Страницы

სურა 51 „ზარიათ“

„ზარიათ“ — მიმომფანტველნი;  მექური, 60 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1. ვფიცავ, ქარს მიმომფანტავს,

2. ასევე მატარებელთ ტვირთის,

3. დამღვრელთ უბრალოდ,

4. კიდევ გამნაწილებელთ საქმის!

5. უეჭველად, რაც აღგეთქვათ ჭეშმარიტებაა,

6. და ჭეშმარიტად, განსჯის დღე აუცილებლად დადგება!

7. და ვფიცავ, ზეცას წრიულ გზებიანს,

8. ჭეშმარიტად, თქვენ სიტყვათა შეუთანხმელობაში იმყოფებით.

9. გაბრუნებული იქნება მისგან, ვინც გაბრუნდა.

10. განიგმირონ ცრუნი,

11. რომელნიც უმეცრებაში არიან, დაუდევარნი!

12. კითხულობენ: „როდისაა განსჯის დღე?“

13. იმ დღეს ისინი ცეცხლზე გამოიცდებიან.

14. იგემეთ თქვენი ეს გამოცდა, რომელსაც ჩქარობდით!

15. ღვთისმოშიშნი კი, ჭეშმარიტად, ბაღებში და წყაროებში იქნებიან;

16. მიმღებელნი იმისა, რაც უბოძა მათ თავიანთმა ღმერთმა. ჭეშმარიტად, ისინი კეთილისმქმნელნი იყვნენ წინათ.

17. ცოტას თუ წაიძინებდნენ ღამით.

18. და ალიონზე მიტევებას ივედრებოდნენ ისინი.

19. და მათ ქონებაში წილია, მთხოვნელთათვის და ღატაკთათვის,

20. და დედამიწაზე სასწაულია მტკიცე მორწმუნეთათვის

21. და თქვენს სულებში. ნუთუ არღა გულისხმაჰყობთ?!

22. და ცათა შინა თქვენი სარჩოა, რაც აღთქმულ გაქვთ.

23. და ვფიცავ, ცისა და ქვეყნის ღმერთს! ჭეშმარიტად, იგი ჭეშმარიტებაა, როგორც ის, რომ გაქვთ ნიჭი მეტყველებისა.

24. ნუთუ არ მოგვლენია სიტყვა სტუმრების შესახებ.

25. აკი, შევიდნენ მასთან, და უთხრეს: „სალამი!“ მიუგო: „სალამი, უცხო ხალხო!“

26. შემდეგ მიაშურა ოჯახს და გამოიტანა მსუქანი ხბო,

27. წინ დაუდო მათ და უთხრა: „განა არ მიირთმევთ?“

28. მაშინ შიში ჩაუვარდა მათ გამო გულში.

29. მოვიდა ცოლი მისი ყვირილით, სახეში (ხელებს) იცემდა და ამბობდა: „უნაყოფო დედაბერი ვარ!“

30. უთხრეს: „ასე ბრძანა შენმა ღმერთმა. ჭეშმარიტად, იგი ბრძენია, ყოვლისმცოდნეა.“

31. ჰკითხა: „(გარდა ამისა, სხვა) რა გაქვთ დავალებულნი, ჰეი, შუამავალნო?“

32. მიუგეს: „ჭეშმარიტად, ჩვენ წარმოვიგზავნეთ ცოდვილ ხალხთან,

33. რათა ვაწიოთ მათ თიხის ქვები

34. შენი ღმერთის წიაღში მონიშნულ ზღვარგადასულთათვის.“

35. და მაშინ გამოვიყვანეთ იქიდან მორწმუნენი.

36. ისედაც ვერ ვჰპოვეთ იქ, გარდა მუსლიმთა ერთი სახლისა.

37. და დავტოვეთ იქ სასწაულად იმათთვის, რომელთაც ეშინიათ მწარე სასჯელისა.

38. და მუსას თაობაზე: აკი, წარვგზავნეთ ფარაონთან ცხადი მტკიცებებით.

39. მაგრამ მან ზურგი იქცია გარშემომყოფებთან ერთად და თქვა: „ჯადოქარია ან გიჟი.“

40. ამიტომაც შევიპყარით იგი და მისი ლაშქარი და ჩავყარეთ წყალში, რამეთუ იგი გასაკიცხი იყო.

41. და ადიელების თაობაზე: აკი, წავგზავნეთ მათზე ქარიშხალი გამაცამტვერებელი.

42. არაფერი დატოვა, ზედ გადაუარა. აქცია ისინი, როგორც ქვიშა.

43. და სემუდეველების თაობაზე: აკი, ეთქვა მათ: „ისარგებლეთ ცნობილ დრომდე.“

44. მაგრამ არ დამორჩილდნენ ბრძანებას თავინთი ღმერთისას. ამიტომაც შეიპყრო ისინი ელჭექმა და მხოლდ უყურებდნენ.

45. მაშინ ვერ შეძლეს ფეხზე წამოდგომა. და ვერ იქმნენ შეწევნილნი.

46. და ნუჰის ხალხი უწინ: უეჭველად, ისინი იყვნენ მეამბოხე ცოდვილი ხალხი.

47. და ზეცა ავაგეთ ძლიერებით და ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ გამვრცობი!
-----
[ყურანში ხსენებული სიტყვა "ზეცა" დედამიწასა და სამყაროს გაგებითაა ხსენებული. ყურანი გვამცნობს, რომ სამყარო მუდამ ფართოვდება ანუ "ვრცელდება", რაც მეცნიერების მიერ მიღწეული ბოლო შედეგიც ეს არის. მათი აღმოჩენებით და გამოანგარიშებებით სამყარო მუდამ ფართოვდება. ეს ჭეშმარიტება მე-20 საუკუნეში იქნა აღმოჩენილი.]

48. და მიწა ქვე დავაფინეთ. და რა მშვენიერი აღმშენებლები ვართ!

49. და ყველაფერი გავაჩინეთ წყვილებად, ეგების გულისხმაჰყოთ თქვენ!

50. მაშ, იჩქარეთ ალლაჰისკენ. ჭეშმარიტად, მე თქვენთვის მისგან წარმოგზავნილი ცხადი შემგონებელი ვარ.

51. და არ დაიდგინოთ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაება. ჭეშმარიტად, მე თქვენთვის მისგან წარმოგზავნილი ცხადი შემგონებელი ვარ.

52. სწორედ ასე რომელნიც იყვნენ მათ უწინ, არ მისულა მათთან შუამავალთაგანი, რომ არ ეთქვათ – ჯადოქარი ან გიჟი.

53. ნუთუ ყოველთვის ამას უანდერძებენ? არამც და არამც! ისინი ზღვარგადასული ხალხი არიან.

54. მაშ, სახე იბრუნე მათგან, უკვე შენ აღარ ხარ გასაკიცხი.

55. და შეაგონე. ჭეშმარიტად, შეგონება სარგებელს მოუტანს მორწმუნეთ!

56. და მე არ გამიჩენია ჯინები და ადამიანები, თუ არა ჩემდამი თაყვანისცემისთვის.

57. არ მინდა მათგან სარჩო და არც ის, რომ დამაპურონ.

58. ჭეშმარიტად, ალლაჰია სარჩოს მომცემი და ძლევამოსილი.

59. და ჭეშმარიტად, იმათთვის, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, მათი ხვედრი იმ ქვეყნების ბინადართა ხვედრის დარია. მაშ, ნუ იჩქარებენ!

60. ვაი, მათ, რომელთაც უარყვეს თავიანთი დღე, რომელიც აღეთქვათ!