Страницы

სურა 60 „მუმთეჰინე“

„მუმთეჰინე“ — ქალი, რომელიც გამოიცდება;  მედინური, 13 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ დაიდგინოთ ჩემი მტერი და თქვენი მტერი მეგობრებად (ან მფარველებად), რომელთაც ეგებებით სიყვარულით, მაშინ როცა უარყვეს იგი, რაც მოგევლინათ ჭეშმარიტებისგან. გაძევებენ თქვენ და შუამავალს იმიტომ, რომ ირწმუნეთ ალლაჰი, ღმერთი თქვენი. და თუ გამოხვალთ საბრძოლველად ჩემს გზაზე, ჩემი კმაყოფილების ძიების სურვილით (ნუ დაიდგენთ მათ მფარველებად)... საიდუმლოს ანდობთ მათ მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე (არ ჰქმნათ ასე!). და მე უკეთ ვუწყი იმას, რაც დამალეთ და რაც გაამჟღავნეთ. და ვინც ამას იქმს თქვენგან, უეჭველად, სწორი გზა დაკარგოს მან.

2. თუკი ხელთ გიგდებენ ისინი, გარდაიქცევიან თქვენს მტრებად და გამოიშვერენ თქვენსკენ ხელებსა და ენებს სიავით. მათი წადილია, რომ უარყოთ თქვენ.

3. ვერ გიშველით ვერც ნათესავები და ვერც შვილები. აღდგომის დღეს დაგახარისხებს იგი თქვენ, რამეთუ ალლაჰი მხილველია იმის, რასაც იქმთ.

4. კარგი მაგალითი იყო თქვენთვის იბრაჰიმი და ისინი, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ. აკი, უთხრეს თავიანთ ხალხს: „უეჭველად, ჩვენ მიღმა ვართ თქვენგან და იმისგან, რასაც ეთაყვანებით მაგიერ ალლაჰისა. ჩვენ უარგყავით თქვენ და დაიწყო ჩვენსა და თქვენს შორის მტრობა და სიძულვილი სამუდამოდ, თუკი არ ირწმუნებთ ალლაჰს, მის ერთადერთობას!“ მხოლოდ იბრაჰიმის წარმოთქმული სიტყვა თავისი მამისადმი: „შენთვის უთუოდ შევთხოვ მიტევებას, თუმცაღა არ ხელმეწიფება შენთვის ალლაჰის წინაშე არაფერი, ამის გარდა!“ (ილოცეს): „ღმერთო ჩვენო, შენ გსასოებთ, შენსკენ მოვისწრაფვით და შენთან მოვიქცევით!

5. ღმერთო ჩვენო, ნუ დაგვადგენ გამოცდად იმათთვის, რომელთაც უარყვეს. ღმერთო ჩვენო შეგვინდე ჩვენ, რამეთუ შენა ხარ ძლევამოსილი, ბრძენი!“

6. კარგი მაგალითი იყო თქვენთვის მათში, ვინც ისწრაფვოდა ალლაჰისკენ და უკანასკნელი დღისკენ. ხოლო ვინც ზურგს იბრუნებს, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლადმდიდარია, ყოვლადქებულია!

7. იქნებ ალლაჰმა დაადგინოს სიყვარული (და მეგობრობა) თქვენსა და იმათ შორის, რომელთაც მტრობთ, რამეთუ ალლაჰისაა ძალმოსულება ყოველივეზე და ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია.

8. არ გიკრძალავს თქვენ ალლაჰი იმათ მიმართ, რომელნიც არ შეგბრძოლებიან რწმენის თაობაზე და არ გაუძევებიხართ საკუთარი სახლებიდან, რომ უქმნათ სიკეთე და მოეპყროთ სამართლიანად. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს სამართლიანები.

9. მაგრამ გიკრძალავს ალლაჰი იმათ დაუმეგობრდეთ, რომელთაც შეგებრძოლნენ რწმენის თაობაზე, გაგაძევეს საკუთარი სახლებიდან და მხარში ამოუდგნენ თქვენს დევნაში. ხოლო ვინც მათ დაუმეგობრდება, სწორედ, ისინი არიან ცოდვილნი!

10. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა მოვლნენ თქვენთან მორწმუნე გადმოსახლებული ქალები, მაშინ გამოსცადეთ ისინი. ალლაჰი უკეთ უწყის მათ რწმენას. ხოლო თუ დარწმუნდით, რომ მორწმუნენი არიან, მაშინ არ მიუბრუნოთ ისინი ურჯულოებს. არ არიან ისინი (ქალები) ნებადართული მათთვის და არც ისინი (კაცები) არიან ნებადართული მათთვის. მიეცით მათ იგი, რაც მათ (ქმრებს) დაუხარჯავთ. და ცოდვად არ გექმნეთ, რომ ცოლად შეირთოთ ისინი, როცა მიაგებთ მათ თავიანთ ურვადთ. და არ მიიკრათ ურწმუნო ქალები ქორწინების შეკრულობით. და მოითხოვეთ, რაც დახარჯეთ და მოითხოვონ მათაც, რაც დახარჯეს. სწორედ, ესაა ალლაჰის მსჯავრი. განსჯის თქვენ შორის, რამეთუ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

11. და თუ თქვენს ცოლთაგან რომელიმე გაიქცევა ურწმუნოსთან, შემდეგ როცა ბრძოლაში თქვენ გაიმარჯვებთ მოპოვებული ნადავლიდან იმათ მეუღლეებს (რომელთა ცოლებიც გაიქცნენ), მიეცით იმდენი, რამდენიც დახარჯეს. და გეშინოდეთ ალლაჰის, რომელიც ირწმუნეთ!

12. ჰეი, შუამავალო! თუ მოვლენ შენთან მორწმუნე ქალები, რომლებიც შემოგფიცავენ, რომ არავის ეთაყვანებიან, გარდა ალლაჰისა, არ მოიპარავენ, არ იმრუშებენ, არ მოკლავენ შვილებს, ტყუილს არ იტყვიან თავისი გაკეთებული საქმეების შესახებ, არ იჭორავებენ და არ გეურჩებიან არანაირ კეთილ საქმეში, ირწმუნე მათი და სთხოვე ალლაჰს მათთვის პატიება. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემწყნარებელია, მწყალობელია.

13. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ დაუმეგობრდეთ ხალხს, რომელთა ზედა რისხვა აწვნია ალლაჰმა. უკვე მათ იმედი გადაეწურათ, როგორც იმედი გადაეწურათ ურწმუნოთ საფლავთა ბინადართაგან.