მასხრად იგდებს თქვენს სარწმუნოებას, იმათგან ვისაც ებოძა წიგნი თქვენზე უწინ, და არც ურწმუნოთაგან (ურჯულოთაგან და წარმართთაგან). გეშინოდეთ ალლაჰის, თუ ხართ მორწმუნენი.
58. და როცა ლოცვისკენ მოუწოდებთ თქვენ [როცა ლოცვის დროს აცნობებთ ეზნით], ისინი ამას გასცინიან და ამასხარავებენ. ეს იმიტომ, რომ ისინი არიან ხალხი, რომელნიც არ შეიგნებენ.
59 უთხარი შენ: „ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხნო! ნუთუ მხოლოდ იმიტომ გძულვართ, რომ ალლაჰი ვიწამეთ და ის, რაც ზემოგვევლინა ჩვენ, და ის, რაც ზემოვლენილა უწინ. უეჭველად, თქვენგან უმეტესი ჭეშმარიტებას ამცდარია.“
60 უთხარი შენ: „გინდა გამცნოთ ამაზე უარესი სასჯელი ალლაჰისგან? ვინც დაწყევლა ალლაჰმა და რისხვა აწვნია მისდა და აქცია ღორებად და მაიმუნებად, და ვინც ტაღუთს ემსახურებოდა, ყველაზე უარესი ადგილის მფლობელნი არიან და ყველაზე უფრო ამცდარნი არიან სწორ გზას!“
61 და როცა ისინი [თვალთმაქცი იუდეველნი] თქვენთან მოვიდნენ, თქვეს: „ვირწმუნეთ ჩვენ.“ მაგრამ ისინი ურწმუნოებით შემოვიდნენ და ნამდვილად გავიდნენ იმით. ხოლო ალლაჰი უკეთ უწყის, რასაც მალავენ ისინი.
62 მაშ დაინახავ შენ მათგან უმეტესს, როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ცოდვასა და მტრობაში და აკრძალულის ჭამაში. რაოდენ ცუდია ის, რასაც აკეთებენ ისინი!
63 რატომ არ უკრძალავენ მათ რაბბანები და სწავლულნი ავსიტყვაობას [ტყუილის თქმას], და აკრძალულის ჭამას? რაოდენ ცუდია ის, რასაც აკეთებენ ისინი.
64 და თქვეს იუდეველებმა: „შეკრული აქვს ალლაჰს ხელი.“ მათაც შეეკრათ ხელები და წყეულიც არიან იმისათვის, რაცა თქვეს. პირიქით, გაშლილია ორივე ხელი მისი, გასცემს იგი, ინებებს როგორც. და ბევრ მათგანს დიახაც გაუზრდის ურჩობასა და ურწმუნოებას ის, რაც შენ ზემოგევლინა შენი ღმერთისგან. ხოლო ჩვენ მტრობა და სიძულვილი ჩავაგდეთ მათ შორის წარღვნის დღემდე, და ყოველთვის როცა ომისთვის ცეცხლს აანთებენ ისინი, ჩააქრობს ალლაჰი. და არეულობას ესწრაფვიან დედამიწაზე (რომელთაც სურთ შენი მოკვლა), ხოლო არ უყვარს ალლაჰს არეულობის მთესველნი!
65 და რომ ერწმუნათ (მუჰამმედ შუამავალი) ღვთიური წიგნის მფლობელთ და ჰქონოდათ შიში (ალლაჰისა), ჩვენ მივუტევებდით მათ ცოდვებს და შევიყვანდით ნეტარ სამოთხეებში.
66. მათ მტკიცედ რომ დაეცვათ თორა და სახარება, და ყველა გამოცხადება რაც ზემოუვლინა მათ უფამლა, ისინი ყოველიმხრიდან სიკეთეს მიიღებდნენ. არის მათ შორის თემი, ზომიერების დამცველნი, მაგრამ ცუდია ის, რასაც უმეტესობა სჩადის.
67 ო, შუამავალო! აუწყე, რაც ზემოგევლინა შენ შენი ღმერთისგან. და თუ ამას არ იქმ, მაშინ მისი წერილი სრულყოფილად არ გადაგიცემია. ხოლო ალლაჰი დაგიფარავს იმ ადამიანებისგან, ვინაიდან, ალლაჰი არ უწინამძღვრებს ურწმუნო ხალხს!
68 უთხარი შენ: „ჰეი, ღვთიური წიგნის მფლობელნო! დასაყრდენი არ გაგაჩნიათ, სანამ თევრათს და ინჯილს არ დაიცავთ და იმას, რაც თქვენი ღმერთისგან ზემოგევლინათ.“ და ბევრს მათგან მართლაც გაუმრავლებს ურჩობასა და ურწმუნოებას ის, რაც ზემოგევლინა შენი ღმერთისგან, ხოლო ურწმუნო ხალხის გამო გული არ დაგწყდეს შენ!
69 ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს, და რომელნიც იყვნენ იუდეველნი, საბიელნი და ქრისტიანნი, ვინც ირწმუნა ალლაჰი და დღე უკანასკნელი, ჰქმნა სიკეთე, არ ექნებათ არაფრის შიში და არც სადარდებელი!
70 აკი, ავიღეთ აღთქმა ისრაილის ძეთაგან და წარვგზავნეთ მათთან შუამავალნი. ყოველთვის, როცა ისეთ რასმეს მიუტანდათ შუამავალი, რაც არ მოსწონდათ მათ, ერთი ნაწილი ცრუს აცხადებდნენ, ხოლო მეორე ნაწილი კლავდნენ მათ.
71 და ფიქრობდნენ, რომ სასჯელი არ იქნებოდა (შუამავალთა ცრუდ შერაცხვისა და მათი მკვლელობის გამო), დაბრმავდნენ და დაყრუვდნენ ისინი. ალლაჰმა შეუნდო მათ, მერე კვლავ დაბრმავდნენ და დაყრუვდნენ მრავალნი მათგან. ხოლო ალლაჰი ხედავს, რასაც აკეთებენ ისინი!
72. ვფიცავ, მკრეხელობს ის, ვინც ამბობს: „ალლაჰია მესიჰი ძე მარიამისა“. და თქვა მესიჰმა: „ისრაილის ძენო, თაყვანი ეცით ალლაჰს, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთს“. ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუხდის, იმას აუკრძალა ალლაჰმა სამოთხე და მისი თავშესაფარი ცეცხლია. და არ ეყოლებათ უსამართლონთ შემწენი.
73. ვფიცავ, მკრეხელობს ის, ვინც ამბობს: „უეჭველად, ალლაჰი სამთაგან მესამეა.“ და არ არის ღმერთი, გარდა ერთი ღმერთისა. და თუ ისინი არ მოიშლიან იმას (მკრეხელობას), რასაც ამბობენ, უთუოდ მწარე სასჯელი შეეხებათ მათ, რომელთაც არ ირწმუნეს!
74. განა არ სურთ პატიება და შენდობა შესთხოვონ ალლაჰს?! და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.
75. მესიჰი, მარიამის ძე, მხოლოდ შუამავალია, განვლეს უკვე შუამავალთა მასზე უწინ. ხოლო დედამისი იყო ქალი ჭეშმარიტებისა. ორივე მათგანი საჭმელს მიირთმევდა. შეხედე, როგორ განვუმარტავთ ხალხს აიათებს (მონოთეიზმის თაობაზე), და შეხედე, როგორ აქცევენ ზურგს!
76 უთხარი შენ: „განა ალლაჰის გარდა იმას ეთაყვანებით თქვენ, რასაც არ შეუძლია თქვენთვის არც სიავისა და არც სიკეთის მოტანა?“ და ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა იგი.
77 უთხარი შენ: „ჰეი, ღვთიური წიგნის მფლობელნო! ზღვარს ნუ გადახვალთ თქვენს რწმენაში ჭეშმარიტების წინააღმდეგ და ნუ აყვებით იმ ხალხის სურვილებს, ვინც თქვენს უწინ აცდა ჭეშმარიტებას და სხვა ბევრიც შეიყვანა შეცდომაში, და გადამცდარა სწორ გზას.“
78 ურწმუნონი, რომელნიც არიან ისრაილის შვილთა შორის, დაწყევლილი არიან დავუდის და ღისას, მარიამის შვილის პირით. ეს იმისათვის, რომ ურჩნი იყვნენ და ზღვარს გადადიოდნენ,
79 ისინი არ უკრძალავდნენ ერთმანეთს ცუდ საქმიანობას. რაოდენ საზიზღრობაა ის, რასაც ისინი სჩადიოდნენ!
80 დაინახავ შენ (ო, მუჰამმედ): მათგან უმეტესი მეგობრად აიყვანს, რომელნიც ურწმუნონი არიან. რაოდენ ცუდია ის, რაც მათ საკუთარი თავისთვის წაიმძღვარეს, და რომ ალლაჰი განურისხდა მათ და ტანჯვაში დარჩებიან ისინი სამუდამოდ.
81 მათ რომ ერწმუნათ ალლაჰი და შუამავალი და რაც გარდმოევლინა მას, ხომ არ აიყვანდნენ მეგობრებად მათ. მაგრამ გზასამცდარია მათგან უმეტესი.
82. უეჭველად, სიძულვილში მორწმუნე (მუსლიმთა) მიმართ, ყველაზე მკაცრთ შენ იუდეველებს და წარმართებს იხილავ. ხოლო სიყვარულში მუსლიმთა მიმართ, ყველაზე ახლობელთ შენ იმათ იხილავ, რომელნიც იტყვიან: „ჩვენ ვართ ქრისტიანნი“. ეს იმიტომ, რომ მღვდლები და ბერებია მათ შორის, და არ ამპარტავნებენ ისინი.
83 როცა გაიგონებენ ისინი შუამავალზე ზემოვლინებულს (წმინდა ყურანს), დაინახავ მათ თვალებს მოჩქეფარე ცრემლით იმის გამო, რომ შეიმეცნეს ჭეშმარიტება. ევედრებიან ისინი: ღმერთო ჩვენო! ვირწმუნეთ ჩვენ და ჩვენ ჩაგვწერე მოწმეთა რიგებში;
84 და რად აღარ უნდა ვიწამოთ ალლაჰი და ის, რაც ჭეშმარიტებისგან გვებოძა? და ჩვენ გვსურს, რომ შეგვიყვანოს ღმერთმა ჩვენმა მორწმუნე ხალხის რიგებში!
85 და იმისთვის, რაც თქვეს მათ ალლაჰი დაასაჩუქრებს სამოთხეებით, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. იქ დარჩებიან სამუდამოდ. ესაა კეთილისმთესველნის საზღაური.
86 და რომელთაც არ ირწმუნეს და ცრუდ ჩათვალეს ჩვენი აიათები, ისინი არიან ჯოჯოხეთის ბინადარნი.
87 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ აიკრძალოთ სიამენი, რომელზეც ალლაჰმა ნება მოგცათ თქვენ, მაგრამ არ გადახვიდეთ ზღვარს. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს ზღვარგადასულნი.
88 და ჭამეთ რაც რამ გიბოძათ ალლაჰმა ნებადართული და საამო. გეშინოდეთ ალლაჰისა, რომლისაცა მოწამენი ხართ თქვენ!
89. ალლაჰი თქვენ ფიცში ფუჭსიტყვაობისათვის არ განგსჯით (თუკი განზრახ არ იქნა წარმოთქმული), მაგრამ განგსჯით იმისათვის, რასაც ფიცში აღუთქვამთ (რასაც განზრახ წარმოთქვამთ). და (თუ გატეხავთ ფიცს) მისი გამოსასყიდი ათი უპოვრის დაპურებაა საშუალოდ, რითაც საკუთარ ოჯახს კვებავთ, ან მათი შემოსვა, ან ერთი მონის გათავისუფლება. და ვისაც არ მოენახება (ვისაც არ შეუძლია ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შესრულება), მაშინ სამი დღის მარხულობა. ესაა გამოსყიდვა თქვენი ფიცისა, როცა გატეხთ. და დაიცავით თქვენი დაფიცება! ამგვარად განგიმარტავს ალლაჰი თავის აიათებს, ეგების მადლიერნი იქმნეთ თქვენ!
90 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალკოჰოლური სასმელი, აზარტული თამაშები (ყუმარი), კერპები და ისრებით მკითხაობა ეშმაკისეული სისაძაგლენია. განერიდეთ ამას, ეგების ნეტარნი იქმნეთ თქვენ!
91 ეშმაკს სურს მტრობისა და სიძულვილის ჩამოგდება თქვენს შორის ალკოჰოლური სასმელითა და აზარტული თამაშებით. ამით უნდა მოგაცდინოს თქვენ ალლაჰის ხსენებასა და ლოცვას. უკვე თავი ანებეთ არა?!
92 და მორჩილ იყავით ალლაჰისა, და მორჩილ იყავით შუამავლისა და გამოიჩინეთ სიფრთხილე. ხოლო თუ პირს იბრუნებთ, იცოდეთ, რომ ჩვენი შუამავლის ვალი მხოლოდ აშკარა უწყების გადმოცემაა.
93 რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმე აკეთეს, არ არის მათდა ცოდვა იმისათვის, რაც უჭამიათ (აკრძალვამდე); თუკი მოერიდნენ, იწამეს და ჰქმნეს კეთილი; მერე მოერიდნენ და იწამეს; მერე მოერიდნენ და იქცევიან პატიოსნად. და ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი!
94 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, (მექაში პილიგრიმობისას, როცა ნადირობა იკრძალება) ალლაჰი გამოგცდით რაიმე ნანადირევით, რომელსაც მოიპოვებთ თქვენი ხელებითა და თქვენი შუბებით, რათა გამოაშკარავოს ალლაჰმა, ვის ეშინია მისი ფარულადაც. და ამის მერე ვინც ზღვარს გადავა, მისთვისაა მწარე სასჯელი.
95 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მოჰკლათ ნადირი, როცა თქვენ ხართ იჰრამში შემოსილი. და რომელი თქვენგანიც მოკლავს მას განზრახ, სამაგიეროა შინაური ცხოველით, მისი შესაბამისი, რაც მოჰკლა. თქვენგან ორმა მართალმა კაცმა განსაჯოს ეს საქმე და შერჩეული საქონელი გაიგზავნოს ქააბასთან; ან გამოსასყიდია უპოვრების დაპურებით; ან ამის სანაცვლოდ იმარხულოს, რათა იგემოს საკუთარი საქციელის სიმძიმე. ალლაჰმა შეუნდო, რაც მოხდა ადრე, ხოლო ვინც დაუბრუნდება, ალლაჰი შურს იძიებს მასზე. და ალლაჰი ძლევამოსილია, შურისმგებელია!

96 ნებადართულია თქვენთვის ნანადირევი ზღვისა და მირთმევა მისი; სარგებლად თქვენთვის და მგზავრთათვის. და აიკრძალა თქვენდა ნანადირევი ხმელეთისა, სანამ იჰრამში იმყოფებით. გეშინოდეთ ალლაჰისა, რომელთა წინაშეც შეკრებილ უნდა იქმნეთ!
97. ალლაჰმა ადამიანთათვის დაადგინა ქააბა, წმინდა სახლი თავშესაფრისთვის და უსაფრთხოებისთვის, და ასევე (დააწესა) წმინდა თვეებში, შესაწირი ცხოველებით, კისერზე შებმული გირლანდებით. ეს იმისთვის, რომ იცოდეთ, ალლაჰი უწყის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა; და რომ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.
98. იცოდეთ, რომ ალლაჰი მკაცრსასჯელიანია. და რომ ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
99 შუამავლის ვალია მხოლოდ უწყების გადმოცემა. და ალლაჰი უწყის რას ამხელთ და რას მალავთ თქვენ!
100 უთხარი შენ: „ცუდი კარგს [აკრძალული ნებადართულს] ვერ გაუტოლდება, თუნდაც ცუდის სიჭარბე გაკვირვებდეს.“ ამიტომ გეშინოდეთ ალლაჰის, გონიერნო, ეგების ნეტარ იქმნეთ თქვენ!
101 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ იკითხოთ ისეთი რამ, რომ განგეცხადოთ - დაგამწუხრებთ. და თუ იკითხავთ მაშინ, როცა ყურანი ზედარდმოდის, განგეცხადებათ თქვენ. ალლაჰმა მოგიტევათ რის შესახებაც მოიკითხეთ. და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.
102 თქვენამდეც უკითხავთ ხალხს ეგ. მერე ურწმუნო გამხდარან ამით.
103 არ დაუკანონებია ალლაჰს ბაჰირა, არც საიბა, არც ვასილა და არცა ჰამი. მაგრამ რომელნიც ურწმუნონი იყვნენ, იგონებენ ალლაჰზე სიცრუეს, და მათგან უმეტესი ვერ აცნობიერებს.
-----
[ბაჰირა — აქლემი, რომელიც ხუთჯერ მოიყვანდა ნაშიერს. და თუ მეხუთე ნაშიერი მამალი იქნებოდა, დედას ყურს გაუხვრეტდნენ და გაუშვებდნენ, მას აღარ გამოიყენებდნენ. არავის შეეძლო მისგან რძე მოეწველა, შემჯდარიყო ან დაეკლა და მიერთვა, ის უკვე ხელშეუხებელი იყო.
საიბა — ავადმყოფობიდან ან რაიმე საფრთხიდან გადასარჩენად გათავისუფლებული დედა აქლემი.
ვასილა — პირველ თიკანს ღმერთს სწირავდნენ. თუკი პირველი მამრი იქნებოდა, რა თქმა უნდა, შესწრავდნენ, მაგრამ თუ პირველი დაბადებულები ტყუპები იქნებოდნენ, არ შესწირავდნენ და მამრ თიკანს თავისუფლად გაუშვებდნენ.
ჰამი — აქლემი, რომელსაც შვილიშვილი შეჯდომის ასაკისა მოესწრებოდა.]
104 როცა მათ ეუბნებიან: „მოდით იმაზე, რაც ალლაჰმა ზეგარდმოავლინა და შუამავალთან“, პასუხობენ: „ჩვენ ისიც გვყოფნის, რაც ვპოვეთ ჩვენს მამებთან [წინაპრებთან].“ მაგრამ ხომ შეიძლებოდა მათ მამებს არაფერი სცოდნოდათ და ყოფილიყვნენ არასწორ გზაზე?
105 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მხოლოდ თქვენ თავზე აგებთ პასუხს. ზიანს ვერ მოგაყენებს, ვინც ამცდარია ჭეშმარიტებას, თუკი თქვენ ადგახართ სწორ გზას. თქვენ, ყველანი ალლაჰთან მიიქცევით. მაშინ გაცნობებს თქვენ იგი, რასაც სჩადიოდით.
106 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენგან ორი მოწმე შეარჩიეთ, თუკი სიკვდილის პირას შეიქმნებით. ორმა მართალმა დაამოწმოს თქვენი უკანასკნელი ნება ან ორმა გარეშეთაგანმა, თუკი სიკვდილი მოგზაურობისას გეწევათ. თუ ეჭვი რამ შეგეპაროთ ლოცვის აღვლენის მერე, დააყოვნეთ ისინი და დაიფიცონ ალლაჰის წინაშე: „არ გავყიდით ამას არავითარ ფასად, თუნდ ეს ეხებოდეს ახლო ნათესავს და არ დავმალავთ მოწმეობას ალლაჰისას. მაშინ უთუოდ ცოდვილნი ვიყოთ ჩვენ!“
107 და თუ აღმოჩნდა, რომ ცოდვა ჰქონდათ ჩადენილი ამათ, მაშინ მათი ადგილი სხვა ორმა დაიკავოს, ახლობელმა იმათგან, ვისაც უფლება აქვს, და დაიფიცონ ალლაჰის წინაშე: „ჩვენი მოწმეობა უფრო ჭეშმარიტია, ვიდრე იმათი მოწმეობა; ჩვენ არ გადავალთ ზღვარს, მაშინ უთუოდ ცოდვილნი ვიქნეთ ჩვენ!“
108. უმჯობესია, რომ გასწიონ სწორად მოწმეობა, ანდა შიში ჰქონდეთ, რომ უარყოფილ არ იქმნეს მათი ფიცები დაფიცების შემდეგ. და გეშინოდეთ ალლაჰისა და ისმინეთ, ალლაჰი არ დაადგენს გზასამცდარ ხალხს ჭეშმარიტ გზაზე!
109. ერთ დღეს, როცა ალლაჰი შეკრებს თავის შუამავლებს ერთად და ჰკითხავს: „რა პასუხი მიიღეთ ადამიანებისგან თქვენს მოწოდებაზე?“ ისინი მიუგებენ: „არაფერი ვიცით ჩვენ. ჭეშმარიტად შენ იცი ის, რაც დაფარულია.“
110. შემდეგ ალლაჰი იტყვის: „ო, მარიამის შვილო იესო! გაიხსენე ჩემი წყალობა შენზე და დედაშენზე, განგამტკიცე შენ სული წმინდით (გაბრიელით), რათა დალაპარაკებოდი ხალხს აკვნიდან და ზრდასრულიც; აჰა, შეგასწავლე შენ წიგნი და სიბრძნე, თევრათი და სახარება; ოდეს ჩემი ნებით მიწისგან გამოძერწე ჩიტის ქანდაკება, შთაბერე მასში და იგი ჩემსა ნებითვე ფრინველად გადაიქცა; და როცა კურნავდი ბრმებსა და კეთროვნებს და როცა სიცოცხლეს უბრუნებდი მკვდრებს ჩემი ნებით. გაიხსენე, როგორ მივაქციე (შევაკავე) შენგან ისრაილის ძენი (შენს მიმართ ძალადობისგან), როცა მიხვედი მათთან ცხადი მტკიცებებით და რომელნიც ურწმუნო იყვნენ, მათგან თქვეს: „სხვა არაფერია ეს, თუ არა აშკარა გრძნეულება!“
111. და როცა შევაგონე მოწაფეები, რომ მირწმუნონ მე და ჩემი შუამავალი, მათ თქვეს: „ვირწმუნეთ! და დაგვიმოწმე, რომ ვართ ჩვენ მუსლიმნი.“
112. და როცა მოწაფეებმა ჰკითხეს მარიამის შვილ იესოს, „შეუძლია შენს ღმერთს, რომ გარდმოავლინოს ზეციდან ჩვენდა სუფრა?“ მიუგო: „გეშინოდეთ ალლაჰის, თუკი ხართ მორწმუნენი!“
113. მიუგეს მათ: „გვსურს მივირთვათ მისგან, რათა ვიჯეროთ ჩვენი გულები და ვიცოდეთ, რომ რაც გვაუწყე, სიმართლეა, და ვიყოთ მოწმენი ამისა.“
114. შეევედრა იესო, შვილი მარიამისა: „ღმერთო ჩემო! გარდმოგვივლინე ზეციდან ჩვენდა სუფრა, იყოს ჩვენთვის დღესასწაული, პირველისათვის ჩვენგან და უკანასკნელისათვის ჩვენგან და სასწაულად შენგან. მოგვმადლე, რამეთუ შენა ხარ საუკეთესო სარჩოს მომმადლებელი!“
115. ბრძანა ალლაჰმა: „მე ზეგარდმოვავლენ თქვენდა მას. მაგრამ ვინც ამის შემდგომ ურწმუნო დარჩება თქვენ შორის, მას დავსჯი სასჯელით, რომლის მსგავსით ჯერ არავინ დამისჯია სამყაროში!“
116. და უთხრა ალლაჰმა: „ჰეი, იესო, მარიამის შვილო, განა შენ უთხარი ხალხს, დაგვადგინეთ მე და დედაჩემი ორ ღმერთად, ალლაჰის გარდა?“ მიუგო: „დიდება შენდა! როგორ ვიტყოდი იმას, რაც არ ვიცი. მე რომ ეს მეთქვა, შენ გეცოდინებოდა. შენ უწყი იმას, რაც ჩემშია, მე კი არ ვიცი ის, რაც შენშია. ჭეშმარიტად, შენ ხარ ის, ვინც უწყის დაფარული.
117. არაფერი მითქვამს მათთვის, გარდა ალლაჰის თაყვანისცემისა, ჩემი ღმერთისა და თქვენი ღმერთისა. და მე ვიყავი მოწმე მათდა, სანამ მათთან ვიყავი. ხოლო როცა მიმიბარე, შენ იყავი მათი მეთვალყურე. და შენ ხარ ყოვლისმოწმე.
118. და თუ მათ დასჯი, ეჭვი არ არსებობს, რომ ისინი შენი მსახურნი არიან. და თუ მიუტევებ მათ, ეჭვი არ არსებობს, რომ შენა ხარ ძლევამოსილი, ბრძენი!“
119. ბრძანა ალლაჰმა: „ეს არის დღე, როცა მართალთ სარგებელს მოუტანს მათი სიმართლე. მათთვისაა სამოთხენი, სადაც ძირს მდინარეები მოედინა. და იქ დარჩებიან სამუდამოდ. ალლაჰი კმაყოფილია მათი და მისით კმაყოფილი არიან ისინი. ესაა ნეტარება უდიდესი!
120. ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნისა და იმის, რაც მათ შორისაა. და მას ძალუძს ყველაფერი!“