Страницы

სურა 62 „ჯუმა“

„ჯუმა“ — შეკრება, პარასკევი;  მედინური, 11 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1. განადიდებენ ალლაჰს რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, ხელმწიფეს, სპეტაკს, ძლევამოსილსა და ბრძენს!

2. იგია, რომელმაც მოავლინა უწიგნურ - წერა-კითხვის უცოდინართა შორის შუამავალი მათივე წიაღიდან, რომელიც უკითხავს მათ (ალლაჰის) აიათებს, განწმენდს მათ, ასწავლის წიგნსა და სიბრძნეს, თუმცა მანამდე იყვნენ ისინი ცხად გზააბნევაში.

3. და მათგან სხვებსაც, რომელთაც ჯერ არ მიწვდენიათ, რამეთუ იგი ძლევამოსილია, ბრძენია.

4. ესაა მადლი ალლაჰისა. უბოძებს, ინებებს ვისაც. რამეთუ ალლაჰი უდიდესი წყალობის მფლობელია!

5. იგავი იმათი, რომელთაც ეტვირთათ თევრათი, მერე არ შეითვისეს იგი, სახედრის იგავის დარია, რომელიც ზიდავს წიგნთა კრებულს. რაოდენ ცუდი მაგალითია ხალხისა, რომელთაც ცრუდ შერაცხეს (გააყალბეს) ალლაჰის აიათები, რამეთუ ალლაჰი არ უწინამძღვრებს უსამართლო ხალხს!

6. უთხარი: „ჰეი თქვენ, რომელნიც ხართ იუდეველნი! თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ალლაჰის მეგობრები მხოლოდ და მხოლოდ თქვენ ხართ და გამორიცხავთ აქედან სხვებს, მაშინ სიკვდილი ისურვეთ, თუ მართალნი ხართ!“

7. და არ ინატრებენ მას (სიკვდილს) იმის გამო, რაც უქმნიათ მათ ხელებს. ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის ცოდვილთ!

8. უთხარი: სიკვდილი, რომელსაც გაურბიხართ, ჭეშმარიტად, მოგეწევათ, მერე მოიქცევით თქვენ უხილავისა და ხილულის მცოდნესთან. მაშინ გაცნობებს თქვენ იგი, რასაც სჩადიოდით.

9. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა მოგიხმობენ ლოცვისთვის პარასკევ დღეს, მაშინვე ისწრაფეთ ალლაჰის ხსენებისკენ და შეწყვიტეთ ვაჭრობა. ეს თქვენთვისვეა უკეთესი, რომ იცოდეთ თქვენ!

10. ხოლო როცა დასრულდება ლოცვა, მიმოიფანტეთ დედამიწაზე, ეძიეთ ალლაჰის მადლისგან და მრავალჯერ ახსენეთ ალლაჰი, ეგების გადარჩეთ!

11. ხოლო როცა დაინახეს ვაჭრობა და გართობა, უმალ გაქანდნენ მისკენ და მიგატოვეს შენ ფეხზე მდგომი. უთხარი: „რაცაა ალლაჰის წიაღ უკეთესია გართობასა და ვაჭრობაზე, რამეთუ ალლაჰი საუკეთესო სარჩოს მომმადლებელია!“