Страницы

სურა 81 „თექვირ“

„თექვირ“ — წყვდიადში გახვევა;  მექური, 29 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1 როცა მზეს შემოეხვევა წყვდიადი,

2 და როცა ჩამოცვივდება ვარსკვლავები,

3 და როცა მთები დაიძრებიან,

4 და როცა დასავსებულ აქლემებზე (ყველაზე ძვირფას ფასეულობებზე) ხელს აიღებენ,

5 და როცა ცხოველები (ყველა სულიერნი) შეიკრიბებიან,
-----
[ანგარიშსწორების დღეს მხეცებიც აღსდგებიან, მათ ერთმანეთის მიმართ ამქვეყანაზე ჩადენილის გამო მიეზღვებათ იგივეთი, შემდეგ კი ერთბაშად დაიხოცებიან.
ასევე ამ აიათიდან ნათლად ჩანს, რომ ცხოველებსაც კი არ ეპატიება, ყველა სამაგიეროს მიიღებს და რა თქმა უნდა, ადამიანიც. აუცილებლად ყველას მიეზღვება ავი საქმეებისთვის, ხოლო დაჯილდოვდება კეთილი საქმეებისთვის.]

6 და როცა ზღვებს ალი მოედება,

7 და როცა სულები შეერწყმიან (სხეულებს),

8 და როცა ცოცხლად დამარხულ გოგოს ჰკითხავენ:

9 თუ რომელი ცოდვისთვის მოიკლა?

10 და როცა გვერდები (პირადი საქმეები) გადაიშლება,

11 და როცა ზეცას სახურავი გაეცლება,

12 და როცა ჯოჯოხეთი აგიზგიზდება,

13 და როცა სამოთხე მოახლოვდება,

14 მაშინ გაიგებს ყოველი სული, თუ რა მოუმზადა საკუთარ თავს!

15 შეხედეთ, ღამით მანათობელ და დღისით განაბულ ვარსკვლავებს,

16 ჰორიზონტზე რომ ჩნდებიან და კვლავ ქრებიან!

17 ვფიცავ ღამეს, როცა ბნელდება,

18 და დილას, როცა თენდება!

19 ჭეშმარიტად, იგია (წმინდა ყურანი) ძვირფასი შუამავალის (მთავარანგელოზ ჯებრაილის) გადმოცემული სიტყვა,

20 (შუამავალს – მთავარანგელოზ ჯებრაილს) ძალა აქვს მინიჭებული ტახტის მეუფის მხრიდან და ღირსეულია მის (ალლაჰის) წინაშე,

21 მორჩილი და სანდო!

22 და მეგობარი (შუამავალი მუჰამმედი) თქვენი არ არის შეშლილი!

23 ჭეშმარიტად, მან გარკვევით იხილა იგი (ჯებრაილი) ცის კაბადონზე!

24 და იგი არაა, რომ დაფაროს თქვენგან რაც ზეშთაეგონა!

25 და ეს არ არის სიტყვა ჩაქოლილი ეშმაკისა!

26 მაშ, საითკენ მიეშურებით?

27 ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის,

28 იმათთვის, ვისაც სურს თქვენგან, რომ დაადგეს ჭეშმარიტებას!

29 და ვერაფერს ისურვებთ, თუ არაა ნება ალლაჰისა, სამყაროთა ღმერთისა!