Страницы

სურა 15 „ჰიჯრ“

მექური, 99 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1. ელიფ. ლამ. რა. ესენია აიათები წიგნისა და ცხადი ყურანისა.

2. რათა კვლავ და კვლავ ინდომონ, რომელთაც უარყვეს, ნეტა მუსლიმნი ვყოფილიყავითო!

3. თავი ანებე მაგათ. მიირთვან და დასტკბენ (სიამეებით ამასოფლისა) და შეექცნენ იმედს. სულ მალე შეიტყობენ!

4. და არ დაგვიღუპავს არც ერთი სოფელი, რომ არ ყოფილიყო მასთან ცხადი წიგნი.

5. ვერც ერთი ერი ვერ დააჩქარებს მისთვის დანიშნულ დროს და ვერც გადაავადებს მას!

6. და უთხრეს (მექას ურწმუნოებმა, მუჰამმედ შუამავალს): ,,ჰეი შენ, რომელსაც ზეგარდმოგევლინა შეგონება (ყურანი)! უსათუოდ შეშლილი ხარ!

7. ნუთუ არ იყო საჭირო ჩვენთან ანგელოზები მოგეყვანა, თუკი ხარ სიმართლისმთქმელი?

8. ჩვენ არ გარდმოვავლენთ ანგელოზებს, თუ არა ჭეშმარიტებით და მაშინ მათ არ გადაუვადდებათ.

9. ჭეშმარიტად, ჩვენ გარდმოვავლინეთ შეხსენება (ყურანი) და სწორედ ჩვენ ვართ დამცველნი მისი.
-----
[წმინდა ყურანის რამენაირი ფორმით შეცვლა წარმოუდგენელია. იგი უზენაესი ალლაჰის მფარველობის ქვეშაა.]

10. და ვფიცავ! წარვგზავნეთ (შუამავალნი) ჩვენ შენამდეც წინა ერებთან.

11. და არ მოსულა მათთან არც ერთი შუამავალი, რომ მათ არ დაეცინათ მისთვის.

12. აი, ასე ჩავუგდებთ მას (გაცინვას) ცოდვილთა გულებში.

13. არ ირწმუნებენ მას (მუჰამმედ შუამავალს), არადა უკვე განვლო უწინდელთა მაგალითმა.

14. და რომც გაგვეხსნა მათ ზემოთ კარიბჭე ცისა და იქიდან რომ ამაღლებულიყვნენ, მაინც

15. უთუოდ, იტყოდნენ: „მხოლოდ მზერა დაგვიბინდეს, და ჩვენ, დიახაც, მოჯადოებული ხალხი ვართ!“

16. და ვფიცავ, ორბიტები დავადგინეთ ზეცაში და ჩვენ შევამკეთ იგი შემხედვართათვის!

17. და ჩვენ დავიცავით იგი, ყოველი ჩაქოლილი ეშმაკისგან!

18. თუმცა ვინც შეპარვით მიაყურადებს, მაშინ დაედევნება მას ცეცხლის მასა ხილული!

19. და ჩვენ განვავრცეთ იგი დედამიწა, დავდეთ მასზე ურყევი მთები, და აღმოვაცენეთ მასზე ყოველივე თანაზომიერად!

20. და ჩვენ დავადგინეთ იქ საარსებო თქვენთვის და იმისთვის, ვისაც თქვენ არ კვებავთ!

21. არაფერი არსებობს, რომ არ იყოს ჩვენთან მისი საცავნი, და არ გარდმოვავლენთ მას, თუ არა განსაზღვრული რაოდენობით.

22. და ჩვენ წარმოვგზავნეთ ქარები დატვირთული (საწვიმარი ღრუბლებით). ამგვარად ზეციდან ზეგარდმოვავლინეთ წყალი და ჩვენ დაგარწყულეთ ამით, და ვერ შეძლებთ მის საცავეებში დაგუბებას!
-----
[თუკი ყურადღებას მივაქცევთ, პირველად, წვიმის წარმოსაქმნელად ქარია საჭირო. თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, წვიმისა და ქარის ასეთნაირი ურთიერთობა არავინ იცოდა. მეტეოროლოგების მტკიცებით, ქარს ძალიან დიდი როლი აქვს წვიმის წამოსვლასთან. ეს კავშირი ძირითადში ოკეანეებიდან დაიწყება, სადაც უთვალავი პატარა ბუშტუკები წარმოიქმნება, წარმოქმნის შემდეგ ეს ბუშტუკები ერთმანეთს შეეჯახება და პატარ-პატარა წყლის ნამცეცებად გადაიქცევა, შემდეგ ისინი ჰაერში აფრინდებიან ქარის საშუალებით. “აეროსოლის” სახელობის პატარა ბუშტუკები, ქარის საშუალებით ატმოსფეროს ყველაზე მაღალ შრეში აღწევს, ეს პატარა წყლის ნამცეცები ატმოსფეროს წრეში შეიკრიბებიან და პატარა წვიმის წვეთებად გადაიქცევიან. პატარა ბუშტუკები პირველად ღრუბელს წარმოშვებენ, შემდეგ კი წვიმად გადაიქცევიან; როგორც ვხედავთ, ქარის საშუალებით წყლის პატარა ნამცეცები ატმოსფეროში აღწევს და შემდეგ კი ღრუბლები წარმოიქმნება. ყურანში კიდევ სხვა გადმოცემული ინფორმაციით წვიმა განსაზღვრული ზომიერებით ჩამოდის დედამიწაზე:
"და იგია, რომელმაც გარდმოავლინა ზეციდან წყალი ზომიერად" (სურა 43:11).
ერთი წამის განმავლობაში 16 მილიონი ტონა წყალი ორთქლდება და ამდენივე რაოდენობით დედამიწას უბრუნდება, ეს წყალი განსაზღვრულ თანასწორობაშია მოქცეული, დედამიწის ზედაპირზე სიცოცხლე ამ წვიმის საშუალებით ხორციელდება. ადამიანს ყველაზე განვითარებული ტექნოლოგია რომ ჰქონდეს, ამ თანასწორობას მაინც ვერ დაიცავს, ამ საქმიანობაში მცირე შეცდომაც რომ იქნას დაშვებული, მოხდება ეკოლოგიური დარღვევა და ამით დაზიანდება ბუნებაც და ადამიანებიც, რაც მთავარია სიცოცხლის დასასრულიც მოვა. ეს უზენაესის ძალის ქვეშ არანაირ ცვლილებას არ განიცდის, და როგორც ყურანშია ცნობილი, წყლის ბრუნვის ბალანსი არ ირღვევა: ორთქლდება წყალი, წვიმს წვიმა და ხარობს სიცოცხლეც.]

23. დიახ, ეს ჩვენ ვაძლევთ სიცოცხლეს და ჩვენ ვაკვდინებთ, და ბოლოს ყველაფერი ჩვენ დაგრვჩება!

24. და ვფიცავ, ჩვენ ვიცით ისინი, რომელნიც თქვენ უწინ იყვნენ. და ვფიცავ, ჩვენ ვიცით ისინი, რომელნიც იქნებიან შემდგომ!

25. და ეჭვგარეშეა, რომ, იგი, ღმერთი შენი შეკრებს მათ. ჭეშმარიტად, იგი ბრძენია, ყოვლისმცოდნეა!

26. და ვფიცავ, ჩვენ ადამიანი გავაჩინეთ მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან!

27. და ჩვენ ჯინები გავაჩინეთ მანამდე (ადამის გაჩენამდე) უკვამლო ცეცხლისგან!

28. და აკი, უთხრა შენმა ღმერთმა ანგელოზებს: მე უნდა გავაჩინო ადამიანი მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან!

29. და როცა მივცემ სახეს და შთავბერავ მას ჩემი სულიდან, მაშინვე მუხლმოყრილნი განერთხეთ მის წინაშე თაყვანისცემით!

30. ამგვარად, ერთიანად ყველა ანგელოზმა სეჯდე აღასრულა.

31. გარდა იბლისისა [ეშმაკების მამა], უარი თქვა, რომ ყოფილიყო თაყვანისმცემლებთან ერთად.

32. უთხრა (უზენაესმა ალლაჰმა): „ჰეი, იბლის! რა გემართება შენ, რომ არ იქმენი თაყვანისმცემლებთან ერთად?“

33. მიუგო „მე ვერ აღვასრულებ სეჯდეს ადამიანის წინაშე, რომელიც შენ მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან გააჩინე.“

34. უთხრა (ალლაჰმა): თუკი ასეა, ახლავე გადი აქედან! ჭეშმარიტად, შენ ამიერიდან განდევნილი ხარ!

35. წყევლა შენდამი ანგარიშსწორების დღემდეა!

36. უთხრა: „ღმერთო ჩემო, მაშ, დრო გადამიწიე აღდგენის დღემდე!“

37. უთხრა: ჭეშმარიტად, დროგადაწეულთაგანი ხარ,

38. იმ დღემდე, რომლის ვადაც დადგენილია!

39. უთხრა: ღმერთო ჩემო! იმისთვის რომ მაცდუნე, უთუოდ შევალამაზებ მათთვის დედამიწას და უთუოდ ვაცდუნებ ერთიანად,

40. გარდა შენი მსახურნისა, რომელნიც გულწრფელნი არიან მათგან.

41. უთხრა (ალლაჰმა): ესაა გზა, ჭეშმარიტად, მომართული ჩემკენ.

42. შენ არ შეგწევს მეუფება ჩემს მსახურებზე, გარდა ზღვარგადასულნისა, ვინც გამოგყვება შენ!

43. ჭეშმარიტად, ჯოჯოხეთი აღთქმული ადგილია ყოველივე მათგანისთვის.

44. მას აქვს შვიდი კარი. და თითოეული კარისთვის მათგან განსაზღვრული ჯგუფია.

45. ღვთისმოშიშნი კი, ჭეშმარიტად, ბაღებში და წყაროებში იქნებიან.

46. შედით იქ მშვიდობით, უსაფრთხოებაში!

47. და ჩვენ ამოვხადეთ მათ გულებიდან, რაც რამ სიძულვილი ჰქონდათ და როგორც ძმანი, ერთმანეთის პირისპირ წამოწვებიან სარეცელებზე.

48. არ იგრძნობენ ისინი იქ დაღლას და არ იქნებიან იქიდან გამოძევებულნი!

49. ამცნე ჩემს მსახურთ (ჰეი, მუჰამმედ), ჭეშმარიტად, მე ვარ შემნდობი, მწყალობელი!

50. და რომ ჩემი სასჯელი (ურჩთათვის) მწარე სასჯელია!

51. და აცნობე მათ იბრაჰიმის სტუმართა შესახებ.

52. როცა წარუდგნენ მას, უთხრეს: „მშიდობა შენდა!“ უთხრა: „ჩვენ გვეშინია თქვენგან!“
-----
[აბრაამმა და მისმა ცოლმა სარამ, როცა სუფრა გაუშალეს, მაგრამ მათ არ მიირთვეს არაფერი, რადგან ისინი ანგელოზები იყვნენ – ამიტომ შეეშინდათ მათ.]

53. მიუგეს: „ნუ გეშინიათ! ჩვენ გახარებთ გონიერ ძეს.“

54. უთხრა: „ნუთუ თქვენ მახარებთ მე მაშინ, როცა სიბერე მეწია? მაშ, რას მახარებთ თქვენ?“

55. მიუგეს: „შენ გახარეთ ჭეშმარიტებით და ნუ იქნები იმედგადაწურულთაგანი!“

56. უთხრა: „და ვინ დაკარგავს თავისი ღმერთის წყალობის იმედს, თუ არა გზააბნეულნი.“

57. უთხრა: „(გარდა ამისა, სხვა) რა გაქვთ დავალებულნი, ჰეი, შუამავალნო (ანგელოზებო)?“

58. მიუგეს: ჩვენ ცოდვილ ხალხთან ვართ წარმოგზავნილნი.

59. გარდა ლუტის ოჯახისა, მათ გადავარჩენთ ერთიანად,

60. გარდა მისი ცოლისა. ჩვენ განვსაჯეთ, რომ იგი ჩამორჩენილთაგანია.

61. მაშინ, როცა წარმოგზავნილები მივიდნენ ლუტის ოჯახთან,

62. უთხრა მან: „თქვენ უცნობი ხალხი ხართო.“

63. მიუგეს: დიახაც ჩვენ მოგიტანეთ შენ იგი, რაშიც მათ ეჭვი ეპარებოდათ.

64. და ჩვენ მოგიტანეთ შენ ჭეშმარიტება, და ჩვენ ვართ სიმართლის მთქმელნი.

65. დაუგვიანებლად გზას დააყენე ოჯახი შენი ღამეში და უკან გაჰყევი შენც. და არ მოიხედოთ უკან თქვენგან არც ერთმა. და წადით იქით (დამასკოში), საითაც ნაბრძანები გაქვთ!

66. და ჩვენ ვაცნობეთ მას აი ეს ბრძანება, რომ გათენებამდე მაგათი ფესვი ამოძირკვული იქნება!

67. და მოვიდნენ ქალაქის მკვიდრნი (სოდომელები) გახარებულნი.

68. უთხრა (ლუტმა): ესენი ჩემი სტუმრები არიან და ნუ შემარცხვენთ!

69. გეშინოდეთ ალლაჰისა და ნუ დამამცირებთ მე!

70. მიუგეს: „განა, არ აგიკრძალეთ შენ სხვის საქმეში ჩარევა?“

71. უთხრა: „აი ესენი, ჩემი ქალიშვილები, თუკი გამკეთებელნი ხართ (იქორწინეთ მათზე და ვნება დაიოკეთ ქალებით და არა კაცებით).“

72. შენს სიცოცხლეს ვფიცავ (ო, მუჰამმედ), ისინი სიმთვრალეში დაძრწოდნენ!

73. ამგვარად, მზის ამოსვლისას საშინელმა ხმამ (ჯებრაილისმა) შეიპყრო ისინი.

74. ამგვარად, პირქვე დავამხეთ მათი ქალაქი და ვაწვიმეთ მათზე ქვები გამომწვარი თიხისა.

75. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია იმათთვის, ვისაც დანახვა და შესმენა შეუძლია!

76. და ახლა იგი [სოდომ-გომორი] გზაგასაყარზეა [მექადან მიმავალ სირიის გზაზე].

77. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულია მორწმუნეთათვის!

78. ეიქეს მკვიდრნიც (შუამავალ შუღეიბის ხალხი), დიახაც, უსამართლონი იყვნენ.

79. ამიტომაც ვაწიეთ მათ დამსახურებული სასჯელი. ხოლო ის ორივე [სოდომ-გომორი და ეიქე] აშკარა გზამკვლევარია!

80. ვფიცავ, რომ ჰიჯრის მკვიდრთაც ცრუდ შერაცხეს შუამავალნი!
-----
[ალ-ჰიჯრი — ხეობა მედინასა და სირიას შორის, სადაც იყვნენ სემუდელები.]

81. და მათ ჩვენ ვუბოძეთ ჩვენი სასწაულნი, მაგრამ მათ მისგან სახე იბრუნეს.

82. და კვეთავდნენ მთებში უსაფრთხო სახლებს.

83. ამგვარად, შეიპყრო ეგენი განთიადისას საშინელმა ხმამ.

84. თუმცაღა მაგათ არ გამოადგათ, რასაც იხვეჭდნენ.
-----
[არ გამოადგათ თავიანთი სახლ-კარი, რომლებსაც აგებდნენ კლდეებში და მთებში და არც მათმა შვილებმა და არც მათმა ქონებამ.]

85. და არ გაგვიჩენია ჩვენ ცანი და დედამიწა და რაც მათ შორისაა, თუ არა ჭეშმარიტებისთვის. და აჰა, ის საათი (ჟამი) უთუოდ დადგება. მაშ, შენ (მუჰამმედ შენს ხალხს) სიკეთით, ლმობიერებით მოეპყარი!

86. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი გამჩენია, ყოვლისმცოდნეა!

87. და ვფიცავ, შენ გიბოძეთ „შვიდი განმეორებადი“ [სურა „ფათიჰა“] და დიდებული ყურანი!

88. და არ დაადგა თვალნი შენი რა სიკეთეც ვუბოძეთ მათ წყვილწყვილად. და არ იდარდო მათზე (თუ არ ირწმუნებენ). და გადააფარე შენი ფრთები მორწმუნეებს!

89. და თქვი: „ჭეშმარიტად, მე ვარ ცხადი შემგონებელი!“

90. როგორც ჩვენ მოვავლინეთ (სასჯელი) გამნაწილებლებსა (იუდეველებსა და ქრისტიანებსა) ზედა,

91. რომელთაც ყურანის ნაწილი ირწმუნეს და ნაწილი უარყვეს.

92. ვფიცავ შენს ღმერთს, უთუოდ ყველას მოვკითხავთ

93. იმისთვის, რაც ჩაუდენიათ!

94. ამცნე, რაც გებრძანა და პირი იბრუნე წარმართებისგან!

95. ჭეშმარიტად, ჩვენ შენდამი გამქილიკებელთ ჭკუას ვასწავლით!

96. რომელთაც დაიდგინეს ალლაჰის ერთად სხვა ღვთაება, სულ მალე შეიტყობენ!...

97. და ვფიცავ, ვიცით, რომ შენ გული გეკუმშება იმის გამო, რასაც ისინი ამბობენ.

98. მაშ, ადიდე ღმერთი შენი და იყავ სეჯდეს შემსრულებელთაგანი!

99. თაყვანი ეცი შენს ღმერთს, ვიდრე არ აღესრულები!