Страницы

სურა 9 „თევბე“

„თევბე“ მონანიება;  მედინური, 129 აიათი.

[ეს არის ერთადერთი სურა, რომელიც არ იწყება ღმერთის სახელით.]

1. ეს ბოლო გაფრთხილებაა ალლაჰისგან და მისი შუამავლისგან იმ წარმართთათვის, რომლებთანაც შეთანხმება (ზავი) გქონდათ დადებული.

2. მაშ, იმოგზაურეთ დადამიწაზე ოთხი თვე, მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენ ალლაჰს ვერ გამოაცლით ძალას და ჭეშმარიტად, ალლაჰი გაანადგურებს ურწმუნოებს! [ამქვეყნად ომით და იმქვეყნად ცეცხლით].

3. და აი, უწყება ალლაჰისა და მისი შუამავალისა ყველა ადამიანებისადმი დიდი ჰაჯობის დღეს – ჭეშმარიტად, ალლაჰი და მისი შუამავალი წარმართებიდან შორს არიან. და თუ თქვენ მოინანიებთ, თქვენთვისვე იქნება უკეთესი. და თუ პირს იბრუნებთ, მაშ, იცოდეთ, რომ თქვენ ალლაჰს ვერ გამოაცლით ძალას. ხოლო აცნობე იმათ, რომელთაც უარყვეს – სასჯელი მტანჯველი.

4. გარდა იმ წარმართნისა, რომლებთანაც შეთანხმება (ზავი) გაქვთ და რომელთაც მას მერე არც ერთხელ არ დაურღვევიათ იგი და არც არავის დახმარებიან თქვენს წინააღმდეგ. მაშ, დაიცავით შეთანხმება დათქმულ ვადამდე. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს ისინი, ვინც მოკრძალებულნი არიან!

5. ხოლო როცა გაივლის ნაკრძალი თვეები, შეებრძოლეთ და დახოცეთ წარმართები. სადაც წააწყდებით, აიყვანეთ ისინი (ტყვედ), ალყაში მოაქციეთ და ჩაუსაფრდით ყველა საფარში. მაგრამ თუ მოინანიეს, აღავლინეს ლოცვა და გაიღეს ზექათი (მოწყალება), მაშ, გაუშვით თავიანთ გზაზე. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

6. და თუ რომელიმე წარმართი თავშესაფარს გთხოვს, შეიფარე იგი, რათა მოისმინოს ალლაჰის სიტყვა. მერე კი უსაფრთხო ადგილას მიაცილე (თუკი თავიანთ ხალხთან დაბრუნებას ითხოვენ). ეს იმიტომ, რომ ისინი არიან ადამიანები, რომელთაც არ იციან.

7. როგორ შეიძლება ალლაჰისა და მისი შუამავლის წინაშე წარმართებს რამენაირი შეთანხმება ჰქონდეთ დადებული (როცა ისინი უარყოფენ ალლაჰსა და მის შუამავალს)? გარდა იმათი, რომლებთანაც თქვენ დადეთ შეთანხმება (ზავი) მესჯიდი ჰარამთან? და თუ აღასრულებენ თქვენს წინაშე დადებულ ვალდებულებას, მაშ, აღასრულეთ თქვენც მათდამი ვალდებულება. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს, მოკრძალებულნი არიან ვინც!
-----
[ნაგულისხმევია ჰუდეიბიეს შეთანხმება.]

8. როგორღა შეიძლება? და თუ გაიმარჯვებენ თქვენზე, არად ჩააგდებენ თქვენდამი არც სამართალს, არც ფიცსა და არც შეთანხმებას. ისინი პირმოთნეობენ თქვენდამი თავიანთი პირით, მაგრამ არ არის მათი გულები კმაყოფილი. და მათგან უმეტესი ამცდარია ჭეშმარიტებას (ამიტომ ვერ იქნებიან ერთგულნი შეთანხმებისა და დაარღვევენ მას).

9. გაყიდეს მათ ალლაჰის აიათები მცირე ფასად და მრავალი აცდუნეს მისი გზიდან. რაოდენ ცუდია ის, რასაც სჩადიოდნენ ისინი!...

10. არაფრად აგდებენ მორწმუნის უფლებებს, არც ფიცს, და არც შეთანხმებას. და სწორედ, ისინი არიან ზღვარგადასულნი.

11. მაგრამ თუ მოინანიეს, ლოცვა აღავლინეს, ზექათი გაიღეს, ძმანნი არიან რჯულში თქვენი. და იმ ხალხს განვუმარტავთ ჩვენ აიათებს, რომელნიც შეისმენენ.

12. და თუ შეთანხმების შემდგომ გატეხენ თავიანთ ფიცს და თქვენს რწმენას შეურაცხყოფენ, მაშინ შეებრძოლეთ ურწმუნოთა წინამძღოლებს, რადგანაც მათთვის არ არსებობს ფიცი; ეგების შეეშვნენ ისინი.

13. ნუთუ არ შეებრძოლებით ხალხს, რომელთაც გატეხეს თავიანთი ფიცი (დაარღვიეს ზავი) და განიზრახეს შუამავლის გაძევება (მექადან)? და მათ პირველებმა წამოიწყეს ბრძოლა თქვენს წინააღმდეგ. ნუთუ მათი გეშინიათ? ალლაჰის შიში უფრო უნდა გმართებდეთ (რომ ბრძოლა არ მიატოვოთ), თუ ხართ მორწმუნენი თქვენ!

14. შეებრძოლეთ მათ! ალლაჰი დასჯის მათ თქვენი ხელით და დაამცირებს, და შეგეწევათ თქვენ მათ წინააღმდეგ. ხოლო მორწმუნე ხალხის გულებს შვებას მოჰგვრის.

15. და გაუქარწყლებს მათი გულებიდან რისხვას. და მიუტევებს ალლაჰი, ინებებს ვისაც. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

16. ნუთუ თქვენ გეგონათ, რომ თქვენს ნებაზე იქნებოდით მიშვებული, და რომ ალლაჰი არ უწყოდა, რომლებმა იბრძოლეს თქვენგან და არ დაიდგინეს მესაიდუმლედ, გარდა ალლაჰისა, მისი შუამავლისა და მორწმუნეებისა? ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიხართ!

17. არ არის მიზანშეწონილი, ალლაჰის სამლოცველოები ააგონ წარმართებმა, როცა ისინი საკუთარი სულის წინაშე ურჯულოებით მოწმეობენ, ფუჭი იქმნა საქმენი მათი და სამუდამოდ ცეცხლში დაჰყოფენ ისინი!
-----
[ეს აიათი მუჰამმედის წარმართი ბიძის, აბბას აბდულმუტალიბის პასუხად იქნა მოვლენილი, მაშინ, როცა ბედირის ომში იგი ტყვედ ჩაუვარდათ მუსლიმებს. მუსლიმები არცხვენდნენ მას, კერძოდ კი ალი. და აბბასმა უთხრა: „ნუთუ ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია საერთოდ, განა ჩვენ მესჯიდი ჰარამის თავკაცნი არა ვართ და ჩვენ არ ვასაზრდოებთ მომლოცველებს?“]

18. მხოლოდ ის ააგებს ალლაჰის სამლოცველოებს, ვინც ირწმუნა ალლაჰი, დღე უკანასკნელი და აღავლინა ლოცვა, გაიღო ზექათი და არ აქვს შიში, გარდა ალლაჰისა. ეგების ჭეშმარიტ გზაზე მავალნი იყვნენ ისინი!

19. ნუთუ თქვენ გაუტოლეთ მათ, ვინც ჰაჯები დაარწყულა და მესჯიდი ჰარამი აღადგინა, იმათ, ვინც ირწმუნა ალლაჰი და დღე უკანასკნელი და იბრძოლა ალლაჰის გზაზე. ალლაჰის წინაშე არ არიან ისინი თანასწორი. და არ წარმართავს ალლაჰი უასამართლო ხალხს ჭეშმარიტ გზაზე!

20. რომელთაც ირწმუნეს, გადასახლდნენ (ჰიჯრა გააკეთეს), და იბრძოლეს თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით ალლაჰის გზაზე, აღმატებული ხარისხებია მათთვის ალლაჰის წინაშე, და სწორედ ისინი არიან ნეტარნი!

21. და თავიანთი უფალი ახარებს მათ თავისივე წყალობას, კმაყოფილებას და სამოთხეები მათთვისაა, სადაც მარადიული სიკეთენია!

22. დამკვიდრებული იქნებიან სამუდამოდ იქ. ჭეშმარიტად, ალლაჰის წინაშეა დიდი საზღაური.

23. ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ გაიხადოთ თქვენი მამები და არც თქვენი ძმები მეგობრებად, თუ მათ ურწმუნოება ურჩევნიათ რწმენას. და რომელი თქვენგანიც მათ მიჰყვება, სწორედ, რომ ისინი არიან უსამართლონი.
-----
[ეს აიათი მოევლინა, როცა ზოგიერთებმა ჰიჯრა არ გააკეთეს თავიანთი ქონებისა და თვიანთი ნათესავების გამო.]

24. უთხარი: „თუ მამები თქვენი, და შვილნი თქვენი, და ძმები თქვენი, და მეუღლენი თქვენი, და წრენი თქვენი, და ქონება, რომელიც მოაგროვეთ, და ვაჭრობა, რომლის შეფერხებაც გაშინებთ, და საცხოვრებელი სახლები, რომელიც კმაყოფილებას გგვრით, უფრო საყვარელია თქვენთვის, უფრო ძვირფასია ალლაჰზე და მის შუამავალზე და მის გზაზე ბრძოლაზე, მაშ, დაელოდეთ, სანამ ალლაჰის ბრძანება მოევლინებოდეს. ხოლო ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე უკეთურ ხალხს!“

25. ვფიცავ, ალლაჰი შეგეწიათ მრავალ ადგილას და ჰუნეინის დღეს, როდესაც გხიბლავდათ თქვენ თქვენი სიმრავლე, რომელიც არაფრად გამოგადგათ თქვენ. დავიწროვდა თქვენთვის დედამიწა, მიუხედავად იმისა, რომ უკიდეგანოა იგი. მერე ზურგი იქციეთ და გაიქეცით.
-----
[ჰუნეინი — ხეობა მექასა და ტაიფას შორის, სადაც ბრძოლა გაიმართა ჰიჯრის მე-8 წელს, შევვალის თვეში.]

26. მერე ზემოავლინა ალლაჰმა სიმშვიდე თვისი თავის შუამავალზე და მორწმუნეებზე, და გარდმოავლინა მეომრები (ანგელოზები), რომლებიც ვერ დაინახეთ, და დასაჯა ისინი, რომელთაც უარყვეს. აი, ასეთია ურწმუნოთა საზღაური!

27. ამის შემდგომ ალლაჰი მიუტევებს იმათ, ინებებს ვისაც, რამეთუ ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

28. ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დიახაც, რომ წარმართები უწმინდურნი არიან. დაე, ამ წლის შემდგომ უწმინდურები არ მიუახლოვდნენ მესჯიდი ჰარამს. და თუ სიღატაკის გეშინიათ, თუკი ინებებს ალლაჰი, თავისი წყალობით გაგამდიდრებთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
-----
[„ამ წლის შემდგომ“ — ნაგულისხმევია ჰიჯრის მე-9 წელი.]

29. შეებრძოლეთ, რომელთაც არ სწამთ ალლაჰი და არც დღე უკანასკნელი, და არ თვლიან აკრძალულად იმას, რაც აკრძალა ალლაჰმა და მისმა შუამავალმა; და ვინც არ დაიდგენს ჭეშმარიტ სარწმუნოებას მათგან, რომელთაც ებოძათ წიგნი; სანამ თავს არ დაიმცირებენ და საკუთარი ხელით არ გადაიხდიან ჯიზიას.

30. და თქვეს იუდეველებმა: „უზეირი ალლაჰის ძეაო.“ და თქვეს ქრისტიანებმა: „მესიჰი ალლაჰის ძეაო.“ მათი ბაგეებიდან აღმომხდარი ეს სიტყვები ჰგავს იმათ სიტყვებს, რომელთაც უარყვეს წინათ და იმათ სიტყვებს, ვინც ურწმუნო იყო მათზე უწინ. მოაშთოს ალლაჰმა ისინი! როგორღა აქცევენ ზურგს?!

31. მათ დაიდგინეს ღმერთებად თავიანთი მწიგნობრები (რაბინები, მღვდლები) და ბერები, ნაცვლად ალლაჰისა, ასევე მესიჰი, ძე მარიამისა. და მათ არ ბრძანებიათ (თორასა და სახარებაში) თაყვანისცემა, გარდა ერთი ღმერთისა. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. დიდება მას! შორსაა მისგან, რასაც მოზიარედ მიაწერენ!

32. მათ სურთ, რომ თავიანთი ბაგეებით ჩააქრონ ალლაჰის ნათელი, მაგრამ ალლაჰი არ დაუშვებს ამას და განავრცობს თავის ნათელს, თუნდაც ეს არ მოსწონდეთ ურწმუნოებს.

33. იგია, რომელმაც წარმოგზავნა თავისი შუამავალი ჭეშმარიტი გზითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით, რათა აღმატებულ ჰქმნას იგი ყველა რწმენაზე, თუნდაც ეს არ მოსწონდეთ წარმართებს.

34. ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! უეჭველად, უმეტესი მწიგნობარი (რაბინი) და ბერი უსამართლოდ მიირთმევენ ხალხის ქონებასა და აცდუნებენ მათ ალლაჰის გზიდან. და რომელნიც აგროვებენ ოქროსა და ვერცხლს, ხოლო არ გაიღებენ მას ალლაჰის გზაზე (ქველმოქმედებისთვის), მაშინ ამცნე მათ მწარე სასჯელი!

35. იმ დღეს გაშანთებული იქნება ჯოჯოხეთის ცეცხლზე მათი ზედაპირი, გაახურებენ და დაიდაღება შუბლნი მათი, და ფერდნი მათნი, და ზურგნი მათნი – აი, ესაა, რაც მოაგროვეთ თქვენი სულისთვის. მაშ, იგემეთ ის, რასაც აგროვებდით!

36. ჭეშმარიტად, თორმეტი თვეა თვეთა რიცხვი ალლაჰის წინაშე, ალლაჰის წიგნში (ლევჰი მაჰფუზში), ცათა და დედამიწის გაჩენის დღიდან. მათგან ოთხი თვე ნაკრძალია. სწორედ ესაა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მაშ, ნუ მოექცევით ამ თვეებში უსამართლოდ თქვენს სულს. და ებრძოლეთ წარმართებს ერთიანად, როგორც თქვენ გებრძვიან ერთიანად, და იცოდეთ, ჭეშმარიტად, ალლაჰი ღვთისმოშიშებთანაა!

37. ჭეშმარიტად, გადავადება აღრმავებს ურჯულოებას, და ამით ააცდენს იმათ, რომელთაც უარყვეს. ნებადართულად თვლიან ისინი მას ერთ წელიწადს, და კრძალავენ მას მეორე წელიწადს, რათა გაათანაბრონ რიცხვი, რაც აკრძალა ალლაჰმა. ამგვარად ალლაჰის აკრძალულს ნებადართულად თვლიან. მოეკაზმათ მათ საკუთარი საქციელი. და ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე ურწმუნო ხალხს!

38. ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! რა გემართებათ თქვენ, როცა მოგიწოდებენ ალლაჰის გზაზე საბრძოლველად, წელს რატომ ითრევთ დედამიწაზე, ნუთუ ამქვეყნიური ცხოვრება არჩიეთ იმქვეყნიურს? არადა მიწიერი ცხოვრების სიტკბოება ძალიან უმნიშვნელოა იმქვეყნიურთან შედარებით!

39. თუ სალაშქროდ არ წახვალთ, იგი დაგსჯით მწარე სასჯელით და ჩაგანაცვლებთ თქვენ სხვა ხალხებით. და ვერაფერს ავნებთ მას, რამეთუ ალლაჰი ყოვლისშემძლეა!

40. და თუ არ შეეწევით მას, ალლაჰი შეეწია უკვე, როცა გამოაძევეს იგი მათ, რომელთაც უარყვეს, იგი ორთაგან ერთ-ერთი იყო, როცა გამოქვაბულში იყვნენ, უთხრა თავის მეგობარს (ებუ ბექირს): „ნუ სწუხხარ! ჭეშმარიტად, ალლაჰი ჩვენთანაა.“ მაშინ ალლაჰმა გარდმოუვლინა სიმშვიდე და შეეწია მეომრებით, რომლებიც უჩინარნი იყვნენ თქვენთვის. ალლაჰმა ურწმუნოთა სიტყვა დაამდაბლა, რამეთუ მხოლოდ ალლაჰის სიტყვაა უზენაესი. და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!

41. წადით, როგორც ქვეითი და როგორც ამხედრებული, და იბრძოლეთ ალლაჰის გზაზე თქვენი ქონებითა და თქვენი სულით. ეს თქვენთვისვეა უკეთესი, რომ იცოდეთ თქვენ!

42. რომ ყოფილიყო ამქვეყნიური სიტკბოება ახლოს და მგზავრობა იოლი, უეჭველად, გამოგყვებოდნენ შენ (რათა მოეპოვებინათ ნადავლი). მაგრამ მათ ძალაგამომცლელი მგზავრობა ეშორავათ და ალლაჰზე ფიცი დაიწყეს: „რომ შეგვძლებოდა, აუცილებლად გამოგყვებოდით თქვენ!“ თავიანთ სულს იღუპავენ, ხოლო ალლაჰმა უწყის, რომ ისინი დიახაც ცრუნი არიან.

43. ალლაჰმა შეგინდო შენ (მუჰამმედ)! რატომ დართე ნება (რომ ომში არ წამოსულიყვნენ), ვიდრე შენთვის ცხადი არ გახდა და არ შეიცანი, ვინ თქვა სიმართლე და ვინ იყო მატყუარა?

44. რომელთაც სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, და რომ იბრძოლონ თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით, შენგან ნებას არ მოითხოვენ. რამეთუ ალლაჰი უწყის ღვთისმოშიშებს!

45. შენგან ნებართვას მხოლოდ ისინი მოითხოვენ, რომელთაც არ სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, და აიტაცა მათი გულები ეჭვმა, და ამ ეჭვშივე ორჭოფობენ.

46. და რომ წასვლა სდომებოდათ, ნამდვილად მოემზადებოდნენ საამისოდ. მაგრამ მათი ქცევა, საზიზღრად სცნო ალლაჰმა. ამრიგად, ჩამოაცილა ისინი და ებრძანათ მათ: „დაჯექით მჯდომიარებთან ერთად!“ [ავადმყოფებთან, ბავშვებთან, მოხუცებთან და ქალებთან ერთად].

47. რომ წამოსულიყვნენ ისინი თქვენთან ერთად, არაფერს შეგმატებდნენ უწესრიგობის გარდა. თქვენ შორის ირბენდნენ და უკეთურობას დასთესდნენ. და თქვენ შორის არიან მომსმენნი მათი. და ალლაჰმა უწყის უსამართლოები.

48. ვფიცავ! მათ ადრეც მოიწადინეს ამბოხი და შენც აგირდაგირიეს საქმენი, ვიდრე მოევლინებოდა ჭეშმარიტება [შეწევნა, გამარჯვება]. მიუხედავდ იმისა, რომ არ მოსწონდათ ეს, ალლაჰის რჯული მაინც გაცხადდა.

49. და მათგან, ვინც ამბობს: „ნება მომეცი (დავრჩე სახლში), განსაცდელში არ ჩამაგდო.“ ნუთუ არ არიან ისინი უკვე განსაცდელში ამოსვრილნი. და უეჭველად, ჯოჯოხეთი გარშემოერტყმება ურწმუნოებს!
-----
[ეს აიათი ჯედდ იბნ ყაისის შესახებ არის მოვლენილი. როდესაც შუამავალმა თებუქის ბრძოლისთვის მოუხმო ყველას, ჯედდ იბნ ყაისმა მას უთხრა: მე ყველა მიცნობს ქალების მიმართ რაოდენ ვნებიანი ვარ, ამიტომ განსაცდელში ნუ ჩამაგდებ, რომაელების ქალებს რომ დავინახავ, ვერ მოვერევი ვნებას და შევცოდავო; ამგვარ მიზეზებს იგონებდნენ თვალთმაქცები, რათა ომში არ მიეღოთ მონაწილეობა.]

50. თუ რაიმე სიკეთე [გამარჯვება, ნადავლი] გეწევა შენ, სწყინთ მათ. და თუ რაიმე უბედურება გეწევა, ამბობენ: „დიახაც, თავიდანვე მივიღეთ ზომები“, და გახარებული გატრიალდებიან ისინი.

51. უთხარი: „არაფერი გვეწევა, გარდა, რაც ჩვენზე დაწერა ალლაჰმა. იგია ჩვენი მფარველი. დაე, მხოლოდ ალლაჰს მიენდონ მორწმუნენი!“

52. უთხარი: „ნუთუ სხვა რამეს ელოდებით ჩვენთვის, გარდა ორ სიკეთეთაგან ერთისა [ან გამარჯვება, ან შეჰიდად დაცემა], და ჩვენ ველოდებით, რომ ალლაჰი გაწევთ რისხვას მისგან ან ჩვენი ხელებიდან. მაშ, დაელოდეთ! ჭეშმარიტად, ჩვენც თქვენს ერთად დაველოდებით.

53. უთხარი: „სულ ერთია, ნებით გაიღებთ ქონებას თუ იძულებით, თქვენგან არავითარ შემთხვევაში არ მიიღება. ჭეშმარიტად, გზააბნეული ხალხი ხართ თქვენ!“

54. და არაფერს შეუშლია მათთვის ხელი, რომ არ იქნა მიღებული თავიანთი შემოწირულობანი, გარდა იმისა, რომ უარყოფდნენ ალლაჰსა და მის შუამავალს, არ დადიოდნენ ლოცვაზე დაუზარებლად და იძულების გარეშე არ გაიღებდნენ.

55. მაშ, ნუ მოგხიბლავს მათი ქონება და შვილები. ალლაჰის ნებაა, მხოლოდ დატანჯოს ამით მიწიერ ცხოვრებაში და აღმოხდეთ სულები ურწმუნოებაში!

56. და იფიცებიან ალლაჰზე, რომ ისინი ნამდვილად თქვენიანები არიან. არადა, არ არიან თქვენიანნი. მაგრამ მხდალი ხალხი არიან ისინი.

57. რომ ეპოვათ თავშესაფარი, გამოქვაბული ან სორო, უთუოდ, გაეშურებოდნენ ან მოკურცხლავდნენ მისკენ .

58. და მათგან არიან, რომელნიც გძრახავენ შენ ნადავლის (განაწილების) თაობაზე, თუ რამე მიეცათ მისგან, კმაყოფილი არიან და თუ არ მიეცათ, მაშინ რისხვა იპყრობს მათ.

59. და რომ ისინი დასჯერებოდნენ იმას, რაც მათ ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უბოძა და რომ ეთქვათ: „ალლაჰი კმარა ჩვენთვის. გვიწყალობებს ალლაჰი თავის წყალობას და მისი შუამავალიც, ჭეშმარიტად, ჩვენ წადილი მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების სურვილია.“

60. ჭეშმარიტად, მოწყალებანი სავალდებულოა ალლაჰისგან და განკუთვნილია: უპოვართათვის, ღატაკთათვის, ასევე იმათთვის, ვინც ამ საქმითაა დაკავებული (ზექათის ამკრებნი, დამწერნი და გამნაწილებელნი), ვისი გულების მოგებაც შესაძლებელია (რათა მუსლიმნი გახდნენ), მონათათვის (რათა გამოისყიდონ თავიანთი თავი), ასევე ვინც ვალშია, ვინც ალლაჰის გზას ადგას და მგზავრთათვის. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

61. და მათგან (თვალთმაქცთაგან), რომელნიც გულს სტკენენ შუამავალს და ამბობენ: „იგი ყურია (რომელიც ისმენს, რასაც ეტყვიან)!“ უთხარი: „ყურია თქვენთვის სასიკეთოდ, სწამს ალლაჰი და ენდობა მორწმუნეებს. ის წყალობაა მორწმუნეთათვის, რომელთაც ირწმუნეს თქვენგან, ხოლო რომელნიც გულს სტკენენ და ავიწროებენ ალლაჰის შუამავალს, მათთვისაა მწარე სასჯელი!“

62. გეფიცებიან თქვენ ალლაჰზე, რათა თქვენ გასიამოვნონ, თუმცაღა ისინი რომ იყვნენ მორწმუნენი, ჭეშმარიტება ალლაჰისა და მისი შუამავლის მორჩილება იქნებოდა.

63. განა არ იციან, რომ ის, ვინც წინ აღუდგება ალლაჰსა და მის შუამავალს, სწორედ მისთვისაა ჯოჯოხეთის ცეცხლი, სადაც დამკვიდრდება სამუდამოდ? აი, ესაა უდიდესი დამცირება!

64. თვალთმაქცნი შიშობენ, რომ გარდმოევლინება სურა მათ წინააღმდეგ, რომელიც გამოააშკარავებს, რაც გულებში უზით მათ. უთხარი: „გაერთეთ! ჭეშმარიტად, ალლაჰი გამოააშკარავებს იმას, რისიც გეშინოდათ!“

65. და თუ მათ შეეკითხები, უეჭველად, იტყვიან: „მხოლოდ ვყბედობდით და ვერთობოდით.“ უთხარი: „ნუთუ თქვენ დასცინოდით ალლაჰს, მის აიათებს და მის შუამავალს?“

66. ნუ ბოდიშობთ. თქვენ უკვე უარყავით რწმენის მიღების შემდეგ. თუ მივუტევებთ თქვენს შორის ერთ ნაწილს, დავსჯით მეორე ნაწილს, რადგანც ცოდვილნი იყვნენ ისინი.

67. თვალთმაქცი კაცები და თვალთმაქცი ქალები ერთმანეთს ჰგვანან: უბრძანებენ ერთმანეთს უკეთურობას და უკრძალავენ სიკეთეს, და ხელმომჭირნეობენ. მათ დაივიწყეს ალლაჰი. მაშ, დაივიწყა მანაც ისინი. ჭეშმარიტად, თვალთმაქცნი არიან გზასამცდარი!

68. აღუთქვა ალლაჰმა თვალთმაქც კაცებს და თვალთმაქც ქალებს და ურწმუნოებს ჯოჯოხეთის ცეცხლი, სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან. იგი ეყოფათ მათ. და ალლაჰმა დაწყევლა ისინი, და მათთვისაა გამზადებული მუდმივი სასჯელი!

69. მსგავსად იმათისა, რომელნიც თქვენ უწინ იყვნენ. ისინი ძალითაც გჯობდნენ თქვენ და სიმდიდრითაც და იყვნენ შვილმრავალნიც. ამრიგად, ისინი დატკბნენ თავიანთი წილით. მაშ, თქვენც დატკბით თქვენი წილით, როგორც დატკბნენ თქვენი წინამორბედნი. აი, ისინი, რომელთა საქმენიც ფუჭია ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. და სწორედ, წაგებული არიან ისინი!

70. განა არ მოღწეულა მათთან ამბავი, რომელნიც იყვნენ მათ უწინ: ნუჰის, ადისა და სემუდის ხალხისა [ჰუდისა და სალიჰის ხალხისა], იბრაჰიმის ხალხის, მედიენისა და დაქცეულთა მკვიდრნისა [შუღეიბისა და ლუტის ხალხისა]? განა მათივე შუამავალთ არ მოუტანიათ ცხადი სასწაულები? მაშ, ალლაჰი კი არ მოპყრობია მათ უასამრთლოდ, არამედ თავად მოექცნენ საკუთარ სულებს უსამართლოდ.

71. მორწმუნე კაცები და მორწმუნე ქალები ერთმანეთის დამხმარენი არიან. უბრძანებენ ერთმანეთს სიკეთეს და უკრძალავენ უკეთურობას, აღავლენენ ლოცვას, გაიღებენ ზექათს და ალლაჰსა და მის შუამავალს ჰმორჩილებენ. სწორედ, მათ შეიწყალებს ალლაჰი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!

72. აღუთქვა ალლაჰმა მორწმუნე კაცებსა და მორწმუნე ქალებს სამოთხენი, სადაც ძირს მდინარეები მოედინება და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან; თანაც ედემის ბაღები საუკეთესო ადგილსამყოფელად. და ალლაჰისგან კმაყოფილება ყოვლად აღემატება ამას , სწორედ ეს არის უდიდესი ნეტარება!

73. ჰეი, შუამავალო! შეებრძოლე ურწმუნოებს და პირმოთნეებს (ენითა და ცხადი მტკიცებულებებით), იყავი მკაცრი მათ მიმართ. თავშესაფარი მათი ჯოჯოხეთია. და (იგი) რა საზარელი განსასვენებელია!

74. იფიცებენ ალლაჰზე, რომ არაფერი გვითქვამსო! უეჭველად, წარმოთქვეს ურწმუნოების სიტყვა და შეიქმნენ ურწმუნონი მას მერე, რაც ისლამი მიიღეს. მათ განიზრახეს იმის ჩადენა, რაც ვერ შეძლეს. და ვერ აიტანეს ის, რომ ალლაჰმა და მისმა შუამავალმა ისინი გაამდიდრა თავისი წყალობით. ასე, რომ თუ მოინანიებენ, მათთვისვე იქნება უკეთესი. ხოლო თუ არ შეაქცევენ ზურგს (თვალთმაქცობას), ალლაჰი დასჯის მათ მწარე სასჯელით ამქვეყნად და იმქვეყნად. არ ეყოლებათ მათ ქვეყნად არც მფარველი და არც შემწე!

75. და მათგან, ვინც ალლაჰს აღუთქვა, რომ თუკი ის გვიბოძებს თავისი წყალობიდან, აუცილებლად გავიღებთ მოწყალებას და დიახაც ვიქნებით მართალთაგანიო.
-----
[ეს იყო სეღლებეთ იბნ ჰატიბი, რომელმაც შუამავალს შესთხოვა – ალლაჰს შეევედრე რომ გამამდიდროსო, შუამავალმაც შეევედრა ალლაჰს და ისიც გამდიდრდა, მან კი ლოცვაზე აღარ მივიდა მეჩეთში და არც მოწყალება გაიღო მისგან.]

76. და როცა მათ თავისი წყალობა მოჰმადლა, ძუნწობა დაიწყეს მისადმი და აქციეს ზურგი. სწორედ ისინი არიან სახემიქცეულნი!

77. ამიტომაც ჩათესა მათ გულებში ორპირობა იმ დღემდე, როცა მასთან წარსდგებიან იმის გამო, რომ ალლაჰის წინაშე არ შეასრულეს ის, რაც აღუთქვეს მას, და იმის გამო, რომ ცრუობდნენ.

78. განა არ იციან, რომ ალლაჰი უწყის მათ საიდუმლოს და მათ ფარულ ჩურჩულსაც? რამეთუ, ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის ყოველგვარ დაფარულს.

79. რომელნიც ძრახავენ ნებაყოფლობით წყალობის გამღებ მორწმუნეებს და იმათ, რომელთაც არაფერი აბადიათ, გარდა თავიანთი გულმოდგინებისა და ამის გამო გასცინიან მათ, ალლაჰმა გასცინა მათ. და მათთვისაა მწარე სასჯელი!

80. გინდ ითხოვო მათთვის მიტევება, და გინდ – არ, ან თუნდაც სამოცდაათჯერ ითხოვო მათი მიტევება, არამც და არამც არ მიუტევებს ალლაჰი მათ. ეს იმიტომ, რომ უარყვეს ალლაჰი და მისი შუამავალი. და ალლაჰი არ დაადგენს უკეთურ ხალხს ჭეშმარიტ გზაზე!

81. გაიხარეს ურჩებმა უსაქმოდ ჯდომით (რომლებმაც თებუქის ლაშქრობაში არ წავიდნენ). ალლაჰის შუამავლის ნების წინააღმდეგ, არ ისურვეს, რომ ებრძოლათ თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით ალლაჰის გზაზე, და თქვეს : „ნუ გაილაშქრებთ ასეთ სიცხეში“, უთხარი: „ჯოჯოხეთის ცეცხლი უფრო ცხელია!“ იქნებ, გონს მოვიდნენ!

82. დაე, ცოტა იცინონ და ბევრი იტირონ იმის საზღაურად, რაც მოიხვეჭეს!

83. თუ მოაბრუნებს შენთან ალლაჰი მათგან ერთ ჯგუფს და ითხოვენ შენგან ნებას, რათა გავიდნენ სალაშქროდ, უთხარი: „ვერასდროს გამომყვებით ლაშქრობაში მე და ვერასდროს იბრძოლებთ ჩემთან ერთად მტრის წინააღმდეგ, რადგანაც თქვენ თქვენივე ნებით ირჩიეთ უსაქმოდ სახლში ჯდომა. მაშ, იჯექით უკანმყოფებთან ერთად!“

84. და არასდროს ილოცო მათგან ვინც მოკვდება, და არც მის საფლავზე დადგე, ჭეშმარიტად, უარყვეს მათ ალლაჰი და მისი შუამავალი და მიებარნენ ურჯულოდ ისინი!
-----
[როდესაც საყვარელმა შუამავალმა ლოცვა აღავლინა იბნ უბეის ცხედარზე, ეს აიათი ჩამობრძანდა.]

85. და შენ არ მოგხიბლოს მათმა ქონებამ და შვილებმა მათმა. რადგანაც ალლაჰის ნებაა, რომ დატანჯოს დედამიწაზე ისინი ამით და ამოხადოს მათ სული ურწმუნოებაში!

86. და როცა მოვლენილი იქნა სურა, რომ ერწმუნათ ალლაჰი და ებრძოლათ მისი შუამავლის ერთად, შენ ნებართვა გთხოვეს მათგან შეძლებულებმა, და თქვეს – დაგვტოვე ჩვენ, ვიქნებით უსაქმურად სახლში მსხდომიარებთანო!

87. დაკმაყოფილდნენ სახლში მსხდომიარებთან ერთად ყოფნით და მათი გულები იქნა დალუქული, ამოტომაც ისინი ვერ შეიმეცნებენ.

88. ხოლო შუამავალმა და რომელთაც ირწმუნეს მასთან ერთად, იბრძოლეს თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით. სწორედ მათთვისაა სიკეთენი და სწორედ ისინი არიან გადარჩენილი.

89. ალლაჰმა მათ მოუმზადა სამოთხენი, სადაც ძირს მდინარეები მოედინება და სადაც მარადიულად დაჰყოფენ. სწორედ ესაა უდიდესი გადარჩენა!

90. და მოვიდნენ მომიზეზენი ბედუინთაგან [სოფლად მცხოვრებ არაბთაგან], რათა ნება მისცემოდათ მათ (სახლში დარჩენისა). და დასხდნენ, რომელთაც ალლაჰი და მისი შუამავალი ცრუდ ჩათვალეს. სულ მალე მათ, რომელნიც მათგან ურწმუნონი იყვნენ, დაატყდებათ მწარე სასჯელი!

91. ცოდვად არ ეთვლებათ (სახლში დარჩენა) უძლურებს, არც სნეულებს და არც იმათ, რომელთაც არ მოეპოვებათ გაიღონ რამე, თუკი შეაგონებენ ისინი ალლაჰისა და მისი შუამავლისადმი. არცა კეთილისმქმნელთა წინააღმდეგ არსებობს საყვედური. და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

92. და არც იმათ, რომელნიც შენთან მოვიდნენ და სამგზავრო ცხოველები გთხოვეს, შენ კი უთხარი – თქვენთვის ცხოველები არ მომეძებნებაო. უკან გაბრუნებულებს თვალზე ცრემლი მოედინებოდათ, დამწუხრებულებს იმით, რომ არ ებადათ, რამე გაეღოთ.

93. საყვედურს მხოლოდ ისინი იმსახურებენ, რომელნიც ნებას ითხოვენ შენგან, მიუხედავადი იმისა, რომ მდიდრები არიან. დაკმაყოფილდნენ იმით, რომ ყოფილიყვნენ სახლში დარჩენილებთან ერთად. და ბეჭედი დაასვა ალლაჰმა მათ გულებზე, ამიტომაც ისინი ვერ შეიმეცნებენ!

94. გებოდიშებიან თქვენ, როცა დაბრუნდით მათთან. უთხარი: „ნუ გვებოდიშებით, მაინც არ დაგიჯერებთ თქვენ, უკვე ალლაჰმა გვაუწყა ჩვენ თქვენი ამბავი“ – და შეაფასებს ალლაჰი და მისი შუამავალი, მერე მოიქცევით თქვენ უხილავისა და ხილულის მცოდნესთან და იგი გაუწყებს თქვენ, რასაც სჩადიოდით.

95. დაიფიცებენ ისინი ალლაჰს თქვენს წინაშე, როცა მათთან დაბრუნდებით, რათა ანებოთ თავი. მაშ, ანებეთ თავი მათ, უეჭველად, ისინი მურდალნი არიან და ჯოჯოხეთია მათი თავშესაფარი, საზღაურად იმისა, რაც მოიხვეჭეს!

96. გეფიცებიან თქვენ, რათა კმაყოფილნი იყოთ მათგან. და რომც კმაყოფილი იყოთ მათგან, ჭეშმარიტად, ალლაჰი არ იქნება კმაყოფილი გზააცდენილი ხალხისგან!

97. ბედუინები უფრო ანჩხლები არიან ურჯულოებასა და თვალთმაქცობაში და მარჯვე იმაში, რომ არ შეიცნონ ის, რაც ალლაჰმა გარდმოავლინა თავის შუამავალზე. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

98. და ბედუინთა შორის არიან ისეთნიც, რომელნიც რასაც გაიღებენ (ალლაჰის გზაზე), ბეგარად თვლიან, და ელოდებიან როდის გიმუხთლებს ბედი. დაე, მათზე იყოს ბედის სიმუხთლე! და ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!

99. და ბედუინთა შორის არიან ისეთნიც, რომელთაც სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, და სჯერათ, რომ რასაც გაიღებენ, ალლაჰთან დააახლოებს და მისი შუამავლის ვედრებებს მოახვეჭინებს. უეჭველად, ის სიახლოვის საწინდარია მათთვის. მალე ალლაჰი შეიყვანს მათ თავისივე წყალობაში. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

100. კეთილწარმატებულნი უპირველესნი მუჰაჯირთაგან და ენსართაგან და რომელნიც მიჰყვნენ მათ სიკეთით, ალლაჰი კმაყოფილია მათგან და ისინი კმაყოფილი არიან მისგან. და მოუმზადა მათ სამოთხენი, სადაც ძირს მდინარეები მოედინება და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან. სწორედ ესაა უდიდესი წარმატება.

101. ბედუინებს შორის, რომლებიც თქვენს ირგვლივ ცხოვრობენ, ასევე მედინის მცხოვრებთა შორის, არიან ორპირნი, რომელთაც თვალთმაქცობა ადათად დაიდგინეს. შენ არ იცნობ მათ, ჩვენ ვიცნობთ მათ და მალე დავტანჯავთ ორჯერ [ამქვეყნად განადგურებით და იმქვეყნად საფლავის სასჯელით]. მერე კი მოსროლილი იქნებიან მრისხანე ტანჯვაში!

102. და სხვები, რომელთაც აღიარეს თავიანთი ცოდვები, ერთმანეთში აღრიეს კეთილი და ავი საქმეები. იქნებ, ალლაჰისგან შენდობილი იქმნენ. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

103. აიღე მათი ქონებიდან მოწყალება, რომ მისით გაასუფთაო და განწმინდო ისინი. და შეევედრე მათთვის, ჭეშმარიტად, შენი ვედრება სიმშვიდეა მათთვის. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ბრძენია!

104. ნუთუ არ უწყიან ისინი, ჭეშმარიტად, ალლაჰი შეიწყნარებს მონანიებას თავის მსახურთაგან და მიიღებს მათგან მოწყალებას? ჭეშმარიტად, ალლაჰი შემწყნარებელია, მწყალობელია!

105. და უთხარი: „იღვაწეთ და დაინახავს ალლაჰი თქვენს ნამოქმედარს, და მისი შუამავალი და მორწმუნეებიც. და მიიქცევით თქვენ უხილავისა და ხილულის მცოდნესთან. მაშინ გამცნობთ იგი, რასაც სჩადიოდით.“

106. და სხვები (რომლებიც ომში არ წავიდნენ და სახლში დარჩნენ), რომელთაც ალლაჰის ბრძანებამდე გადაუვადდათ, ან დასჯის მათ და ან შეუნდობს. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

107. და (12 თვალთმაქცი), რომელთაც დაიდგინეს სამლოცველო ზიანის მისაყენებლად და ურწმუნოების გასამყარებლად, და განხეთქილების შესატანად მორწმუნეებს შორის და საგუშაგოდ, ვინც იმთავიდანვე ბრძოლა გამოუცხადა ალლაჰსა და მის შუამავალს, უეჭველად, დაიფიცებენ: „არაფერი გვინდოდა, გარდა სიკეთისა!“ თუმცაღა ალლაჰი მოწმობს, რომ ისინი ნამდვილად ცრუნი არიან.
-----
[აქ ყუბა მეჩეთის სამლოცველოზეა საუბარი, რომელიც ააგეს ები ღამირ რაჰიბის ბრძანებით, რომლის ჩანაფიქრი იყო ალლაჰის შუამავლის ამ სამლოცველოში შეტყუება და მისი მოკვლა]

108. და არ დადგე სალოცავად მასში არასდროს [შუამავალმა წარგზავნა ხალხი და დაანგრევინა ის მეჩეთი). უეჭველად მეჩეთი, რომელიც დაფუძნდა პირველი დღიდან ღვთისმოშიშობაზე, უფრო ღირსია, რომ დადგე მასში. იქ არიან კაცნი (ენსარნი), რომლებსაც უყვართ, რომ განიწმინდონ. და ალლაჰს უყვარს განწმენდილნი.

109. განა, ვინ უფრო უკეთესია, ვინც საძირკველი ჩაუყარა მას, ალლაჰისადმი მოკრძალებითა და მისადმი კმაყოფილებით, თუ ვინც საძირკველი ჩაუყარა მას ჩაქცევის პირას მყოფ უფსკრულის კიდეზე, და მასთან ერთად ჯოჯოხეთის ცეცხლში გადაიჩეხება? უეჭველად, ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე არ დაადგენს უსამართლო ხალხს!
-----
[აქ არის შედარებული ორი მეჩეთი – ყუბა და დარირი.]

110. შენობა, რომელიც მათ ააგეს, ეჭვს დათესავს მათ გულებში მანამ, სანამ მათი გულები არ დაიფლითება. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

111. უეჭველად, ალლაჰმა იყიდა მორწმუნეებისგან მათი სულნი და ქონება მათთვის სამოთხის სანაცვლოდ. ისინი იბრძვიან ალლაჰის გზაზე, ხოცავენ და იხოცებიან. ეს თევრათში, ინჯილში და ყურანში არსებული ჭეშმარიტი აღთქმაა. და ვინ ასრულებს აღთქმას ალლაჰზე უკეთ? მაშ, გიხაროდეთ თქვენი ვაჭრობა, რომელიც დადეთ მასთან. და სწორედ ეს არის უდიდესი წარმატება.

112. მაშ, ახარე (სამოთხე) მორწმუნეებს! რომელნიც ინანიებენ (წარმართობას და თვალთმაქცობას), თაყვანს სცემენ ალლაჰს, ადიდებენ, მარხულობენ, ქედს იხრიან, სეჯდეს აღასრულებენ, სიკეთეს მოუწოდებენ და ავს კრძალავენ, და ალლაჰის მიერ დადგენილს არ გადადიან – ახარე მათ!

113. და არ არის შუამავლისთვის და მათთვის, რომელთაც ირწმუნეს, რომ შენდობა ითხოვონ წარმართთათვის, თუნდაც ახლო ნათესავები იყვნენ, მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა მათთვის, რომ ჯოჯოხეთის მკვიდრნი არიან ისინი.
-----
[ეს აიათი მოვლენილ იქნა მაშინ, როცა შუამავალმა თავისი ბიძის, ებუ თალიბისთვის შენდობა ითხოვა.]

114. და არ იყო შეწყნარების თხოვნა იბრაჰიმის მიერ თავისი მამისათვის, გარდა აღთქმის აღსრულებისა, რომელიც მან აღუთქვა. მაგრამ, როცა მისთვის ცხადი გახდა, რომ იგი ალლაჰის მტერია, განუდგა მას. ჭეშმარიტად, იბრაჰიმი თანამგრძნობი და მომთმენი იყო.

115. და არ არის, რომ ალლაჰმა ააცდინოს ხალხი ჭეშმარიტ გზას (ისლამს) მასზე დადგენის შემდეგ, სანამ არ განუმარტავს მათ, როგორი მოკრძალებულნი უნდა იყვნენ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!

116. ჭეშმარიტად, ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნისა. აცოცხლებს და აკვდინებს. და არ არის თქვენთვის, გარდა ალლაჰისა, არც მფარველი და არც შემწე!

117. ჭეშმარიტად, ალლაჰმა მიუტევა შუამავალს, მუჰაჯირებსა და ენსართ, რომლებიც მას გაჰყვნენ მძიმე ჟამს, მას მერე, რაც ზოგიერთი იმათგანის გულნი კინაღამ სცდუნდა. შემდეგ შეუნდო მათ. ჭეშმარიტად, იგი მათდამი მოწყალეა, მწყალობელია.

118. და იმ სამსაც, რომლებსაც გადავადებული ჰქონდათ იმ დრომდე, ვიდრე მათ დედამიწა არ ევიწროვათ, თუმც ვრცელი იყო იგი. და თავიანთი სულნიც შეეხუთათ და მიხვდნენ, რომ არ არსებობს თავშესაფარი, გარდა ალლაჰთან არსებულისა. მერე შეუნდო, რათა მოენანიებინათ მათ. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელია!

119. ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰის და იყავით მართალთა გვერდით!

120. არ შეეფერებოდათ მედინას მკვიდრთ და მის გარშემო მცხოვრებ ბედუინებს ალლაჰის შუამავლის უკან დარჩენა და საკუთარი სულის მის სიცოცხლეზე მაღლა დაყენება, რადგანაც მათ არ სწვევიათ წყურვილი და არც დაღლილობა და არც შიმშილობა ალლაჰის გზაზე. და ყოველი ნაბიჯი, რომელიც ურწმუნოთა რისხვას იწვევდა, და ყოველი მარცხი, მიყენებული მტრისთვის, ჭეშმარიტად, კეთილ საქმედ მიეწერებოდათ. ჭეშმარიტად, ალლაჰი არ დაუკარგავს საზღაურს კეთილისმქმნელებს

121. მცირედის თუ დიდის, რასაც გაიღებენ სამოწყალოდ, და არ გადალახავენ ხეობას ისე, არ დაიწეროს მათთვის, რომ ალლაჰმა მიუზღო მათ უფრო უკეთესით, რასაც სჩადიოდნენ.

122. არ არის საჭირო, რომ მორწმუნეები ყველა ერთად გავიდნენ სალაშქროდ. ამრიგად, არ წავიდეს სალაშქროდ თითოეული ტომიდან მცირე ნაწილი, რათა მათ კარგად შეისწავლონ სჯული და შეაგონონ თავიანთი ხალხი, როცა ისინი უკან დაბრუნდებიან! ეგებ მოკრძალებული იყვნენ ისინი!

123. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ებრძოლეთ, რომელნიც თქვენს სიახლოვეს არიან ურწმუნოთაგან, რათა დარწმუნდნენ ისინი თქვენს სიმტკიცეში, და იცოდეთ, ჭეშმარიტად, ალლაჰი ღვთისმოშიშებთანაა.

124. და როცა რამ სურა გარდმოევლინება, მაშინ მათგან (თვალთმაქცთაგან) ირონიულად ეუბნებიან (მუსლიმებს): „რომელ თქვენგანს განუმტკიცა მან რწმენა?“ – მაგრამ რომელთაც ირწმუნეს, განუმტკიცებს მათ რწმენას. და ისინი ხარობენ.

125. ხოლო, რომელთაც სენი უზით გულებში, ეჭვზე ეჭვს შეჰმატებს მათ. და ისინი ურწმუნოებად აღესრულებიან.

126. ნუთუ ვერ ხედავენ, რომ ყოველ წელს გამოიცდებიან ერთხელ ან ორჯერ? მაგრამ ისინი არ ინანიებენ და არც შეიგონებენ.

127. და, როცა რამ სურა გარდმოევლინება, ერთმანეთს გადახედავენ – გვხედავს კი ვინმეო? მერე კი შეტრიალდებიან (ურწმუნოებისკენ). ალლაჰი მათ გულებს შეატრიალებს (ჭეშმარიტებისგან), რადგანაც ისინი უგუნური ხალხი არიან.

128. ვფიცავ, თქვენთან მოვიდა შუამავალი თქვენივე წიაღიდან [თქვენივე წრიდან]. მძიმეა მისთვის, რომ თქვენ განსაცდელში ხართ. გული შესტკივა თქვენზე. სიკეთით სავსე, მიმტევებელი და მწყალობელია მორწმუნეებისადმი!

129. ამის შემდგომ თუ ისინი პირს იბრუნებენ (და არ გირწმუნებენ), უთხარი: „ჩემთვის ალლაჰი კმარა! არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. მხოლოდ მას ვსასოებ, რამეთუ იგია მეუფე დიადი ტახტრევანისა!“